პარიზის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სორბონის უნივერსიტეტი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სორბონი, პარიზი, მე-17 საუკუნის გრავიურა
სორბონი დღეს, იგივე ხედი.

ისტორიული პარიზის უნივერსიტეტი ( ფრანგ. Université de Paris) პირველად გაჩნდა მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში. 1970 წელს რეორგანიზაციის შედეგად იგი დაიყო 13 ავტონომიურ უნივერსიტეტად (პარიზის უნივერსიტეტი I–XIII). უნივერსიტეტს ხშირად მოიხსენიებენ როგორც სორბონს იგივე სახელწოდების კოლეგიატის (Collège de Sorbonne) მიხედვით, რომელიც 1257 წელს რობერ დე სორბონმა დააფუძნა, თუმცა თვით უნივერსიტეტი უფრო ძველია და სორბონი მხოლოდ მისი შემადგენელი ნაწილია. უნივერსიტეტის 13 შთამომავლიდან პირველი ოთხი სორბონაში იმყოფება, შემდგომი სამისთვის კი სორბონა ტიტულის ნაწილია. ცამეტივე უნივერსიტეტს დღემდე საერთო რექტორი ჰყავს, რომელსაც ოფისი სორბონაში აქვს.

სორბონი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტად. მისი სტუდენტ-მასწავლებლებიდან მრავალი ნობელის პრემიის ლაურეატი და დასავლური ტრადიციების მიმდევარი უდიდესი ინტელექტუალი, პოლიტიკური თეორეტიკოსო, მეცნიერი, ინჟინერი, ექიმი, თეოლოგი თუ ხელოვანი გამოსულა.

უნივერსიტეტის ჩამოყალიბების ისტორია[რედაქტირება]

სხვა შუა საუკუნეების უნივერსიტეტთა (ბოლონიის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, კოიმბრას უნივერსიტეტი, სალამანკას უნივერსიტეტი) მსგავსად, მაგრამ გვიანდელთაგან (პრაღის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი) განსხვავებით პარიზის უნივერსიტეტი სპეციალური დამფუძნებელი აქტის (მაგ. სამეფო ქარტია) შედეგად არ შექმნილა. ის მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენდა ღვთისმშობლის ტაძართან როგორც კორპორაცია, მსგავსად სხვა შუასაუკუნეობრივი კორპორაციებისა, როგორებიც სავაჭრო და ხელოვანთა გილდიებს წარმოადგენდნენ. შუასაუკუნეების ლათინურ ტერმინს universitas უფრო ფართო გილდიის მნიშვნელობა აქვს და პარიზის უნივერსიტეტი ცნობილი იყო, როგორც universitas magistrorum et scholarium (მაგისტრთა და სქოლასტთა გილდია).

უნივერსიტეტს, რომელიც ბოლონიასთან ერთად სხვა შუასაუკუნეების უნივერსიტეტების მოდელი გახდა, ჰქონდა ოთხი ფაკულტეტი - ხელოვნების, მედიცინის, იურისპუდენციისა და თეოლოგიის. ხელოვნებათა ფაკულტეტი რანგით ყველაზე დაბალი იყო, თუმცა ამასთან ყველაზე მრავალრიცხოვანი, ვინაიდან სტუდენტებს თავდაპირველად ეს ფაკულტეტი უნდა დაემთავრებინათ უფრო მაღალი რანგის ფაკულტეტზე მოსახვედრად. სტუდენტები იყოფოდნენ ოთხ ძირითად ნაციონად - ენობრივი ან რეგიონალური წარმომავლობის მიხედვით - საფრანგეთის, ნორმანდიის, პიკარდის და ინგლისის, თუმცა ბოლო მათგანი მოგვიანებით ალემანიის (გერმანიის) ნაციონად გახდა ცნობილი. ყოველ ნაციონში მიღება მათ სახელობით კუთვნილებას სცილდებოდა, ასე მაგალითად ინგლისურ-გერმანულ ნაციონში ფაქტობრივად სტუდენტებს სკანდინავიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდანაც იღებდნენ.

სორბონის კოლეჯი[რედაქტირება]

სორბონის კოლეჯი (ფრანგ. Collège de Sorbonne) დაფუძნდა 1257 წელს საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის პირადი მოძღვრის რობერ დე სორბონის (1201-1274) მიერ, ვის სახელსაც ის დღემდე ატარებს. იგივე სახელს ატარებს მისი მთავარი კამპუსი პარიზში, სადაც ამჟამად რამდენიმე უნივერსიტეტია (ყოფილი პარიზის უნივერსიტეტის შთამომავლები) პარიზის რექტორატთან ერთად.

თავდაპირველად ის შეიქმნა 20 თეოლოგი სტუდენტისთვის. მან სწრაფაც მოიხვეჭა განათლების ცენტრის რეპუტაცია და მე-13 საუკუნისთვის მასში უკვე 20.000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რამაც პარიზი დასავლური სამყაროს ცოდნის დედაქალაქი გახადა. დღემდე უცხოელი სტუდენტები ქმნიან უნივერსიტეტის კამპუსის მნიშვნელოვან ნაწილს.

სორბონი მალევე საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური ინსტიტუტი გახდა. 1622-1626 წლებში კარდინალმა რიშელიემ განაახლა სორბონა და უნივერსიტეტის თანამადროვე შენობები ამ პერიოდის არქიტექტურას განეკუთვნება. კარდინალის პატივსაცემად 1637 წელს სორბონის სამლოცველო იქნა დამატებული. რიშელიეს გარდაცვალების შემდეგ 1642 მისი ცხედარი სამლოცველოს ძვალთსაცავში იქნა დასვენებული.

ფაკულტეტის ეკლესიასთან ახლო კავშირმა საფრანგეთის რევოლუციის დროს მისი დახურვა განაპირობა, თუმცა 1808 წელს ნაპოლეონის ბრძანებით მან განაახლა მუშაობა, როგორც პარიზის უნივერსიტეტის ნაწილმა. 1885 წლამდე სორბონი უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და პარიზის აკადემიას მოიცავდა. მე-19 საუკუნის ბოლოს სორბონი მთლიანად გაემიჯნა რელიგიას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • André Tuilier: Histoire de l'Université de Paris et de la Sorbonne (History of the University of Paris and of the Sorbonne), in 2 volumes (From the Origins to Richelieu, From Louis XIV to the Crisis of 1968), Paris: Nouvelle Librairie de France, 1997 ;
  • Jean-Louis Leutrat: De l'Université aux Universités (From the University to the Universities), Paris: Association des Universités de Paris, 1997
  • Philippe Rive: La Sorbonne et sa reconstruction (The Sorbonne and its Reconstruction), Lyon: La Manufacture, 1987
  • Jacques Verger: Histoire des Universités en France (History of French Universities), Toulouse: Editions Privat, 1986

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: