ფოტოგრაფია საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფოტოგრაფია საქართველოში — ფოტოგრაფიის განვითარების ისტორია საქართველოში, ქართული კერების კვლევის ისტორია სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაგეროტიპია საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ ფოტოგრაფიის გარიჟრაჟზე დიდი ფრანგი მეცნიერი, ფიზიკოსი და ასტრონომი არაგო 1839 წლის 17 იანვარს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში მოხსენებას კითხულობს ლუი ჟაკ დაგერისა და ჟოზეფ ნისეფორ ნიეფსის აღმოჩენის — დაგეროტიპის შესახებ და მეცნიერთა ყურადღებას ერთ საკითხზე ამახვილებს: „ფოტოგრაფია ცნობილი რომ ყოფილიყო ჯერ კიდევ 1798 წელს, შემოგვინახავდა დღესდღეისობით უკვე გამქრალ ისტორიულ ძეგლებს, იმ იეროგლიფებს, რომლებითაც დაფარული იყო მონუმენტების გარეთა ხედები თებეში, მემფისსა და კარნაკში. ამ უზარმაზარ სამუშაოს ერთი ადამიანი დაგეროტიპის დახმარებით ერთ დღეში დაამთავრებდა. მიეცით ინსტიტუტს ორი-სამი დაგერის აპარატი და თქვენ მიიღებთ ეგვიპტის ლაშქრობის საილუსტრაციოდ უამრავ მასალას, ამასთან ერთად ეს გამსოახულება შუქ-ჩრდილების გამოცემითა და სიზუსტით მეტოქეობას გაუწევს უდიდესი მხატვრის ნამუშევარსაც“[1].

ფოტოგრაფია საქართველოში 1842 წლიდან იკიდებს ფეხს, როდესაც კავკასიაში მინერალური წყლების შესასწავლად გამოემგზავრა ქიმიკოსი იული თევდორეს ძე ფრიცშე. მას ამ ექსპედიციაში თან ახლდა დაგეროტიპიის ცნობილი ოსტატი ს. ლევიცკი, რომელმაც „მიიღო კავკასიაშ გამგზავრების მიწვევა, თან წაიღო თავისი აპარატი და გალვანური წესით მოვერცხლილი ფირფიტები. ახალგაზრდა ფოტოგრაფმა გადაწყვიტა შეექმნა ხედების რამდენიმე დაგეროტიპი — გადაეღო კავკასიის დიდებული პეიზაჟები“[2]. 1843 წლის 11 იანვარს, პეტერბურგში დაბრუნებისთანავე ფრიცშემ რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ფილოლოგიურ-ისტორიულ განყოფილებაში ოფიციალური მოხსენება წაიკითხა, რომელშიც იუწყებოდა: „ბატონ კოლეგა ბროსეს დავალებით ტფილისში ყოფნისას შევეცადე შემეძინა ქართული წიგნები, მაგრამ ჩემი ძიება უშედეგოდ დამთავრდა. ახლა ერთმა ახალგაზრდა ქართველმა პოეტმა, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც მე ტფილისში მქონდა, თავადმა ბარათაშვილმა თანხმობა განაცხადა პირველად დაემზადებინა ნუსხა მისთვის ცნობილი ხელნაწერებისა და შემდეგ ამის მიხედვით, რასაც აკადემია ამოირჩევდა, დაემზადებინა მათი ასლები. ვეშურები რა ვაცნობო ეს აკადემიას“[3].

სავარაოდოა, რომ საქართველოში ყოფნის დროს ს. ლევიცკი გაეცნო ნ. ბარათაშვილს და გადაიღო პოეტის დაგეროტიპიული პორტრეტი, რომელმაც სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოაღწია. ნ. ბარათაშვილის აღნიშნულმა ფოტომ ჩენამდე ვერ მოაღწია, ის განადგურდა ლითოგრაფიაში ხანძრის შემთხვევით გაჩენის გამო. ზ. ჭიჭნაძეს სიტყვებით „ამას წინად «ნოვოე ობოზრენიეში» ბარათაშვილის შესახებ წერილი იყო დაბეჭდილი. ამ სურათის გამო აი რას მოგახსენებთ, 1878 წელს ბარათშვილის ლექსების მეორე გამოცემა რომ მომზადდა, ბარათშვილის სურათის გამო მივმართე თ. გრ. ორბელიანს, რომელიც ბიძა იყო ბარათაშვილისა და ვსთხოვე, რომ ბარათაშვილის სურათი თუ მოეძებნება სადმე, დაგვეხმარეთ, რომ ეგები არ დაიკარგოს და დავაბეჭდინოთ-მეთქი. გრ. ორბელიანმა მიამბო, რომ ბარათაშვილის სურათი იმის დასა აქვს ქართლშიო, წერილს მივწერ, მომივა და გადმოგცემთო. გავიდა ხანი და გრ. ორბელიანს წერილიც მიეწერა, მაგრამ სურათის მიღება დაგვიანდა და მეც ბოლომდე ვეღარ მივდიე ამ საქმეს. ეხლა შევიტყვეთ, რომ ბარათაშვილის სურათი მის დისგან ტფილისში ჩამოუტანიათ კიდეც და ერთის ლიტოგრაფიის პატრონისთვის გადაუციათ, რომ დაებეჭდა, მაგრამ სურათი ვერ დაბეჭდილა, რადგანაც ლიტოგრაფია დამწვარა და ბარათაშვილის ერთადერთი სურათიც შიგ მიჰყოლია. ჩვენ არ ვიცით ვისი ლიტოგრაფიაა ის. ის კი ვიცით, რომ ტფილისში ამ თორმეტი წლის წინად დაიწვა ცნობილი ტომსონის ლიტოგრაფია, სადაც დაიწვა აგრეთვე საბა-სულხან-ორბელიანის სურატის ის დედანი, რომელიდამაც სხვა სურათები დაბეჭდეს და გაამრავლეს“[4]. მოყვანილ ფაქტს აზუსტებს ილია ხონელი და 1891 წლის გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ წერს, რომ პოეტის დაგეროტიპიული პორტრეტი, რომელიც სამოციანი წლების დასაწყისში მგოსნის დისგან წამოიღო ი. გ. ჭავჭავაძემ და გადასაღებად გადასცა დიუბელირის ფოტოგრაფიას, განადგურდა ამავე ფოტოგრაფიაში გაჩენილიხანძრის დროს სამოციანი წლების შუა ხანებში.

უკეთესი ბედი ეწია ს. ლევიცკის მიერ გადაღებულ კავკასიის პეიზაჟებს. 1843 წელს, პეტერბურგში დაბრუნებისთანავე, ფოტოხელოვანმა თავისი ნამუშევრებიდან 5 დაგეროტიპიული სურათი პარიზში გაუგზავნა ოპტიკოს შევალიეს, რომელმაც კავკასიის დიდებული ხედებიდან ორი დაგეროტიპი შეარჩია და პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე გაიტანა. დაგეროტიპებმა ოქროს მედალი დაიმსახურეს. ეს იყო დაგეროტიპიის ისტორიაში პირველი ჯილდო მხატვრული ფოტოსათვის[5].

ასე დაიწყო საქართველოს, მისი ყოფის ასახვა ფოტოდოკუმენტებში. უკვე 1840-1850 წლებში თბილისში საკუთარი ფოტოსახელოსნოები ჰქონდათ დაგეროტიპისტებს: ვერნერს, ბორტს, კონრადს, ჰენრიხ გაუპტს და ი. ალექსანდროვსკის[6].

მიუხედავად დაგეროტიპიის ექსპოზიციის დიდი დროისა და ასევე საბოლოო შედეგის მისაღებად ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური რეაქტივების გამოყენებისა, ის წლების მანძილზე არჩევანის არქონის პირობებში რჩებოდა გამოსახულების მისაღების ერთადერთ საშუალებად. აღნიშნული ფოტოგრაფიული პროცესით სარგებლობდა აბსოლუტურად ყველა პიონერი ფოტოგრაფი ვინც ფოტოგრაფიის გარიჟრაჟზე საქართველში დაიწყო მოღვაწეობა. თუმცა ფოტოგრაფიული პროცესების განვითარებამ არ დააყოვნა და ჰორიზონტზე მალევა გამოცნდა სხვა ალტერნატიული პროცესები, რომლებიც დროის და უსაფრთხოების თვალსაზრისით აღემატებოდნენ დაგეროტიპიას.

ფოტოსახელოსნოები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1856 წელს ტფილისში ჩამოვიდა ფოტოგრაფი სიმონ მორიცი. მან გაზეთ კავკაზში შემდეგი ტიპის განცხადება გააკეთა: „სიმონ მორიცი ღრმად პატივცემულ საზოგადოებას აუწყებს, რომ მან ერევნის ქუჩაზე, სემინარიის პირდაპირ, კუკუჯანოვის სახლში ფოტოგრაფიული დაწესებულება გახსნა“[7].

1858 წელს თბილისში უკვე 4 ფოტოგრაფიული სალონი იყო. ჩენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ფოტოები შესრულებულია ალექსანდრე ივანიცკის მიერ 1858 წლის აგვისტო-სექტემბერში. ფოტოდოკუმენტებში ასახულია თბილისისა და მცხეთის ცალკეული უბნები.

1863 წლის 8 იანვრიდან თბილისში მოქმედებას იწყებს კავკასიის არმიის შტაბთან არსებული ფოტოგრაფიული განყოფილება.

1867 წლის 2 იანვარს თბილისში გაიხსნა კავკასიის მუზეუმი. ეთნოგრაფიულ განყოფილებაში დიდი ადგილი დაეთმო ფოტოგრაფიულ სურათებს. ფოტოგრაფთა უმრავლესობა კავკასიის სამხედრო საოლქო შტაბის ფოტოგრაფები იყვნენ. აქვე წარმოდგენილი იყო მუზეუმის პირველი დირექტორის ვ. რადეს მიერ შესრულებული ფოტოებიც.

კავკასიის შტაბთან არსებული პირველი ფოტოგრაფიული დაწესებულება და თბილისში კავკასიის მუზეუმის გახსნა მიზნად ისახავდა ფოტოგრაფიის გამოყენებას, როგორც მხარის შესწავლის ერთ-ერთ წყაროს, რამაც ახალი ელფერი შესძინა იმდროინდელ ფოტოგრაფთა შემოქმედებას და ინტერესი გაუღვიძა ქართულ საზოგადოებას.

1860-იან წლებში თბილიში უკვე 13 ცნობილი ფოტოგრაფი მოღვაწეობდა. მათ შორის იყვნენ: ლ. გოლდშტეინი, კ. ვეისე, ცეიტლინი, ვ. ბარკანოვი, მ. ლევიტესი, ო. ხლამოვი, ლ. ნორდშტეინი, ე. ვესტლი, ასევე ფოტოფირმები „კავკასიის ფოტოგრაფია“, „ამიერკავკასიის ფოტოგრაფიული დაწესებულება“ და სხვა.

პირველი ფოტოგრაფები გაზეთებში შეგირდების მოძიების მიზნით აკეთებდნენ სხვადასხვა ტიპის განცხადებებს. ასეთები იყვნენ 1860 წელს ლუდვიგ გოლდშტეინი[8], 1861 წელს დუბელირი[9], 1866 წელს მხატვარ-ფოტოგრაფი ო. ხლამოვი, რომელსაც დაემოწაფა შემდგომში პირველი ქართველი ფოტოგრაფი ალ. როინაშვილი.

ალექსანდრე როინაშვილი

ალექსანდრე როინაშვილმა ფოტოაპარატით ხელში მოიარა მთელი კავკასია, გადაიღო გამოჩენლ ადამიანთა პორტრეტები და დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა საზოგადოებას. ცნობილია, რომ მას დიდი ხელშეწყობა ჰქონდა დ. ბაქრაძისაგან, რომელიც კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების ვიცეპრეზიდენტი იყო. დ. ბაქრაძის უშუალო დახმარებით იგი ამ საზოგადოების წევრი გახდა.

დიდი ყურადღება მიიპყრო ალ. როინაშვილის შემოქმედებამ სხვა მეცნიერთა თვალშიც. 1884 წელს არქეოლოგი ანუშინი მოსკოვში გამართულ არქეოლოგიურ ყრილობაზე მოხსენება გააკეთა: „... ფოტოალბომი შედგენილია არქეოლოგიის მოყვარულის, კავკასიელი ფოტოგრაფის ალ. როინაშვილის მიერ, რომელიც ეს რამოდენიმე წელიწადია იღებს სურათებს შესანიშნავი ისტორიული ძეგლებისა. ამის კოლექციაში ინახება ბევრი მონეტები და სხვა დასხვა ნივთები ბრინჯაოს საუკუნისა“[10]. და მართლაც, არქეოლოგიურ ექსპედიციებში ყოფნის დროს ალ. როინაშვილმა თავი მოუყარა უამრავ მასალას, საკუთარი სახსრებით იძენდა და აგროვებდა ისტორიული ღირებულების მქონე ნივთებს, ბოლოს კი გადაწყვიტა, მოძრავი მუზეუმი შეექმნა და ამით მოევლო რუსეთის დიდი ქალაქები. 1887 წლიდან იგი აწყობს გამოფენებს ასტრახანში, სარატოვში, სამარაში, მოსკოვში, პეტერბურგში.

არაერთი ფოტოხელოვანი გაიზარდა მის სახელოსნოში. მათ შორის იყვნენ შემდგომ უკვე კარგად ცნობილი ფოტოგრაფები: ვ. როინაშვილი, ტ. მომცემლიძე, დ. ბეგოიძე, კ. ლორთქიფანიძე, ი. ფურცელაძე, ფირცხალავა, ძმები ნორდშტეინები, ძმები ავეტისოვები, ზაქარია ლაბაური და სხვები. ამ უკანასკნელმა 1890 წელს საკუთარი ფოტოსახელოსნო გახსნა ნაძალადევში.

ალ. როინაშვილს თბილისში სამი ფოტოსახელოსნო ჰქონდა: ერივანსკის მოედანზე — თავისი ფორმით, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე — „ამხანაგობა“, ძველი ქართული თეატრის ეზოში — „რემბრანდტი“.

დიმიტრი ერმაკოვი

დიმიტრი ერმაკოვი ქართულ ფოტოგრაფიაში თავისი წვლილით და ღვაწლით არ ჩამოუვარდება ალ. როინაშვილს. როინაშვილის მსგავსად მას ასევე ჰქონდა ფოტოსალონები ძველ თბილისში, დადიოდა ექსპედიციებში და რაც ყველაზე მთავარია დაკავებული იყო ფოტოების კოლექციონერობით. ალ. როინაშვილი თუ არქეოლოგიურ მასალას აგროვებდა ფოტოგრაფიის პარალელურად, დ. ერმაკოვი ცნობილია მის კატალოგში თავმოყრილი თითქმის ყველა პროფესიონალი თუ მოყვარული ფოტოგრაფის ავტორობით შესრულებული ფოტოებისა.

1860-იან წლებში ახალგაზრდა ერმაკოვმა გაიარა, ანანურთან მდებარე სამხედრო-ტოპოგრაფიულ დეპოს დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო ტოპოგრაფების ერთწლიანი კურსი, რომელიც კავკასიის ცალკეულ კორპუსში 1812–1863 წლებში ფუნქციონირებდა. აღნიშნულ პერიოდში ის ეუფლება ადგილის ტოპოგრაფიულ გადაღებასა და საგამომცემლო საქმეს.

1866 წელს ერმაკოვი უახლოვდება პეტრე კოლჩინს და მასთან ერთად თბილისში დვორცოვაიას ქუჩაზე აარსებენ მის პირველ პორტრეტულ ფოტოსახელოსნოს — „მხატვარ კოლჩინის და ერმაკოვის ფოტოგრაფია“ (რუს. „Фотография художника Колчина и Ермакова“). პირველი ფოტოსახელოსნო აქ 1846 წელს ფოტოგრაფებმა ვ. ხლამოვმა და ა. როინაშვილმა გახსნეს, რომელსაც „რემბრანტი“ დაარქვეს. მხატვარ კოლჩინის გავლენამ ერმაკოვზე უკვალოდ არ ჩაიარა და ფოტოსახელოსნოში დადგმულმა სცენებმა თანდათანობით მიიღო მხატვრული პორტრეტის სახე.

1870-1877 წლებში დ. ერმაკოვი ტრაპიზონში გადადის სამოღვაწეოდ, სადაც ის ფოტოაპარატით ხელში დადიოდა სიძვლეების გადასაღებად. 1871 წელს ფოტოგრაფი თავის ნამუშევრებს პირველად გზავნის პარიზში და ხდება საფრანგეთის ფოტოგრაფიული საზოგადოების წევრი (ფრანგ. „Société française de photographie“). იმ დროიდან მოყოლებული დიმიტრი ერმაკოვი აქტიურად მონაწილეობს ევროპის საერთაშორისო გამოფენებზე. 1878 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მოღვაწეობდა თბილისში, მონაწილეობდა თაყაიშვილის 1910 წლის ექსპედიციაში სვანეთში.

დიმიტრი ერმაკოვის კოლექცია ითვლიდა 25 ათას ფოტოს. მასში შედის, როგორც მისი ისე სხვა ავტორთა მიერ შესრულებული ხედები, ტიპაჟები და სტერეოფოტოები.

ედუარდ კლარი

ედუარდ კლარი თბილისში 1893 წელს გადმოსახლდა სადაც იჯარით აიღო ცნობილი ფოტოგრაფის ვლადიმერ ბარკანოვის ყოფილი ატელიე. შემდეგ ქალაქის ცენტრში, გოლოვინის პროსპექტზე საკუთარი ფოტოსალონი გახსნა. იყო ოპერის თეატრის ფოტოგრაფი, ადგილობრივი და ჩამოსული მსახიობები მხოლოდ მის ატელიეში იღებდნენ სურათებს. ედუარდ კლარის ფოტოები გამოირჩეოდა გემოვნებით და სინატიფით. 1897 წელს პირველ კავკასიურ ფოტოგამოფენაზე მან ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო საიუბილეო კავკასიურ გამოფენაზე 1901 წელს, ოქროს მედალი. ფოტოგრაფი ედუარდ კლარი იღებდა ხატვის გაკვეთილებს ცნობილი მხატვრის გიგო გაბაშვილის სახელოსნოში, კარგად უკრავდა ვიოლინოზე.

ე. კლარის მიერ არის გადაღებული არტურ ლაისტის ჩამოსვლა საქართველოში, 1912 წელს ი. გოგებაშვილის დაკრძალვა, ამიერკავკასიის რკინიგზის ცალკეული უბნის მშენებლობის კადრები. XX საუკუნის 20-იან წლებში იგი საცხენოსნო სპორტმა გაიტაცა. ე. კლარი ფოტოგრაფიულად იღებდა ყველა შეჯიბრებას ძველი თბილისის დიდუბის იპოდრომზე, სადაც იგი ერთერთი გადაღების დროს გარდაიცვალა.

კონსტანტინე ზანისი

კონსტანტინე ზანისმა ბავშვობა ალექსანდროპოლში გაატარა. 1878 წელს ოჯახი გადმოსახლდა თბილისში და იმავე წელს სასწავლებელში ჩააბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოეწყო კერძო ფოტოგრაფიულ სახელოსნოში. 1890-1901 წლებში მიწვეული იყო კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურში ფოტოგრაფად[11]. 1897 წელს მონაწილეობა მიიღო მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების პირველ კავკასიურ გამოფენაზე, სადაც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1901 წელს საიუბილეო კავკასიის გამოფენაზე მას მიაკუთვნეს რუსეთის საიმპერატორო საზოგადოების ჯილდო — მცირე ოქროს მედალი (დიდი ოქროს მედალი ერგო ცნობილ ფოტოგრაფს ედუარდ კლარს), რომელიც მან დაიმსახურა იმ 220 ფოტოგრაფიული სურათისათვის, რომელიც მან ამავე საზოგადოების დაკვეთით გადაიღო. ფოტოები ასახავდა მევენახეობისა და მეღვინეობის ტექნოლოგიის განვითარებას, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში. 1898 წლიდან კ. ზანისი აქტიურად სწავლობს და ფოტოზე ასახავს ქართული ფუტკრის მოვლისა და მოშენების ყველა წესს. ფოტოხელოვანის ობიექტივში მოხვდა ასევე ისეთი ახალი კულტურის შემოტანა და დანერგვა საქართველოში, როგორიცაა ჩაი და ციტრუსები. მის ფოტოებზე ასახულია ჩაის ბუჩქების პირველი სანერგე, პირველი ფაბრიკა ჩაქვში, საქართველოს ჩაის სპეციალისტის ლაო ჯინ ჯაოს მოღვაწეობა ბათუმის ოლქში.

1901 წელს დაინიშნა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების ფოტოგრაფიის ხელმძღვანელად. საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში (1918-1921) იყო სამხედრო სამინისტროს ფოტოგრაფიის გამგე. საბჭოთა პერიოდში აგრძელებდა მუშაობას სამხედრო-ტოპოსგრაფიულ დაწესებულებაში. იგი მონაწილეობდა ფოტოგრაფიული შემოქმედებითი კავშირების მუშაობაში, ფოტოგამოფენებში, აზიარებდა ხელოვნებას ფოტოგრაფების ახალ თაობას. 1936 წელს მას მიენიჭა შრომის გმირის წოდება.

ექსპედიციები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპედიციები ოსმალეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1871 წლით დათარიღებულ ჩანაწერებში მარი ბროსე დიმიტრი ერმაკოვზე წერდა, რომ მან მხითარისტ ნერსე სარქისიანის შემდეგ, 1870 წელს ტრაპიზონიდან პირველმა იმოგზაურა ტაო-კლარჯეთში და გადაიღო ხახულის, ოშკისა და იხნის ტაძრის ფოტოები. დიმიტრი ერმაკოვმა ხანძთიდან ასევე ჩამოიტანა ქვა ქართული ეპიგრაფიკული წარწერით და კავკასიის მუზეუმს გადასცა.

ნ. სარქისიანისა და დ. ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოების შემდეგ, სამრეთ საქართველოთი დაინტერესდა დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც 1873 წელს იმოგზაურა გურია-აჭარასა და შავშეთში. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთ ომის შედეგად, შემოერთებულ ყარსის ოლქში 1917 წლამდე არაერთი ექსპედიცია ჩატარდა. ცნობილია 1888 წლის ა. პავლინოვის, 1904 წლის ნ. მარის და ე. თაყაიშვილის 1902 წლის, 1907 წლისა და 1917 წლის ექსპედიციები.

ექსპედიციები სპარსეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის ბოლოს სპარსეთში, უფრო ზუსტად კი ფერეიდანში იმოგზაურა ლადო აღნიაშვილმა. მან თავის მოგზაურობისას არაერთი ფოტო გადაიღო. საკუთარი მოგზაურობა აღწერა წიგნში „სპარსეთი და იქაური ქართველები“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინასარიძე შ., „საქართველოს მესურათხატენი“, თბილისი, 2002

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დონდე ა., „ფოტოგრაფიის ასილ წელი“, 1938, გვ. 23
  2. მოროზოვი ს., პირველი რუსი მხატვარ-ფოტოგრაფები“, 1952, გვ. 14
  3. ჩიქოვანი გ., ლიტერატურული ძიებანი, ტ. 3, 1947, გვ. 146-147
  4. გაზ. „ივერია“, №120, 1891
  5. მოროზოვი ს., პირველი რუსი მხატვარ-ფოტოგრაფები“, 1952, გვ. 14
  6. გაზ. „კავკაზი“, №42, 1846
  7. გაზ. „კავკაზი“, №87, 1856
  8. გაზ. კავკაზი №19, 1860
  9. გაზ. კავკაზი №25, 1861
  10. გაზ. „ივერია“, №177, 1891
  11. Кавказский календарь на 1902 годъ