დმანისის მუნიციპალიტეტი
| დმანისის მუნიციპალიტეტი | |
| ადმინისტრაციული ცენტრი | |
|---|---|
| რეგიონი | |
| დეპუტატი პარლამენტში |
კახაბერ ოქრიაშვილი |
| სიმჭიდროვე |
23.4 [1] კაცი/კმ² |
| ფართობი |
1198.8 კმ² |
| მოსახლეობის რაოდენობა |
35000 კაცი (2006 წელი) |
| ეროვნება |
აზერბაიჯანელები 74.4% |
| ვებ-გვერდი | |
დმანისის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქვემო ქართლის დასავლურ ნაწილში. 1917 წლამდე ახლანდელი დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ტფილისის გუბერნიაში, 1917 წლიდან 1930 წლამდე ტფილისის მაზრაში. 1930 წლიდან დმანისის რაიონი შეუერთეს წალკის რაიონს, 1933 წლიდან ხდება დამოუკიდებელი რაიონი. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
დმანისის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ბოლნისისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით საზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ ნაწილში ესაზღვრება სომხეთის რესპუბლიკა. მუნიციპალიტეტის ფართობია – 1198.8 კმ².
სექციების სია |
[რედაქტირება] გეოგრაფია
[რედაქტირება] რელიეფი
გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის ტერიტორია მრავალფეროვანია. პირველი თანრიგის ოროგრაფიული ერთეულებია: ვულკანური ქანებით აგებული ჯავახეთის ქედი, ლოქის ქედი; ასევე გომარეთისა და დმანისის ვულკანური პლატოები.
ჯავახეთის ვულკანური ქედი მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აგებულია უმთავრესად ბაზალტური ან ანდეზიტ-ბაზალტური ლავებით, რომლებსაც ვრცელი, ტექტონიკური ძალებით თაღისებურად ამობურცული განფენები წარმოუქმნია. ქედის აღმოსავლური დამრეცი კალთა დასერილია კანიონისებრი ხეობებით.[1]
ლოქის ქედი მუნიციპალიტეტის სამხრეთითაა განფენილი. აგებულია უმთავრესად ცარცული ხნოვანების ვულკანოგენური წყებებით, რომელთა ქვეშ გაშიშვლებულია ლოქის გრანიტული მასივის ძველი კრისტალური კომპლექსი. დამახასიათებელია საშუალომთიანი რელიეფი, ეროზიული, სტრუქტურული და დენუდაციური ფორმებით.
კვირიკეთისა და შინდლარის მთიან მასივებს შორის მოქცეულია გომარეთის პლატო, რომელიც თითქმის მთლიანად მდინარე შავწყაროსწყლის აუზში შედის. შავწყაროსწყლის ხეობა პლატოს თითქმის შუაზე სჭრის. გომარეთის პლატოს სიმაღლე ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 1250-1350 მ-ია, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კი სიმაღლე 1400-1450 მ-მდე მატულობს. პლატო დასავლეთიდან ჩაკეტილია – ჯავახეთის ქედით, ჩრდილოეთით – კვირიკეთის ქედით, სამხრეთით – ლუკუნის მასივით, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ხრამის ხეობით. გომარეთის პლატო აგებულია დოლერიტული ლავების რამდენიმე ერთმანეთზე გადაფარებული ლავური განფენით და მათთან დაკავშირებული ტბიური ნალექებით. პლატოს კიდეები იმეწყრება, რაც გამოწვეულია ლავური განფენების ქვეშ ჩაფენილი ტბიური ნალექების გამორეცხვით.[1]
გომარეთის პლატო დასერილია მდინარე შავწყაროსწყლისა და მისი შენაკადების კანიონებითა და ხეობებით, რომელთა სიღრმეა 10-500 მ.
მდინარე მაშავრის ზემო დინების აუზში მდებარეობს დმანისის პლატო, რომელიც იფარგლება შინდლარის მასივით, ლოქის ქედითა და ჯავახეთის ქედის კალთებით. გეგმაზე სამკუთხა ფორმა აქვს. იგი ვიწროვდება ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ. პლატოს ზედაპირის სიმაღლე ცვალებადობს 900-950 მ-იდან 1600-1700 -მდე. აგებულია დოლერიტული ლავებით, რომელიც ქვედა მეოთხეულში ამოიღვარა ჯავახეთის ქედის სამხრულ ნაწილში – და მაშავრის ხეობას ჩამოჰყვა მარნეულის ვაკისაკენ. აქვე გვხვდება ტბიურ-ტუფოგენური ქვიშების გამოსავლებიც.[1] დმანისის პლატოზე მკაფიოდ გამოიყოფა სამი საფეხური. აქვეა კანიონებიც, რომელთა სიღრმე 70-80 მ-ს აღწევს. ძირითადია მაშავრის კანიონი, რომლებსაც შტოსებურად გამოეყოფიან მისი შენაკადების კანიონები.
[რედაქტირება] შიგა წყლები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია.
მთავარი მდინარეა მაშავერა, რომელიც სათავეს იღებს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2125 მ-ზე. მაშავერა მუნიციპალიტეტის ფარგლებში გაედინება სათავიდან სოფელ ვარდისუბნამდე. იგი მდინარე ხრამს მარჯვნიდან უერთდება უკვე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან. მაშავრის მთლიანი სიგრძეა 66 კმ, საშუალო წლიური ხარჯი დაახლ. 8 მ³/წმ. მუნიციპალიტეტის ფარგლებში მაშავრის მთავარი შენაკადებია: შახმარლო, სარფდერე, მოშევანი და სხვ.
მაშავრის ხეობა ხასიათდება ფართო და ბრტყელი ფსკერით, რაც აიხსნება ჯავახეთის ქედიდან ჩამოსული ლავური ღვარისა და მის მიერ გამოწვეული აკუმულაციის გავლენით.
დმანისის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ საზღვარზე გაედინება მდინარე ხრამი. მისი შენაკადებიდან მნიშვნელოვანია მდინარე შავწყაროსწყალი (ყარაბულახი), რომელიც ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე იწყება და ხრამს მარჯვნიდან უერთდება. მდინარე შავწყაროსწყლის ხეობა ქვემო ნაწილში ჩაჭრილია 500 მ სიღრმეზე, ცარცის ტუფოგენურ წყებაში, უფრო ზემოთ კი მისი გვერდების ზედა ნაწილი დაგვირგვინებულია დოლერიტის ქარაფებით; კიდევ უფრო ზემოთ სოფელ ზემო ყარაბულახთან ხეობა უკვე მთლიანად ლავებშია გამომუშავებული და დატოტვილია რამდენიმე შედარებით არაღრმა კანიონად. მდინარე შავწყაროსწყლის შენაკადებიდან მთავარია: დაგერმანდერესი, ახა, უსეინქენდი, თოზდუხი.
დმანისის მუნიციპალიტეტის მდინარეები იკვებებიან წვიმისა და თოვლის წყლით და აგრეთვე ლავებში გამომდინარე დიდდებიტიანი ვოკლუზური წყაროებით.
დმანისის მუნიციპალიტეტში არის პატარა ტბებიც. ყველაზე საყურადღებოა პანტიანისა და ოროზმანის ტბები.
[რედაქტირება] ჰავა
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერათ ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით. ზღვის დონიდან 1250 მ-ზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, სადაც ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 7,8°, იანვრის - 2,7°, ივლისის 18,2°. ნალექები 800 მმ წელიწადში. დმანისის პლატოზე განვითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 5-10°, იანვრის - 2-7°, ივლისის 13-21°. ნალექები 570-700 მმ წელიწადში.
[რედაქტირება] ნიადაგები
დმანისის პლატოზე გამოხატულია ტიპობრივი კარბონატული და გამოტუტვილი შავმიწები, რომლებიც პლატოს ზედა საფეხურზე შავმიწისებრ მთა-მდელოს ნიადაგებში გადადის. გომარეთის პლატოს ბრტყელ ნაწილებში ნიადაგური საფარი წარმოდგენილია გამოტუტვილი და დაწიდული შავმიწებით. ამ ძირითადი ნიადაგური ტიპის ფონზე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სიდიდის ლაქების სახით გამოხატულია სხვა ტიპები: ტიპობრივი მძიმე თიხნარი შავმიწები (მდინარე ახას მარცხენა სანაპიროზე – სოფელ სალამალეიქს, განახლებასა და ახას შორის), შავმიწებისა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების კომპლექსი, ნესტიან-მდელოსებრი და დაჭაობებული ნიადაგები.
დმანისის მუნიციპალიტეტში ნატბეურ ტაფობებსა და ტბების პირას გვხვდება დაჭაობებული და ნესტიან მდელოიანი ნიადაგები.
[რედაქტირება] ლანდშაფტები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:
- ტყის ყომრალი ნიადაგები მუხნარითა და წიფლნარით;
- ლავური პლატოები სტეპის მცენარეულობით მთის შავმიწა ნიადაგებზე;
- მთის მდელოები (გასტეპებული) მთის შავმიწისებრი ნიადაგით;
- კორდიან-ტორფიანი ნიადაგები ალპური მდელოებით;
- კანიონისებრი ხეობები კლდის ქსეროფიტული მცენარეულობით.
[რედაქტირება] ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება] ფლორა
ზღვის დონიდან 2000-იდან 2500 მ-მდე სუბალპური მდელოებია სტეპის ელემენტებით, სადაც ფართოდაა გავრცელებული სოსანი, ჩაღანდრი, კეწეწურა, მთის ტიმოთელა, მთის ბაია, მთის ბარისპირა, ოქროშვრია და სხვ. 2500 მ ზემოთ სუბალპურ მდელოებს ცვლის ალპური მდელოები, რომლებზეც იზრდება ცხვრის წივანა, ისლურა, ისლი, ესპარცეტი და სხვ. ტბისპირებთან ძირითადად ჩამოყალიბებულია წყლის მცენარეულობა (ძირითადად ლერწმიანები).
დმანისის პლატოზე ჭარბობს მთის სტეპები. კანიონებში კი შემორჩენილია წიფლნარი და მუხნარ-რცხილნარი. გომარეთის პლატოს ზედაპირი უტყეოა და ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის.
[რედაქტირება] ფაუნა
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაუნა უხვადაა წარმოდგენილი. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია მგელი, მელა, კურდღელი, ტყის კატა, გარეული ღორი, შველი, მურა დათვი, ციყვი და სხვ. ორნითოფაუნას ქმნიან მწყერი, ტყის ქათამი, გნოლი, კაკაბი, ღამურა, ბუ, ხოხობი და ა.შ.
მღრღნელებიდან აღსანიშნავია დედოფალა, თეთრკბილა ბრუცა, მემინდვრია, ტყის თაგვი და სხვ. ქვეწარმავლებიდან გვხვდება ხვლიკები, გველები; არის ასევე კუ და სხვ.
მდინარეებსა და ტბებში მოიპოვება გოჭალა, მურწა, კალმახი, სარკისებრი კობრი, თეთრი ამური და სხვ.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა – 28 ათასი კაცი, აქედან – 31,2% ქართველი, 66,7% აზერბაიჯანელი; სიმჭიდროვე – 23 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 59 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 58 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანო — გამგეობა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო — 1: დმანისი;
- თემის საკრებულო — 13: ამამლოს თემი, განთიადის თემი, გომარეთის თემი, გუგუთის თემი, დიდი დმანისის თემი, დმანისის თემი, კამარლოს თემი, კიროვისის თემი, მაშავერას თემი, სარკინეთის თემი, ქვემო ოროზმანის თემი, ყარაბულაღის თემი, ყიზილქილისის თემი.
- სოფლის საკრებულო — 2: ირგანჩაი, საკირე.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მეკარტოფილეობა და მეცხოველეობა. არის მცირე სიძლავრის საწარმოები.
[რედაქტირება] კულტურა
მუნიციპალიტეტში 44 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 21 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი. გამოდის ადგილობრივი გაზეთი.
[რედაქტირება] ხუროთმოძღვრული ძეგლები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მრავალი ისტორიულ არქიტექტურული ძეგლი. აღსანიშნავია დმანისის სიონი, რომელიც მდებარეობს სოფელ პატარა დმანისის მახლობლად. იგი VI საუკუნით თარიღდება. 1213-1222 წწ. ლაშა-გიორგის მეფობის დროს დასავლეთიდან ტაძრისათვის მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ. კარიბჭის ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი. სოფელ ბოსლების მიდამოებში დგას ეკლესია ბოსლების სამება.
სოფელ ამამლოს მიდამოებშია XII ს. ამამლოს ეკლესია. სოფელ განთიადში შემორჩენილია ეკლესია ყალამშა. მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია აგრეთვე ზემო ოროზმანის, ზემო ყარაბულახის, დიდი გომარეთის, კაკლიანის, სარკინეთისა და სხვა ეკლესიები.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯაყელი ქ., ზარდალიშვილი გრ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 593-594, თბ., 1978 წელი.
- უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 მარუაშვილი ლ. (1964). საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 331-341.
|
||||||||
|
||||||||||