ოლიმპი (მარსი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპი — უმაღლესი მთა მარსზე და მთელ მზის სისტემაში

ოლიმპის მთა (ლათ. Olympus Mons) — ჩამქრალი ვულკანი მარსზე, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთაა. სახელი შერქმეულია ბერძნულ მითებში მოხსენიებული ოლიმპოს მთის მიხედვით, სადაც ცხოვრობდნენ ოლიმპოს ღმერთები.

კოსმოსური ხომალდების გაფრენამდე (რომლებმაც დაადასტურეს, რომ ოლიმპი მთაა) ეს მთა ასტრონომებისთვის ცნობილი იყო როგორც Nix Olympica ("ოლიმპის თოვლი").

აღწერა[რედაქტირება]

ოლიმპის სიმაღლეა 26,2 კმ. მის ძირთან მიმართებაში, რაც 2,6-ჯერ უფრო დიდია ვიდრე მაუნტ-კეა, ყველაზე მაღალი ვულკანური წარმონაქმნი დედამიწაზე (დაახლ. 10 კმ.). ოლიმპი გაშლილია 540 კმ. დიამეტრის ფართობზე და აქვს 7 კმ.-მდე სიმაღლის ციცაბო ფერდობები. მათი წარმოშობის მიზეზი ჯერჯერობით არაა მკაფიოდ განსაზღვრული, თუმცა ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ოდესღაც მარსზე არსებული ოკეანის მიერ ფერდობების ჩამორეცხვით.

ოლიმპის ვულკანური კალდერის სიგრძეა 85 კმ, ხოლო სიგანე — 60 კმ. კალდერის სიღრმე კი ექვსი გადაფარული ვულკანური კრატერის წყალობით აღწევს 3 კმ-ს. შედარებისათვის, დედამიწაზე ყველაზე დიდი ვულკანის, ჰავაის კუნძულებზე არსებული მაუნტ ლოას კრატერის დიამეტრი შეადგენს 6,5 კმ-ს.

ატმოსფერული წნევა ოლიმპის მწვერვალზე შეადგენს 2 %-ს მარსის ზედაპირის საშუალო დონესთან შეფარდებით (შედარებისთვის, წნევა ევერესტის მწვერვალზე შეადგენს 25 %-ს ზღვის დონესთან შეფარდებით).

ოლიმპი იკავებს იმხელა ფართობს, რომ მისი მთლიანი დანახვა შეუძლებელია პლანეტის ზედაპირიდან. შესაბამისად, რომ დავდგეთ ვულკანის უმაღლეს მწვერვალზე, მისი ფერდობები გასცდება ჰორიზონტს.

ვულკანიზმი[რედაქტირება]

ოლომპი ჩამქრალი ვულკანია, რომელიც წარმოიქმნა ამოფრქვეული ლავის ნაკადებისგან. ვინაიდან ვულკანის სიგანე 3-ჯერ აღემატება მის სიმაღლეს, სავარაუდოა, რომ ამოფრქვევა გრძელდებოდა დიდი ხნის მანძილზე.

აპარატ "მარს-ექსპრესის" ფოტოსურათების ანალიზმა ცხადყო, რომ ოლიმპის ფერდობზე არსებული ყველაზე გვიანდელი ლავის ასაკია დაახლოებით 2 მილიონი წელი. ამიტომაც, არაა გამორიცხული, რომ ვულკანი კვლავ ამოქმედდეს.

ოლიმპის გიგანტური ზომა მიანიშნებს იმაზე, რომ მარსს დედამიწისგან განსხვავებით შესაძლოა არ გააჩნდეს ტექტონიკური ფილები. ვინაიდან არ ხდება ფილების მოძრაობა, ვულკანი შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე.

გარემოცვა[რედაქტირება]

ოლიმპი მდებარეობს ფარსიდის პროვინციაში, სადაც არსებობენ სხვა გიგანტური ვულკანებიც: არსიას, ფარშევანგის და ასკრიის მთები, თუმცა ყველა მათგანი სიდიდეში ჩამოუვარდება ოლიმპს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]