სმოლვუდის წყალსაცავი
სმოლვუდის წყალსაცავი (ინგლ. Smallwood Reservoir) — წყალსაცავი მდინარე ჩერჩილზე. განლაგებულია ლაბრადორის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინციაში (კანადა). სარკის ფართობი 6527 კმ² (მსოფლიოში სარკის ფართობით მეორე წყალსაცავი)[1]. მდებარეობს ზღვის დონიდან 471 მ სიმაღლეზე[2].
წყალსაცავი შეიქმნა XX საუკუნის 60-იან წწ., როდესაც დაიწყო მდინარე ჩერჩილზე კაშხლების აგება. სხვა წყალსაცავებისგან განსხვავებით, წყალი აქ მოთავსებულია 88 კაშხლისაგან შემდგარ ჯებირებში, რომელთა საერთო სიგრძე 64 კმ-ს უდრის.
სმოლვუდის აშენებამდე წყალსაცავის ადგილას მდებარეობდა მრავალი ჭაობი და ურთიერდაკავშირებული ტბა; ამათგან ორი მოზრდილი ტბა მიშიკამო და ლობსტიკი გახდა ამ უზარმაზარი წყალსაცავის ნაწილი და საბოლოოდ შეიქმნა 28 კმ³ მოცულობის წყალსატევი.
სახელი ეწოდა ჯოზეფ რობერტ სმოლვუდის პატივსაცემად.