პორტალი:სამეგრელო/რჩეული ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ხიბულა, წალენჯიხის რაიონი), მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1993).


დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:

  • პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;
  • მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები. (სრულად...)