ნაგზაურის ნამონასტრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაგზაურის ნამონასტრალი — არქეოლოგიური ძეგლი ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადსა და ტნუსს შორის გაშლილ მინდორზე. კომპლექსი თბილისი-დმანისის სამანქანო გზის პირასაა განლაგებული. ძეგლი ითხრებოდა 1988, 2001-2004 წლებში, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციის მიერ.

კომპლექსი შემოსაზღვრულია კვადრატს მიახლოვებული ოთხკუთხა (25 X 27 მ) ზღუდით. ზღუდის აღმოსავლეთ კედელთან, თითქმის ერთ ხაზზეა განლაგებული ოთხი შვერილაფსიდიანი დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. შვერილი აფსიდები ზღუდის კედლის გარეთაა მოქცეული.

პირველი ეკლესიის მოგვიანო სამხრეთი მინაშენით, აღმოჩნდა კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუთხეში. ის ყველაზე დიდი ზომისაა და ყველაზე ადრეულია. მომდევნო ორი ეკლესიის ნანგრევები გაითხარა იქვე, სამხრეთით 4 მეტრის დაშორებით. ერთი მათგანი, რომელსაც პირობითად მეორე ეკლესია ეწოდა, მესამეზე ადრეულია, რადგან მეორე ეკლესიის დანგრევის შემდეგ, მესამე სწორედ მის საფუძველზეა აგებული. მეოთხე ეკლესია გამოვლინდა ასევე სამხრეთით 5 მეტრის დაშორებით. ის მესამე ეკლესიის დანადროული უნდა იყოს. ბოლო ორი ეკლესიის აგების შემდეგ მთელ კომპლექსს შემოავლეს ზღუდე, რომლის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთზე მიდგმულია ორი სენაკი.

პირველი ეკლესია (10,6 X 6,3 მ) ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. ნაგებია დამუშავებული ქვიშაქვის ქვებით. შემოსასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. იატაკი მიწატკეპნილია. საკუტღცევლის ცენტრში, კეთელთან ქვით ნაშენი ნახევარწრიული ტრაპეზია. საკურთხეველი გამიჯნული ყოფილა დაბალი კანკელით. ეკლესიის სამხრეთით მთელ სიგრძეზე დაფიქსირდა გვიანდელი მინაშენი.

მეორე ეკლესია შვერილაფსიდიანი დარბაზული ნაგებობაა (7,65 X 4,6 მ). ეკლესია მკვიდრად ყოფილა ნაშენი ბაზალტის ქვებით. კედლების სისქე 0,8 მეტრია, იატაკი თიხატკეპნილია.

მეორე ეკლესიის დანგრევის შემდეგ მისი კედლები მოუსწორებიათ და ზედ მესამე მცირე ზომის (5,8 X 4 მ) ეკლესია დაუშენებიათ. ისიც შვერილაფსიდიანი დარბაზული ნაგებობაა. ნაშენი უხეშად დამუშვებული ფლეთილი ქვებით თიხის ხსნარზე. კედლების სისქე 0,8 მ-ია. იატაკი თიხატკეპნილია. შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტები. შესასვლელი უნდა ჰქონოდა ჩრდილოეთიდან, რაც იშვიათი შემთხვევაა და მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ამას ნაგებობის ადგილმდებარეობა მოითხოვს. ამ შემთხვევაშ ჩრდილოეთი შესასვლელით ეკლესია მოხერხეულად უკავშირდებოდა პირველი ეკლესიის სამხრეთ კარიბჭეს.

მეოთხე ეკლესიასაც შევერილაფსიდიანი დარბაზული ნაგებობა (6,2 X 4,3 მ). კედლები განიერია 0,9-1 მეტრი. კედლები აქაც თიხის ხსნარზეა ნაგები. ფასადებზე პირმოსწორებული ფლეთილი ქვებია, ხოლო კუთხეებში მოზრდილი მართკუთხა ქვათლილები. შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. დარბაზის თიხატკეპნილ იატაკთან შედარებით, საკურთხეველი რამდენამდე ამაღლებულია. საკუთხეველი დარბაზიდან გამოყოფილია ქვის დაბალი კანკელით. მეოთხე ეკლესია მესამის მსგავსია და მისი თანადროული ჩანს.

კომპლექსის ეზო შემოფარგლულია ზღუდით, რომელიც ნაგებია თიხითა და სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვებით. კედლების სიგანე 0,7-1 მეტრია. ეზოში შესასვლელი უნდა ყოფილიყო ზღუდის დასავლეთ კედელში.

ზღუდის დასავლეთ კედელთან გამოვლინდა 2 სათავსი (3,4 X 2,4 მ; 1,9 X 3,6 მ). სავარაუდოდ სენაკები, რომლებიც ნაგებია ფლეთილი ქვებით თიხის ხსნარზე. იატაკი მიწატკეპნილია. ეკლესიების გათხრებისას აღმოჩნდა: ღარიანი და ბრტყელი კრამიტები, ამ უკანასკნელითაგან ზოგიერთი წერნაქითაა შეღებილი; შვერილიანი თიხის ფილები; ბრინჯაოს საკინძი ოქროს ვარდულით. კერამიკა მცირე რაოდენობითაა გამოვლენილი. ისინი სამზარეულო და სამეურნეო დანიშნულებისთვისაა.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეკლესიებში და მათ ირგვლივ გამოვლენილი სხვადასხვა ფერის ტუფის ქვებისგან გამოთლილი ორნამენტირებული კაპიტელები და ქვაჯვარები; საერთო და რელიგიური ხასიათის სხვადასხვა სიუჟეტითა და ქრისტიანული სიმბოლოებით (ფარშევანგი, ლომი) შემკული რელიეფის ფრაგმენტები. მათგან ზოგიერთზე შემორჩენილია ქართული ასომთავრული ასო-ნიშნები.

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შესწავლილი სამარხებიდან გვხვდება ორმოსამარხები და ქვის სამარხები. ზოგიერთი ორმოსამარხი ქვის ფილებით იყო გადახურული. სამარხების უმრავლესობაში მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანულად. გვხვდება როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური დაკრძალვა. სამარხში მიცვალებული დაეკრძალათ ე. წ. ვედრების პოზაში. მას მარცხენა ხელი მუცელზე ჰქონდა დადებული, მარჯვენა მოხრილი და სახესთან მიტანილი. სამარხებში მიცვალებულები დასვენებული იყო წარმართული წესით — მარჯვენა გვერდზე, მოხრილი ქვედა და ზედა კიდურებით. საფიქრებელია, რომ წარმართული წესით დაკრძალულები მოუნათლალები იყვნენ. სამარხებში გამოვლინდა, როგორც ქალების და მამაკაცების, ისე ბავშვების ჩონჩხები. მხოლოდ რამდენიმე სამარხში აღმოჩნდა მცირე რაოდენობის ინვენტარი: რკინის სამაჯური, ბეჭედი, აბზინდა; ვერცხლის 2 ბეჭედი; ბრინჯაოს ბეჭედი და საკინძი; მინის ბეჭედი.

პირველი და მეორე ეკლესიის აგების თარიღი V-VI საუკუნეებით უნდა შემოიფარგლოს. შესაძლოა მეორე ეკლესია პირველის ცალკე მდგომი სანათლავიც იყოს, როგორც ეს ნეკრესიშია დადასტურებული. შესაძლოა ისინი დაინგრა 627-628 წლებში ჰერაკლე კეისრის ლაშქრობისას. ამ ეკლესიების და მთელი კომპლექსის ნგრევის ზედა ზღვარი VIII-IX საუკუნეები უნდა იყოს. არაა გამორიცხული, რომ კომპლექსი განადგურდა 730-იან წლებში ან მურმან ყრუს ან 853 წელს ბუღა თურქის შემოსევის დროს. ამის შემდეგ მონასტერი აღარ განახლებულა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ტ. I, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2014, გვ. 165-167.