სამუელ ბუაჩიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამუელ გრიგოლის ძე ბუაჩიძე (პარტიზანული ფსევდონიმი ნოე; დ. 17 ივლისი [ძვ. სტ. 5 ივლისი], 1882, ფარცხნალი, შორაპნის მაზრა ― გ. 3 ივლისი [ძვ. სტ. 20 ივნისი], 1918, ვლადიკავკაზი) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე. ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. კომპარტიის წევრი 1902-იდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და მასწავლებელთა კურსები. 1905 წელს იყო რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი, ბელაგორის (ახლანდელი ხარაგაული) ბოლშევიკური ორგანიზაციის მეთაური და დასავლეთ საქართველოში გლეხთა შეიარაღებული გამოსვლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1906-1907 წლებში აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ვლადიკავკაზში, დონის როსტოვსა და მოსკოვში. რევოლუციურ მოღვაწეობისათვის ბუაჩიძე სამხედრო-საველე სასამართლოს გადასცეს. მას სიკვდილი დასჯა მოელოდა, მაგრამ გაქცევა მოახერხა.

1907 წელს ბუაჩიძე მოსკოვში დააპატიმრეს და 4 წლის საკატორღო მუშაობა, ხოლო შემდეგ ციმბირში სამუდამოდ გადასახლება მიუსაჯეს. 1911 წელს საზღვარგარეთ გაიქცა. ჯერ თურქეთში ცხოვრობდა, შემდეგ ბულგარეთში, სადაც დაუახლოვდა ბულგარეთის რევოლუციური მოძრაობის ბელადებს დ. ბლაგოევს და გ. დიმიტროვს, მონაწილეობდა ბულგარეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის მემარცხენე მიმდინარეობის — "ვიწრო სოციალისტების" მუშაობაში, აქვეზნებდა სტატიებს ბულგარეთის პრესაში. 1914-1915 წლებში ბუაჩიძემ წერილობითი ურთიერთობა დაამყარა ვლადიმერ ლენინთან. ბულგარეთიდან ბუაჩიძე შვეიცარიაში გადავიდა და ჟენევის ბოლშევიკური ჯგუფის აქტიური წევრი გახდა. იქ პირადად გაიცნო ლენინი, მუშაობდა რსდმპ (ბ) ცკ-ის დავალებით.

1917 წლის აპრილში ბუაჩიძე ემიგრაციიდან რუსეთში დაბრუნდა. პარტიის ცკ-მა იგი გაგზავნა ვლადიკავკაზში, სადაც სერგეი კიროვთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო საბჭოთა ხელისუფლების გამარჯევბისა და განმტკიცებისათვის ბრძოლაში. ბუაჩიძე იყო ვლადიკავკაზის ბოლშევიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვლადიკავკაზის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმისა და რსდმპ (ბ) კავკასის სამხარეო კომიტეტის წევრი. 1918 წლის მარტში ბუაჩიძე თერგის საბჭოთა რესპუბლიკის სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ენერგიულად იბრძოდა თერგის ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის აღდგენისათვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის. 20 ივნისს მიტინგზე გამოსვლის დროს მოკლეს კონტრრევოლუციონერებნა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სვანიძე კ., სამუელ (ნოე) გრიგოლის ძე ბუაჩიძე, თბ., 1956;
  • Дубинский-Мухадзе И., Ной Буачидзе, М., 1960;