პორტალი:ომი/რჩეული მხედართმთავარი/2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე ბაგრატიონი
პეტრე ბაგრატიონი

პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (დ. 1765, ყიზლარი, ახლანდელი დაღესტანი ― გ. 12 (24) სექტემბერი, 1812, სოფ. სიმი, ახლანდელი ვლადიმირის ოლქი), რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), რუსეთის 1812 წლის სამამულო ომის გმირი. წარმოშობით ის ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო. მასზე ნაპოლეონს უთქვამს:

ვიკიციტატა
„რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს. ესაა ბაგრატიონი“
(აკაკი გელოვანი — სიბრძნის სიმფონია, თბილისი, 1989, გვ. 296)

ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მან ასევე თავი გამოიჩინა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1799 წელს მონაწილეობდა ალექსანდრე სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. საფრანგეთთან 1805-1807 წლების ომში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოფ. შენგრაბენთან. მან 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი არმია. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პრეისიშ-ეილაუსა და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას. 1809-1810 წლებში მარტამდე სარდლობდა მოლდავეთის არმიას რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1811 წლის აგვისტოდან სარდლობდა პოდოლსკის არმიას, 1812 წლის მარტიდან — II დასავლეთის არმიას. ბოროდინოს ბრძოლაში იგი სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას. ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა და მას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში. დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს. (…სრულად)