ჟაკ პრევერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟაკ პრევერი.

ჟაკ პრევერი (Jacques Prévert) (4 თებერვალი, 1900 - 11 აპრილი, 1977), ფრანგი პოეტი და სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჟაკ პრევერი პარიზის მახლობლად, საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. მამას, რომელიც თეატრის კრიტიკოსია, ხშირად დაჰყავდა წარმოდგენებზე. 15 წლის ასაკიდან ჟაკი საკუთარი შრომით იწყებს თავის რჩენას და სხვადასხვა წვრილ სამუშაოებს ასულებს. 1918 წელს ჯარში იწვევენ და ახლო აღმოსავლეთში აგზავნიან.

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ იგი მონპარნასზე მეგობართან ბინავდება და ბოჰემურ ცხოვრებას ეწევა. ამ პერიოდში იცნობს ბრეტონს, დუშამელს, კენოსა და დესნოსს და 1925 წელს მათთან ერთად სიურეალისტურ მოძრაობაში შედის, თუმცა 1928 წელს იქიდან გაძევებულ იქნება. 1930 წლიდან პრევერი იწყებს ფილმის სცენარებისა და დიალოგების წერას. 1933 წლიდან ჟოზეფ კოსმამი პრევერის ლექსებზე სიმღერების შექმნას იწყებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამავდროულად პრევერი თეატრალურ პიესებსაც წერს. 1946 წელს გამოდის მისი ლექსების კრებული სიტყვები, რომელიც სულ მალე დიდ წარმატებას აღწევს.

77 წლის ასაკში ჟაკ პრევერი ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა.

შემოქმედება[რედაქტირება]

პრევერი იმდენად ინდივიდუალისტია, რომ არც ერთ ფილოსოფიურ თუ პოლიტიკურ მიმდინარეობაში არ ჯდება, ისევე როგორც ძნელია მისი შემოქმედების მიკუთვნება რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობისათვის. როგორც ყველა სიურეალისტი თავიდან ისიც ანარქისტი იყო. მან ბოლომდე შეინარჩუნა მეამბოხე სული და ანტიკონფორმიზმი. მისი ოპტიმიზმი სიმარტივესა და ბუნებრიობაზეა დაფუძნებული.

პრევერის პოეზიის მთავარი მახასიათებელია სიტყვებით თამაში, ნეოლოგიზმები, ორმაგი მნიშვნელობები, რასაც პოეტი დიდი ოსტატობით იყენებს.

  • სიტყვები, 1946
  • ზღაპრები ცელქი ბავშვებისთვის, 1947
  • წარმოდგენა, 1951
  • წერილები ბალადარის კუნძულებიდან, 1952
  • ავდარი და დარი, 1955
  • ამბები, 1946
  • გროვა, 1966

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]