საყდრისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საყდრისი-ყაჩაღიანი — ბორცვი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან ახლოს. ბოლნისიდან 20კმ-ის დაშორებით.

ბორცვზე პირველადი სამეცნიერო სამუშაოები გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა თ. მუჯირის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში მომზადებულ ანგარიშებში პირველად გაჩნდა მოსაზრება აქ შესაძლო პრეისტორიული გამონამუშევრების არსებობის შესახებ[1]. 2004 წელს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე პირველადი არქეოლოგიური კვლევები დაიწყო, 2007 წლიდან 2013 წლამდე კი კვლევებს აწარმოებდა ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. მათი მტკიცებით, ობიექტი პრეისტორიული ოქროს მაღაროა (ძვ.წ. 3350-2500 წ.წ.). თუმცა სამეცნიერო წრეებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, სადაც მეცნიერები გამორიცხავენ ამ ადგილას პრეისტორიულ ოქროს მაღაროს არებობას.

ტოპონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიანი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, დღევანდელი საყდრისის მიმდებარე ტერიტორია აბულმუგის სახელით იყო ცნობილი. სწორედ ასე მოიხსენიებს მას ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“,[2] ხოლო კონკრეტულად ბორცვს ყაჩაღიანს უწოდებდნენ. საყდრისი ამ ადგილს პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში უწოდეს, მახლობლად მდებარე საყდრების გამო.

მეცნიერული შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა მოსაზრებით, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის მეცნიერული შეფასება შეიძლება ეფუძნებოდეს ოთხ ძირითადი საკითხს.

გეოლოგიური რეალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლნისის რაიონის (მადნეული, საყდრისი, ბექთაქარი, დამბლუდი, ხატისოფელი და სხვა) და ასევე მეზობელი ქვეყნების ამავე ასაკის საბადოებშიც (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი და სხვა) ოქრო წვრილდისპერსული უმცირესი ზომის (მილიმიკრონების) ნაწილაკებით არის ქანებში წარმოდგენილი; მისი გარჩევა ქანში მძლავრი მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია გამომდინარე აქედან 5400 წლის წინ ოქროს მიგნება ობიექტზე შეუძლებელი იქნებოდა.

დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნის თანახმად, ოქროს შემცველობა ერთ ტონაში საშუალოდ ერთ გრამს არ აღემატება.[3] ამ ფაქტის გათვალისწინებით, ყოველი გრამი ოქროს მისაღებად, კლდეებიდან პრიმიტიული უროებით, რომელთა სიგრძე საყდრისში საშუალოდ 15-25 სმ-ია, უნდა მოემტვრიათ ერთი ტონა გაკაჟებული ქანი, რომელიც უნდა დაეფქვათ ქვის ასევე პრიმიტიული სანაყებით და შემდეგ პრიმიტიული გარეცხვის მეთოდით — ერთი მილიონი გრამი სამთო მასიდან უნდა გამოერჩიათ ერთი გრამი ოქრო.[4]

სააგენტოსვე ინფორმაციით, ყაჩაღიანის ე. წ. მაღაროების დიდი უმრავლესობა იმდენად ვიწროა (30-15სმ-დან 1 მეტრამდე), რომ იქ არათუ რაიმე სამუშაოების წარმოება, არამედ ადამიანის შეღწევაც კი რთულია.

გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, აღნიშნული „მაღაროები“ სინამდვილეში ბუნებრივი ტექტონიკური ნაპრალებია, რომლებიც ეროზიული მოვლენებით არის გაფართოებული. ნაპრალებში ჩაცვენილი მასალა ე.წ. „კოლუვიუმი“ ნებისმიერი ასაკის შეიძლება იყოს.[5]

დათარიღების მეთოდოლოგიის შესაბამისობა და მართებულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური ობიექტის დათარიღებასთან დაკავშირებით, „ქართულ-გერმანული ექსპედიცია ეფუძნება მოძიებული ნახშირის რადიოკარბონულ თარიღებს, თუმცა გამოყენებული მეთოდოლოგიის რელევენტურობის თაობაზე არსებობს განსახვავებული მოსაზრებები.

ე. წ. საყდრისი-ყაჩაღიანი მაღაროს ნახშირების C14-ით დათარიღების შედეგად, ქართულ-გერმანული ექსპედიციის პუბლიკაციების თანახმად, მათ განუსაზღვრავთ ნაპრალებში ფერდობებიდან ჩაცვენილი ღორღ-ქვიშიდან (ე.წ. კოლუვიუმიდან)[6] მოპოვებული განახშირებული მცენარეული ნაშთების რადიოკარბონული ასაკი.[7] ოთხმა ნიმუშმა განახშირებული მცენარეულის ასაკი დიაპაზონში 2500-3500 წლის ფარგლებში უჩვენა.[8]

მიუხედავად ფაქტობრივი მდგომარეობისა, რომ „ამოღებული კერამიკული მასალა უფრო მოგვიანო პერიოდს განეკუთვნება“, ქართულ-გერმანული ნაშრომის ავტორებს მაინც მიაჩნიათ, რომ ყაჩაღიანში ოქროს მაღაროების დამუშავება 1000 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.[9]

დათარიღების იგივე სურათია დადასტურებული გერმანიაში, ბოხუმში, თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის მიერ ერთობლივად გამოცემულ ნაშრომშიც.[10] ავტორებს მითითებული აქვთ, რომ თარიღი მიღებულია იმ „ნახშირისაგან, რომელიც აღებულია პირველი მაღაროს მიწისქვეშა დანაშრევების გარეთ“ და არა თვითონ არქეოლოგიური დანაშრევებიდან, რაც მეცნიერთა გარკვეული ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომელთათვისაც კოლუვიუმის (ჰუმუსის), ისევე როგორც არქეოლოგიური დანაშრევების გარეთ აღებული ნიმუშების დათარიღების გამოყენება ე. წ. მაღაროების (ნაპრალების) დათარიღებისათვის მყარ მეცნიერულ საფუძველს სრულიად მოკლებულია.[11]

აღსანიშნავია, რომ თვით ქართულ-გერმანული ესპედიციის დასკვნებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს არქეოლოგიური ობიექტის დათარიღებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ქართულ-გერმანული ექსპედიციის ნაწილი ობიექტს ათარიღებს მე-4 ათასწლეულისმეორე ნახევარი- მე-3 ათასწლეულეულის პირველი ნახევრით.[12] გერმანელი ექსპერტები (ჰაუპტმანი და კლეინი, ექსპედიციის მონაწილეები) კი შესაძლებლად თვლიან ართვინისა და საყდრისის დაკავშირებას მხოლოდ ძვ. წ. 3ათასწლეულის მიწურულისა და 2 ათასწლეულის დასაწყისის (და არა ძვ. წ. 4-3ათასწლეულების) ნივთებთან, რაც თვითონ შტოლნერსა და ღამბაშიძეს აქვთ მითითებული.[13] ჰაუპტმანისა და კლეინის მიერ ოქროს ნივთებზე ჩატარებულმა Pb-isotope-ის ანალიზმა უჩვენა, რომ შეიძლებოდა საზოგადოდ საყდრისის მადნის გამოყენებაც ძვ. წ. 3 ათასწლეულსა და 2 ათასწულის დასაწყისში; თუმცა გეოლოგიურად მასთან (საყდრისთან) დაკავშირებული მურღულის საბადო, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, (ართვინის არეალი) ასევე თანაბრად შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ოქროს ნივთების წარმოშობის ერთ-ერთი რეგიონი.

კომისია, რომელიც „საყდრისი-ყაჩაღიანის“ ოქროს მაღაროს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა, მიიჩნევს, რომ საყდრისი მე-2 ათასწლეულის მე-2 ნახევრის ან უფრო მოგვიანო ხანის ჩვეულებრივი სპილენძის მაღაროა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს არ წარმოადგენს.[14]

აღსანიშნავია, რომ ვახუშტი ბატონიშვილი, თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, მიუთითებს, რომ აბულმუგში (საყდრისი-ყაჩაღიანი ისტორიული სახელწოდება) XVIII საუკუნეში მოიპოვებდნენ მხოლოდ რკინას, სპილენძს და ქვალაჟვარდს.[15]

არქეოლოგიურ-ისტორიული ინტერპრეტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ მოპოვებულია ათასობით ქვის ინვენტარი, ერთ ათეულზე მეტი ძვლის ნივთი, რაც მათი ვარაუდით, გამოიყენებოდა ე.წ. „მაღაროდან“ გამოტანილი მადნის დასამუშავებლად, თუმცა გერმანულ-ქართული ექსპედიციის მიერ არც ერთ ამ ნივთზე არ არის ჩატარებული თანამედროვე ინტერდისციპლინარული კვლევა. ასევე არ არის გაკეთებული ღმოჩენილია ტიგელის ანალიზი, რომელიც გამდნარი ლითონის ჩამოსასხმელად გამოიყენებოდა.[16]

ობიექტზე (ბალიჭი-ძეძვები, რომელსაც ქართულ-გერმანული ექსპედიცია სამთოელთა დასახლებად მიიჩნევს) აღმოჩენილია ქურა, დიდი რაოდენობით სასრესი ქვები, სანაყები და უროები, რომელიც ქართულ-გერმანული ექსპედიციის ინფორმაციით მადნის დასაფქვავად გამოიყენებოდა.[17]

იქიდან გამომდინარე, რომ ოქრო თავისი ფიზიკური თვისებების გამო (იგი რბილია და ადვილად იჭედება) კვალს ტოვებს მადნის დამუშავების ყველა ეტაპზე, ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ეს კვალი უნდა აღმოჩენილიყო მადნების მოპოვებისა და დამუშავების იარაღების ზედაპირებზეც, ისევე როგორც სადნობი ღუმელის და ტიგელის ნაშთებზე, რაც საყდრისის შემთხვევაში არ გამოვლენილა.[18]

ინტერდისციპლინარული კვლევების მიხედვით, ამ ხეობაში, კვირაცხოვლის ძვ. წ. მე-5 ათასწლეულის ნამოსახლარზე, აგრეთვე ადრეულ ყორღანში გამოვლენილი მასალა მიუთითებს მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების განვითარებაზე. ასეთივე სურათი დასტურდება ახ.წ. 5 საუკუნის ნამოსახლარზეც.[19]

როგორც გეოლოგები აცხადებენ, რომ ობიექტის ტერიტორიაზე ქანების სიმტკიცე 20%-ით აღემატება ადგილზე აღმოჩენილ ე. წ. ინსტრუმენტების სიმტკიცეს.[20]

გერმანული ექსპედიციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების თანახმად, ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ საყდრისში მოპოვებულია ნახშირის მცირე რაოდენობა.[21]

როგორც „საყდრისი-ყაჩაღიანის“ ოქროს მაღაროს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას მიაჩნია, თუ ექსპედიციის მიერ მოპოვებული ნახშირი აღნიშნული ქვაბულების თერმული დამუშავების შედეგადაა გაჩენილი, მაშინ ეს ერთეული ფრაგმენტები მადნის მოპოვებისათვის ძალიან ცოტაა. კომისიის დასკვნის თანახმად, ქვაბულის თერმული დამუშავების შედეგად აქ პრაქტიკულად ნაცრისა და ნახშირის უზარმაზარი მასა, ასეული კუბამეტრი ნახშირის მასა უნდა წარმოქმნილიყო, რაც არ არსებობს.[22] [23]

კომისიის აზრით, ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ გამოთქმული ვარაუდი მღვიმის თერმული დამუშავების შესახებ, ფაქტობრივად მოპოვებული მასალის (მცირე რაოდენობის ნახშირი) საფუძველზე არგუმენტაციას სრულად მოკლებულია.

ქართულ-გერმანული ექსპედიციის მტკიცებით, „საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროდან“ 5400 წლის წინ სავარაუდოდ რამდენიმე ათეული კილო ოქროა მოპოვებული. აღსანიშნავია რომ ამ პერიოდის ოქრო საქართველოში აღმოჩენილი არ არის.[24]

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ანალიზების შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური მასალებით, არ არის წარმოდგენილი აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი საწარმოო ნაშთების ანალიზების შედეგები, რომლებიც ამ მაღაროში სამთო წესით ოქროს წარმოებას დაადასტურებდა. მათ შორის, არც ტიგელის ანალიზის შედეგები, რაც პირდაპირ ინფორმაციას მისცემდა მეცნიერებს ლითონის იმ სახეობის შესახებ, რისთვისაც ეს ნივთი გამოიყენებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ არტეფაქტებზე ტრასოლოგიური კვლევები არ ჩატარებულა და შესაბამისად ოქროს კვალი არ დადასტურებულა, აღმოჩენილი არტეფაქტების ოქროს მადნის დასაფქვავ ინსტრუმენტებად ცალსახად მიჩნევას მეცნიერთა ნაწილი ეჭქვეშ აყენებს.[25]

იურიდიული რეალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, 2006 წელს, მაშინდელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის, გიორგი გაბაშვილის ბრძანების (№3/133) საფუძველზე მიენიჭა.[26] ამ ბრძანებით, მინისტრმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგინა 4000-ზე მეტ ძეგლს, რომლებიც 1999 წელს შეცდომით ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა. ამ ძეგლების 148-გვერდიან ჩამონათვალში აღმოჩნდა საყდრისის ობიექტი, რომელსაც 1999 წლამდე ძეგლის სტატუსი არ ჰქონია.

საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნის თანახმად, — „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო“ სამართლებრივად არ უნდა მოხვედრილიყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 30.03.2006წ. №3/133 ბრძანების დანართში, რადგანაც არ წარმოადგენდა მისი რეგულირების საგანს და ამდენად იგი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეიტანეს ზემოხსენებულ სამართლებრივ აქტში. ასევე, ძეგლის სტატუსი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უნდა მინიჭებოდა მხოლოდ კომისიის დასკვნის საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა,რის შედეგადაც დაირღვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის, მე-16, მე-2 და მე-18.1 მუხლები.[27] სამინისტროში არ მოიძებნა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო არქეოლოგიური ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი“.[28][29][30][31]

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2006 წლის 30 მარტს, მაშინდელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით №3/133 ობიექტს მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი.
  • 2006 წლის 17 ივლისის, კულტურისა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანების №3/225-N1-1/616 საფუძველზე ობიექტს დაუდგინდა არქეოლოგიური დაცვის ზონა.
  • 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით №665 ობიექტს მიენიჭა ეროვნული კატეგორია.
  • 2013 წლის 28 მაისს, კულტურის მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა ძეგლისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. როგორც ამ კომისიამ შემდეგში დაადგინა, რომ ობიექტს სტატუსი მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით.[32]
  • 2013 წლის 5 ივლისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით №3/108 ობიექტს გაუუქმდა ძეგლის სტატუსი.
  • 2013 წლის 10 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით №563 ობიექტს გაუუქმდა ეროვნული კატეგორია.
  • 2013 წლის 7 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის განკარგულებით №1436 ობიექტს გაუუქმდა არქეოლოგიური ზონა.

ობიექტის მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურის სამინისტროსა და საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნის თანახმად, „ობიექტის აუთენტური მდგომარეობა დარღვეულ იქნა 1980 წლებში წარმოებული მასშტაბური გეოლოგიური საძიებო საქმიანობის დროს. უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაში ობიექტი შეიცავს სერიოზურ საშიშროებას ვიზიტორთა და მკვლევართათვის. დაფიქსირებულია ე. წ. მაღაროს მრავალგზის ჩამოქცევის ფაქტები. ობიექტის არსებული სახით შენარჩუნება სპეციალური ჩარევისა და მისი მნიშვნელოვანი სახეცვლის გარეშე შეუძლებელი და დაუშვებელია - უსაფრთხოების მოთხოვნებიდან და საინჟინრო-გეოლოგიური ნორმებიდან გამომდინარე. ხოლო მისი კაპიტალური გამაგრება თავის მხრივ მის მეტად სახეცვლილებას და აუთენტურობის დაკარგვას გამოიწვევს“.[33][34]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თ. მუჯირი ლ. ჯაფარიძე 1987 წ.
  2. აბულმუგი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის N 03/82 ბრძანების საფუძველზე შექმნილი, ბოლნისისი მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნა.[მკვდარი ბმული]
  4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო[მკვდარი ბმული]
  5. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ადამია „პრაიმტაიმი“
  6. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო[მკვდარი ბმული]
  7. ქართულ-გერმანული ექსპედიციის ანგ. 2010, გვ. 54, 68, 74, 76
  8. Thomas Stoellner, Irina Gambashidze. Gold in Georgia II. The Oldest Gold Mine in the world. Anatolian Metal V. Bochum, 2011, p. 187-201
  9. უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში. თბ.2010. გვ. 54
  10. Thomas Stoellner, Irina Gambashidze. Gold in Georgia II. The Oldest Gold Mine in the world. Anatolian Metal V. Bochum, 2011, p. 187-201
  11. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ადამია „პრაიმტაიმი“
  12. Thomas Stoellner, Irina Gambashidze. Gold in Georgia II. The Oldest Gold Mine in the world. Anatolian Metal V. Bochum, 2011, p. 187-201
  13. Thomas Stoellner, Irina Gambashidze. Gold in Georgia II.გვ. 198
  14. „საყდრისის საკითხით პროკურატურა და შემოსავლების სამსახური უნდა დაინტერესდნენ“ დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. News.ge
  15. აბულმუგი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  16. „კულტურის სამინისტრო სკანდალში გაეხვა“[მკვდარი ბმული] „პრაიმტაიმი“
  17. საყდრისის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის 2007 წლის ანგარიში. გვ 13
  18. საყდრისის-ყაჩაღიანის საბადო — მითი თუ სამეცნიერო თაღლითობა?[მკვდარი ბმული] „პრაიმტაიმი“
  19. გაზეთი „პრაიმ-ტაიმი“ 2014 წლის იანვარი, N 253
  20. გეოლოგი დავით მელაშვილი[მკვდარი ბმული] for.ge
  21. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო[მკვდარი ბმული]
  22. საყდრისი-ყაჩაღიანის კვლევის კომისიის ღია წერილი საზოგადოებას
  23. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის N 03/82 ბრძანების საფუძველზე შექმნილი, ბოლნისისი მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნა.[მკვდარი ბმული]
  24. ირინა ღამბაშიძე: „ძვირადღირებული კვლევები არ ჩატარებულა, ვიცოდით, რომ ოქრო იყო“[მკვდარი ბმული]
  25. საყდრისის-ყაჩაღიანის საბადო — მითი თუ სამეცნიერო თაღლითობა?[მკვდარი ბმული] „პრაიმტაიმი“
  26. კულტურის მინისტრის ბრძანება №3/133. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-04. ციტირების თარიღი: 2014-10-28.
  27. საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
  28. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის N 03/82 ბრძანების საფუძველზე შექმნილი, ბოლნისისი მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნა.
  29. კულტურის სამინისტროს „ოქროს კვეთა“ ინტერესთა კონფლიქტის ფონზე „ნეტგაზეთი“
  30. „დავით სახვაძის, მარინე ცინცაბაძის, ჯუმბერ ხანთაძის, გიგო ჯანდიერის, რაულ გვეტაძის, გივი ინანიშვილის, ვანო თვალავაძის, რევაზ კანაშვილის ასოციაცია „მწვანე ალეტერნატივას“ და ირინა ღამბაშიძის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ — საქართველოს მთავრობა[მკვდარი ბმული]
  31. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის N 03/82 ბრძანების საფუძველზე შექმნილი, ბოლნისისი მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნა.[მკვდარი ბმული]
  32. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის N 03/82 ბრძანების საფუძველზე შექმნილი, ბოლნისისი მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნა.[მკვდარი ბმული]
  33. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-04. ციტირების თარიღი: 2014-10-28.
  34. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის N 03/82 ბრძანების საფუძველზე შექმნილი, ბოლნისისი მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნა.[მკვდარი ბმული]