ტორონის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტორონის ციხესიმაგრე
ფრანგ. Toron des chevaliers
მდებარეობა ტიბნინი, ლიბანის დროშა ლიბანი
ტიპი ციხესიმაგრე
ფუნქციური სტატუსი სენიორიის ცენტრი, თავდაცვითი ციხესიმაგრე
ინფორმაცია
მმართველი ქვეყანა იერუსალიმის სამეფოს დროშა იერუსალიმის სამეფო
ისტორია
აშენების წელი 1106
დამკვეთი ჰუგო დე სენტ-ომერი
ტორონის ციხესიმაგრე — ლიბანი
ტორონის ციხესიმაგრე
ტორონის ციხესიმაგრე ვიკისაწყობში

ტორონის ციხესიმაგრე, დღევანდელი ტიბნინი (ფრანგ. Toron des chevaliers) — ჯვაროსანთა ერთ-ერთი მთავარი ციხესიმაგრე. აშენდა ლიბანის მთებში, ტვიროსიდან დამასკოსკენ მიმავალ გზაზე. ციხესიმაგრე წარმოადგენდა ტორონის სენიორიის ცენტრს, რომელიც გალილეის სამთავროს ვალვასორი იყო. ხოლო ეს უკანასკნელი შედიოდა იერუსალიმის სამეფოს შემადგენლობაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესიმაგრე აიგო გალილეის მთავრის — ჰუგო დე სენტ-ომერის (ჰუგო დე ფოკამბერგი) ბრძანებით, რათა ხელი შეეწყო ტვიროსის დაპყრობისთვის.[1] მისი გარდაცვალების შემდეგ მიმდებარეტერიტორიები დაარბია იზ ალ-მულკმა, რომელმაც დახოცა მოსახლეობა და დიდი ნადავლი ჩაიგდო ხელში.[1] ტორონი გახდა დამოუკიდებელი სენიორია. 1107 წელს იგი გადაეცა ონფრუა I-ს.

ონფრუა I-ის შემდეგ, ტორონის სასახლე და სენიორია მემკვიდრეობით გადაეცა მის შთამომავლებს — ონფრუა II-ს და ონფრუა IV-ს. ბანიასის სენიორია, რომელიც 1128 წელს ბალდუინ II-მ ასასინებებს წაართვა, გაერთიანდა ტორონთა 1148 წელს, როდესაც ონფრუა II დაქორწინდა ბანიასისა და ასებებეს სენიორ რენიე ბრიუსის ქალიშვილზე. 1157 წელს ონფრუა II-მ ბანიასის სენიორიის ნაწილი და შატონიოფის ციხესიმაგრე ჰოსპიტალიერებს მიჰყიდა. ბანიასის და ტორონის სენიორიები გაერთიანდა, სანამ ბანიასს ნურ ალ-დინ ზანჯი დაიპყრობდა 1164 წლის 18 ნოემბერს. მოგვიანებით იგი დაიბრუნა ჟოსლენ III-მ და თავის საკუთრებად აქცია.

ონფრუა IV ასევე იყო ტრანსიორდანიის მთავარი. ტორონი ჯვაროსანთა ხელში დარჩა 1187 წლამდე. ჰატინის ბრძოლის შემდეგ იგი გადავიდა სალადინის ხელში, რომელმაც ბევრი ჯვაროსანთა ციხე დაიპყრო. ათი წლის შემდეგ, 1197 წელის ნოემბერში ციხეს გერმანელმა ჯვაროსნებმა შემოარტყეს ალყა (გერმანული ჯვაროსნული ლაშქრობის დროს), გარნიზონი მალე დანებდებოდა, მაგრამ ადგილობრივმა დიდებულებმა გააფრთხილეს, რომ გერმანელები არ იყვნენ სანდოები და დანებების შემდეგ მათ დახოცავდნენ. ამის შემდეგ მუსლიმებმა შეძლეს მათი მოგერიება დახმარების ჩამოსვლამდე.

1219 წელს სულთანმა ალ-მუაზამმა ტორონის, ცფათის და ბანიასის ციხესიმაგრეების დემონტაჟი მოახდინა.[2] მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ იგი ხედავდა ამ ციხეების გაცვლის აუცილებლობას ნილოსის დელტაში არსებულ დამიეტაში, რომელიც მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს დაიპყრეს ევროპელებმა და ახლა კაიროსაც ემუქრებოდნენ. სულთანს არ უნდოდა გამაგრებული ციხეები გადაეცა ჯვაროსნებისთვის. ეს ციხესიმაგრეები დანგრევის მიუხედავად მაინც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებს წარმოადგენდნენ ევროპელთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ იერუსალიმის დაბრუნებით.

1229 წლის ზავით, ერუსალიმთან ერთად ტორონი, ბანიასი და ცფათი ჯვაროსანთა ხელში გადავიდა. ზავი გაფორმდა ალ-მუაზამის გარდაცვალებიდან (1227 წლის 11 ნოემბერი) ორი წლის შემდეგ, ფრიდრიხ II შტაუფენსა და სულთან ალ-კამილს შორის. 1220 წელს ტორონი და მიმდებარე მიწები (ე. წ. ჟოსლენის სენიორია) მიჰყიდეს ტევტონებს. მოგვიანებით ეს მიწები დავის მიზეზი გახდა ტევტონებსა და ალისა სომეხს შორის. ეს უკანასკნელი იყო ონფრუა IV-ის დისშვილი და მისი სენიორიის (ტორონის სენიორიის) მემკვიდრე. მან წარმატებულად მოითხოვა უფლებები უმაღლესი სასამართლოს წინაშე და ფრიდრიხ II-მ გადასცა სენიორია. 1239 წელს, როდესაც ზავი დამთავრდა, ციხესიმაგრე გადავიდა აიუბიდთა ხელში. ორი წლის შემდეგ, 1241 წელს იგი ისევ ჯვაროსნებს დაუბრუნდა ზავის თანახმად, რომელიც გაფორმდა რიჩარდ კორნუოლელსა და სულთან ას-სალიჰ აიუბს შორის.

1244 წელს ციხესიმაგრეებმა გაუძლეს ხვარაზმელთა შეტევას. მიუხედავად ამისა იერუსალიმი მაინც დაეცა მომხდურთა მრავალრიცხვოვნობის გამო, შესაბამისად ამ ციხეების მთავარი მისია აღარ არსებობდა. ტორონი მაინც დარჩა ჯვაროსანთა ხელში და ხშირად ხდებოდა მასზე ალყის შემორტყმა. საბოლოოდ იგი ბეიბარსმა დაიპყრო 1266 წელს. მან დანებების სანაცვლოდ ევროპელებს უფლება მისცა მშვიდობით დაეტოვებინათ ციხე და გამგზავრებულიყვნენ სანაპიროსკენ.

სენიორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორონის სენიორი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებად ითვლებოდა სამეფოში; მაგალითად: ონფრუა II იერუსალიმის კონსტებლი იყო. ონფრუა IV დაქორწინდა მეფე ამალრიკის ქალიშვილზე, ისაბელაზე (ქორწინების შემდეგ ტორონის სენიორია სამეფო დომენში შევიდა, ხოლო განქორწინების შემდეგ ისევ ონფრუას საკუთრება გახდა). ასევე ტორონის სენიორები იმ მცირეთაგანში შედიოდნენ, რომლებსაც მემკვიდრეობა რამდენიმე თაობის მანძილზე პირდაპირი (მამაკაცის) ხაზით გადაეცემოდათ. ტორონის ლორდები კავშირში იყვნენ ტრანსიორდანიასთან, ონფრუა III ტორონელის ქორწინების გამო (იგი დაქორწინდა ტრანსიორდანის მემკვიდრეზე). დედის მხრიდან ონფრუა IV ტრანსიორდანიის მემკვიდრე იყო. მოგვიანებით ტორონი შეუერთდა ტვიროსის სამეფო დომენს. შემდეგ მას მართავდა ანტიოქიის სამთავრო და მონფორის საგვარეულო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Tibnin, The Churches of the Crusader Kingdom of Jerusalem: A Corpus: Volume 2, ed. Denys Pringle, (Cambridge University Press, 1998), 367.
  2. Edward Robinson (1841). Biblical Researches in Palestine, Mount Sinai and Arabia Petraea: a journal of travels in the year 1838. Crocker and Brewster, გვ. 380–. ციტირების თარიღი: 14 April 2011.