ულმო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ულმო — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, ერთ-ერთი ვალა. ულმო არის წოდება, რომელიც დაახლოებით ნიშნავს „ის, ვინც აქცევს“ - რაც კავშირშია წყალთან, რომლის მბრძანებელიც იგი არის „სილმარილიონისა“ და სხვა ნაწერების მიხედვით. თავის მხრივ, ულმო მსგავსია ბერძნულ მითოლოგიაში წარმოდგენილ პოსეიდონისა (ასევე ნეპტუნის, მანანანისა და სხვ.). მნიშვნელოვანია, რომ ულმომ არდის შექმნაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო.

ულმო იყო არატართა შორის რიგით მესამე, მანუესა და აულეს შემდეგ. მანუესთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა[1]. გარეგნულად იყო გიგანტური, გამოწყობილი მწვანე სამოსში და ეკავა ულუმურები - დიდი ბუკები.

არდის შექმნამდე, როდესაც აინურები უმღეროდნენ ილუვატარს, ულმო ითვლებოდა მუსიკის საუკეთესო შემქმნელად და მგალობლად. ელფები თვლიდნენ, რომ მისი სიმღერა ისმოდა ყველგან, სადაც წყალი იყო.

მელკორს ულმო არასოდეს ენდობოდა და ბნელ მბრძანებელს ეშინოდა ზღვის, ისევე როგორც ვარდასი - ვინაიდან ვერც ერთი ვერ დაიმორჩილა.

ულმო არ იყო დასახლებული ვალინორში. მეტიც - იქ იშვიათად ჩნდებოდა, ვინაიდან უპირატესობას ანიჭებდა ზღვებსა და მდინარეებს. მისი სასახლე მდებარეობდა ოკეანე ვაიას ფსკერზე და ულმონანი ეწოდებოდა. ულმოს მეწყვილე არ ჰყოლია.

ულმო იშვიათად ჩნდებოდა მაჰანაქსარის საბჭოზე - და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის ნამდვილი აუცილებლობა იყო. მაგრამ როდესაც არდაზე ჩნდებოდა, ადამიანები ან ელფები დიდ შიშს განიცდიდნენ. მას ემსახურებოდა ყველა მდინარე, ყურე, ზღვა, ოკეანე, ტბა და წყარო. ამით მას არდისთან დიდი კავშირი ჰქონდა და ილუვატარის შვილების შესახებ უფრო მეტი იცოდა, ვიდრე მანუემ.

ულმო ეწინააღმდეგებოდა ორომეს, ამანში ელფთა მიყვანის გეგმის თაობაზე და სურდა, რომ ტოლ ერესეა განლაგებულიყო ელდამარის ყურეში, ვინაიდან იცოდა ტელერების ფიქრები.

ულმო იყო ვალა, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა მორგოთის დამარცხებაში - როდესაც უბრძანა ტურგონს გონდოლინის აგება, ხოლო ფინროდს - ნარგოთრონდის (ორივე დამალული სამეფო იყო). იგი წარდგა ტუორის წინაშე და უბრძანა გონდოლინში წასვლა. ტუორმა გონდოლინში იქორწინა ტურგონის ასულ იდრილზე. მათ ეყოლათ ვაჟი ეარენდილი. ულმომ სირიონის დანგრევისგან გადაარჩინა ეარენდილის ცოლი ელუინგი. ელუინგმა ერთ-ერთი სილმარილი გადასცა ეარენდილს. ამ ნიშნით ეარენდილი ეწვია ვალინორს და ვალართა დახმარება ითხოვა. ამას, თავის მხრივ, მოჰყვა მორგოთის ვალართა მიერ საბოლოო დამარცხება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1999). სილმარილიონი. HarperCollins, გვ. 16–17. ISBN 0-261-10273-7. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ულმო&oldid=4108920“-დან