ჟან ბატისტ ლამარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟან ბატისტ ლამარკი
Jean-Baptiste de Lamarck

ჟან ბატისტ ლამარკი
დაბადების თარიღი 1 აგვისტო 1744
დაბადების ადგილი ბაზანტენი, პიკარდია
გარდაცვალების თარიღი 18 დეკემბერი 1829
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო ბიოლოგია
ბოტანიკა

ჟან ბატისტ ლამარკი (ფრანგ. Jean-Baptiste de Lamarck; დ. 1 აგვისტო 1744, ბაზანტენი, პიკარდია — გ. 18 დეკემბერი 1829, პარიზი) — ფრანგი ბუნებისმეტყველი, პირველი სრული ევოლუციური თეორიის ფუძემდებელი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1783).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჟან ბატისტ ლამარკის ძეგლი პარიზში

სწავლობდა კათოლიკურ სკოლაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო (1768-მდე). სწავლობდა პარიზის უმაღლეს სამედიცინო სკოლაში (1789-იდან), მუშაობდა სამეფო ბოტანიკურ ბაღში (1772-1776 წწ.), რომელიც შემდეგ (1793) პარიზის საბუნებისმეტყველო მუზეუმად გადაკეთდა; აქ 24 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა უხერხემლო ცხოველთა („მწერებისა” და „ჭიების”) კათედრას.

ლამარკი ემხრობოდა საფრანგეთის დიდ რევოლუციას. ცხოვრობდა ხელმოკლედ, სიბერეში დაბრმავდა (1820 წ.). გარდაიცვალა სიღარიბეში.

ლამარკის ბოტანიკური გამოკვლევათაგან აღსანიშნავია 3-ტომიანი „საფრანგეთის ფლორა” (1788 წ.), რომელშიც პირველად იყო გამოყენებული მცენარეთა რკვევა დიქოტომიური პრინციპით. თავის კაპიტალურ ზოოლოგიურ ნაშრომებში („უხერხემლო ცხოველთა სისტემა“, 1801; „უხერხემლო ცხოველთა ბუნებრივი ისტორია“, ტ. 1-7, 1815-1822 და სხვ.). ლამარკმა აღწერა მრავალი თანამედროვე და ამომწყდარი ცხოველი, განიხილა ზოოფსიქოლოგიური საკითხები, შემოიღო ცხოველების დაყოფა უხერხემლოებად და ხერხემლიანებად. დააჯგუფა ისინი 14 კლასად. შექმნა ცხოველთა ორიგინალური სისტემა.

ლამარკის ევოლუციური სისტემა მოცემულია მის „ზოოლოგიის ფილოსოფიაში“ (1809 წ.). ამ თეორიის თანახმად, ორგანიზმები იცვლებიან და ვითარდებიან უმარტივესიდან ურთულესისაკენ ორგანიზაციის ამაღლების („გრადაციის“) გზით და ქმნიან ეგრეთწოდებულ „არსთა კიბეს“.

ევოლუციურ მამოძრავებელ ძალად ლამარკს მიაჩნდა თვით ორგანიზმებში არსებული „სწრაფვა სრულყოფისაკენ“, ხოლო განვითარების პროცესში მათი გარდაქმნის მიზეზად — გარემოს პირობების უშუალო ზემოქმედებით გამოწვეული ცვლილებები, რომლებიც შთამომავლობას გადაეცემა. ამრიგად, ლამარკის თეორია სწორად ასახავს ევოლუციური პროცესის რეალურად არსებობას, მაგრამ ვერ იძლევა მისი მიზეზების მატერიალისტურ ახსნას (ლამარკიზმი).

აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ბიოლოგია“ პირველად ერთდროულად, მაგრამ ერთიმეორისაგან დამოუკიდებლად, იხმარეს ლამარკმა და გ. რ. ტრევირანუსმა (1802 წ.).

ლამარკს ეკუთვნის გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და მეტეოროლოგიური გამოკვლევებიც, რომლებშიც იგი ეყრდნობა განვითარების იდეებს ისტორიზმის პრინციპს.

თხზულება[რედაქტირება]

  • Systéme des animaux sans vertébres, P., 1801;
  • Systéme analytique des connaissances positives de l'homme. P., 1820;
  • Histoire naturelle des animaux sans vertébres, 2 éd., t. 1—11, P., 1835—45;
  • Избр. произв., т. 1—2, М., 1955—59.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ნათაძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 115, თბ., 1983 წელი.
  • Комаров В. Л., Ламарк, М. — Л., 1925;
  • Пузанов И. И., Жан Батист Ламарк, М., 1959;
  • Landrieu М., Lamarck, ie fondateur du transformisme, P., 1909;
  • Perrier E., Lamarck, P., 1925;
  • Grassé P.-P., Lamarck et son temps: L'évolution, P., 1957;
  • Mantoy B., Lamarck, créateur de la biologie, P., 1968.