ფარხუნდა მალიქზადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარხუნდა მალიქზადა
დაბადების თარიღი 1987
ქაბული, ავღანეთი
გარდაცვალების თარიღი 2015
ქაბული, ავღანეთი
ეროვნება ავღანელი

ფარხუნდა მალიქზადა, სპარს. فرخنده ملکزاده 2015 წლის 19 მარტს ლინჩის წესით იქნა გასამართლებული გამძვინვარებული ბრბოს მიერ იმ დანაშაულში ბრალდების გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.

ოჯახი და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მცხოვრები ფარხუნდა მალიქზადა განათლებული ოჯახიდან იყო. მისი მამა მუჰამედ ნადირ მალიქზადა 40 წლის მანძილზე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ერთი ძმა ინჟინერი იყო, მეორე ძმა კი ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.

თავად ფარხუნდას განათლება ქაბულის უნივერსიტეტში რელიგიურ სფეროში ჰქონდა მიღებული და 27 წლის ასაკში პედაგოგიური საქმიანობის დასაწყებად ემზადებოდა.

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანური ახალი წლის (21 მარტი) წინ ქაბულის ერთ-ერთი მიზგითის წინ მას შელაპარაკება მოუვიდა თილისმების გამყიდველ მამაკაცთან, რომელმაც ხალხმრავალ ქუჩაში კამათის დროს მას ბრალი დასდო ყურანის დაწვაში. დაპირისპირებამ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და ქალის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ქვებით, ფიცრებით, ჯოხებით და წიხლების ცემით იგი სიკვდილის პირას მიიყვანეს, გზაზე დააგდეს, ავტომანქანით გადაუარეს, შემდეგ კი მოკლულის გვამი მდ.ქაბულის პირას ნაგავსაყრელისკენ წაიღეს, სადაც ცეცხლი წაუკიდეს.[1]

სასტიკი მკვლელობის პროცესი ათეულობით ადამიანის თვალწინ მოხდა. ბევრმა მათგანმა ის ტელეფონით გადაიღო და შემდგომ სოციალურ ქსელებში გაავრცელა. ეგზალტირებული მასა დარწმუნებული იყო, რომ მან ისლამის მტერი და უღმერთო დასაჯა.

გამოძიების შედეგი და საზოგადოებრივი რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ გამოძიებამ ვერ დაადასტურა ქალის მიერ მუსლიმანთა წმიდა წიგნის განადგურების ფაქტი. აღმოჩნდა, რომ მკვლელობის გამომწვევი მიზეზი ცილისწამება გახდა, რომელიც მალემრწმენმა პირებმა სიმართლედ აღიქვეს.[2]

საზოგადოებრივი რეაქცია სწრაფად შეიცვალა. ჰერათში, ქაბულში, ყუნდუზში და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში არა მხოლოდ მკვლელების დასჯის, არამედ ზოგადად სამართლებრივი სისტემის რეორგანიზაციის მოთხოვნით. ზოგმა ქალმა სახე წითლად შეიღება ფარხუნდას სისხლის ნიშნად.[3] ადგილობრივი ტრადიციის დარღვევით, დაკრძალვის პროცესში, მათ შორის სასაფლაოსკენ კუბოს გადატანისას, ძირითადად ქალები იღებდნენ მონაწილეობას.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ამ ფაქტს საზარელი უწოდა და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.

განაჩენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

5 მაისს სასამართლომ ოთხ პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რვა ბრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, 11 პოლიციელს კი ერთი წლის ვადით საპატიმრო სასჯელი განუსაზღვრა. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ივლისში განაჩენი შეამსუბუქა და სიკვდილმისჯილებს 20 წლიანი პატიმრობა გამოუტანა, რაც მოგვიანებით უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. ვიდეოზე აღბეჭდილი ზოგი მოძალადე საერთოდ არ წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, რაც, სავარაუდოდ, კონსერვატიული სამღვდელოების გავლენით მოხდა.[4]

გამოძახილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომხდარი შემთხვევა კამათის და განსჯის საგნად იქცა. ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომის პირობებში ავღანელების მხრიდან ისლამის დაცვას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. რელიგიური თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მორწმუნე საზოგადოებაში ეს ყველაზე მგრძნობიარე საკითხია. მკვლელობამ წარმოაჩინა, რა საშიშროებას წარმოადგენს უკონტროლო ხალხის მასა. ამასთან, გამოჩნდა პოლიციის უმწეობა და ნაწილობრივი თანამონაწილეობაც იმ პროცესში, რომელიც სამართლებრივ სივრცეში განხილვას უნდა ექვემდებარებოდეს. ქუჩაში გამვლელებმაც უკეთეს შემთხვევაში სრული გულგრილობა გამოავლინეს. "ფარხუნდას საქმე" იქცა ადამიანის უფლებათა სფეროში იმ რეგულარული ძალადობის მკაფიო გამოხატულებად, რომელიც ყალბი ბრალდებიდან იწყება და უსამართლო სასამართლოში გრძელდება.

რამდენიმე დღეში ქაბულელებმა ნაძვის ხის ნერგი დარგეს მკვლელობის ადგილას, სადაც მოგვიანებით მემორიალური სვეტი აღიმართა.[5]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაქოლვის ვიდეო +18

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]