მუხროვანის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუხროვანის ეკლესიის კომპლექსი — არიქტექტურული, მონუმენტური ხელოვნების ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვნის სამხრეთით, თბილისი-თელავის გზის მარხენა მხარეს. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

კომპლექსში შედის: ეკლესია, კარიბჭე და გაურკვეველი დანიშნულების (სატრაპეზო ?) კამაროვანი ნაგებობა. სათავსები მთის ციცაბო კლდის აღმოსავლეთ ფერდის შუა ნაწილში, სამხრეთ-ჩრდილოეთის ხაზზე, გვერდიგვერდ არის განლაგებული. ეკლესია და კარიბჭე კლდეშია გამოკვეთილი, კამაროვანი ნაგებობის კედლები კი ქვითკირისაა. კომპლექსისაკენ მიმავალი ბილიკი სამანქანო გზასთან ახლოს იწყება და ასიოდე მეტრის შემდეგ, ძეგლს სამხრეთიდან ადგება. თავდაპირველად კამაროვან ნაგებობაში ვხვდებით, აქედან - კარიბჭეში, ამ უკანასკნელიდან კი - ეკლესიაში. სხვა მხრიდან ეკლესია მიუდგომელია.

როგორც შემორჩენილი ნაწილებიდან ჩანს, ეკლესია და კარიბჭე ერთი პერიოდისაა, კამაროვანი ნაგებობა კი ოდნავ მოგვიანებით უნდა იყოს აგებული. სავარაუდოდ, ეკლესიის მოხატვის დროს.

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია, გამოკვეთილია კლდის ფერდის ჩრდილოეთ ბოლოში. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან, კარიბჭიდან აქვს. ეკლესიის მხრიდან კარი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული, კარიბჭის მხრიდან, როგორც ეს შემორჩენილი კვალიდან ჩანს, თარაზული თავი ჰქონია. შიგნიდან, კლდის კონფიგურაციის გამო, კარის თაღი და გვერდების ზედა ნაწილი აგურითაა გამოყვანილი. გარედან კი, კარის ქვედა ნახევარი და წირთხლები აგურითაა ნაწყობი, ზედა ნახევარი - კლდის ნატეხი ქვით.

ეკლესიის დარბაზი გეგმით ტრაპეციის ფორმისაა. აღმოსავლეთით იგი თანდათან ვიწროვდება და ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. ამჟამად აფსიდი შუაში განგრეულია, ხოლო სამხრეთ გვერდის დიდი ნაწილი - ჩამოშლილი.

აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდი დასრულებულია კონქით, რომელსაც კლდეშივე გამოკვეთილი, ნახევარწრიული მოხაზულობის, სატრიუმფო თაღი აქვს. ეკლესიის შიდა სივრცე ზემოთკენ ვიწროვდება და შეისრული ფორმის კამარის მსგავსი ჭერი აქვს.

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერიერი შელესილი და მოხატულია. თუმცა, კედელების ზედაპირი არც თუ ისე სწორია. მოხატულობა ორ რეგისტრადაა დაყოფილი. საკურთხეველის კონქში „ვედრებაა“ გამოხატული. მაცხოვარი დაბრძანებულია თეთრი ასისტებით დამუშავებულ, მოწითალო ტახტზე - ოვალური საზურგითა და ორფერი მუთაქით. ქრისტე მარჯვენა ხელით კი მუხლზე გადაშლილი წიგნი უპყრია, რომელზედაც ასომთავრული დამწერლობით შესრულებული მათეს სახარების პერიფრაზია: „მიიღ(ე)თ ხორცი/ჩ(ე)მი ახლ/ისა [ა]ღთქმისა თქ(უე)ნ(და)“ (მათეს სახარება 26. 26-28). მაცხოვრის მიმართ მავედრებელი ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის ტრადიციული გამოსახულებებიდან განმარტებითი, ასომთავრული წარწერა შემორჩა იოანეს: „[ნა]თლი(ი)სმც(ე)მ(ე)ლი“, მოხაზულობა დაზიანებულია, მაგრამ ნ. ტოლმაჩევსკაიას მიერ 1928 წელს შესრულებული ასლებით და მოხატულობის თანადროული აღწერილობით, იქმნება ეკლესიის დეკორის მეტნაკლებად მთლიანი სურათი.

ეკლესიის საკურთხევლის ქვედა რეგისტრები მედალიონებში ჩაწერილ გამოსახულებებს და ეკლესიის მამებს ჰქონიათ დათმობილი. სამრევლო დარბაზის კამარაცა და კედლებიც, მეორე რეგისტრზე წმინდანთა ცალკეული გამოსახულებების გარდა, მთლიანად ეძღვნებოდა „განკითხვის დღის“ მრავალეპიზოდიან კომპოზიციას.

კამარის ცენტრში, ნათების წრეში, გამოსახული იყო იესო ქრისტე. მაცხოვრის ფიგურიდან, ნ. ტოლმაჩევსკაიას დროს, ცეცხლოვან თვლებზე დაყრდნობილი მისი ფეხები და ცეცხლოვანი მდინარის სათავე იყო შემორჩენილი. გამოსახულებების ორივე მხარეს, კამარის ქანობებზე - შუბებით აღჭურვილი მცველი ანგელოზები და გრძელ მერხზე დაბრძანებული ექვს-ექვსი მსაჯული მოციქული. დასავლეთ ნაწილში გამოსახული იყო მაცხოვრის მიმართ მავედრებელი ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. სადღეისოდ, კამარის სამხრეთ ქანობზე კი - იოანე ნათლისმცემლის შარავანდიანი თავისა და სამი მცველი ანგელოზის ფრაგმენტები. კამარის დასავლეთ ნაწილშივე გოლგოთის რვამკლავა ჯვარია ვნების შესაბამისი იარაღებით და მის ორთავე მხარეს - მოფრენილი, მგლოვიარე ანგელოზებით. ჯვარი, იკონგრაფიული ტრადიციისამებრ ეფუძნებოდა ჰეტიმასიას ანუ „საყდარს განმზადებულს“, რომლის გამოსახულება უკვე დასავლეთ კედელზე გადადიოდა და მის გვერდით, ნ. ტოლმაჩევსკაიას აღწერის საფუძველზე, „ანგელოზთა მიერ ცოდვა-მადლის აწონვის“ ეპიზოდი და ორივე მხარეს მოზრდილი ზომის თითო ანგელოზი იყო წარმოდგენილი - გადაშლილი წიგნებით. ამჟამად, ჰეტინასიის ფერხთით, ადამ და ევას მუხლმოყრილი ფიგურების მცირე ფრაგმენტებიღა შეინიშნება. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია კიდევ ერთი ფრაგმენტი - ანგელოზის ფრთა და თეთრი ასისტებით დამუშავებული, ოქრათი დაფერილი ტახტის ნაწილი. ის სამოთხის ეპიზოდთან უნდა იყოს დაკავშირებული, რადგან ნ. ტოლმაჩევსკაიას აღწერილობიდან ცნობილია, რომ აქ სამოთხის ხეების, ფრინველებისა და მართალთა მცირე ზომის, მუხლმოყრილი ფიგურების კგუფების ფრაგმენტები იკითხებოდა. კიდევ ერთი გამოსახულება, რომელიც მხოლოდ მუზეუმში დაცული ასლის სახითაა ჩვენამდე მოღწეული, წელზევით შიშველი, ახალგაზრდა, თავსაბურავიანი ჭაბუკია, რომლის მსგავსი XIV-XVI საუკუნეების გამოსახულებებში, მწყემსებს ახურავთ. მიუხედავად იმისა, რომ მას მკერდთან გადაჯვარედინებულ ხელებში მწყემსის კვერთხი არ უჭირავს, ის მართალთა რიგში ჩართული აბელის ფიგურა უნდა იყოს.

კარიბჭე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიბჭე ეკლესიასთან შედარებით, მომცროა და მასთან ერთადაა გამოკვეთილი. იგი სხვადასხვა პერიოდის ორი ნაწილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან, ეკლესიის სახმრეთ „კედლიდან“ გამოშვერილი, დაახლოებით 2 მეტრი სისქისა და 1,3 მეტრი სიმაღლის კლდის მასივითაა გამიჯნული. კარიბჭის დასავლეთ კედელსაც კლდე წარმოადგენს, სამხრეთიდან კი, კამაროვანი ნაგებობის ჩრდილოეთ კედლითაა მოზღუდული. იმის გამო, რომ კამაროვანი ნაგებობა, კარიბჭეზე ბევრად უფრო გრძელია, ამიტომ კამაროვანი ნაგებობის ჩრდილოეთ კედელი, კარიბჭის აღმოსავლეთით მდებარე სათავსის კედელიცაა. ეს სათავსი იმდენადაა დაზიანებული და მცენარეულობით ისეა ჩახერგილი, რომ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების გარეშე, კარბიჭის თავდაპირველი გეგმარების და ნაწილების ქრონოლოგიის ზუსტად დადგენა არ ხერხდება,

კარიბჭის დასავლეთ ნაწილის დასავლეთ კედელი საკმაოდ უსწორმასწოროა, ნაპრალოვანი, რის გამოც კლდის ზედაპირი, მოხატვამდე, გაუსწორებიათ და ნაპრალები აგურის ნატეხებითა და დუღაბით ამოუვსიათ. კარიბჭის სამხრეთ კედელში, კარიბჭეში შესასვლელი კარის გასწვრივ, დაბალი, სწორკუთხა სარკმელია, რომელიც გარედან კამაროვანი ნაგებობის კამარითაა დაფარული.

ნაგებობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამაროვანი ნაგებობა გეგმით ოთხკუთხაა და ოდნავ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებითაა წაგრძელებული. ნაგებია სხვადასხვა ზომის, ქვიშაქვის დამუშავებული ქვებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შიგნიდან, კარის ორივე მხარეს, თითო ოთხკუთხა ნიშაა. მსგავსი ორი ნიშა აღმოსავლეთ კედელშიც ყოფილა მოწყობილი. თითოეული ნიშის ზემოთ გაჭრილი იყო სარკმელი, რომელთაგანაც თითო გვერდიღაა დარჩენილი. სათავსის დასავლეთ კედლის შუაში, მიწიდან 1,4 მეტრის სიმაღლეზე, ოთხკუთხა ორი საფეხურით შეღრმავებული ნიშაა, რომელშიც ალბათ ხატი იყო დაბრძანებული.

სათავსი გადახურული იყო თხელი, ნატეხი ქვებით გამოყვანილი კამარით, რომელიც ოდნავ შეისრული ფორმისაა. გარედან შენობის აღმოსავლეთ კედელი ქარაფის თავზეა. შენობას სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე მომრგვალებული აქვს. მეორე ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხე კი, მონგრეულია. როგორც ჩანს, კედელი ჩრდილოეთით, ეკლესიამდე იყო გაგრძელებული და კარიბჭის წინა ნაწილს აღმოსავლეთიდან ზღუდავდა. ამჟამად ამ ადგილას კვალი არ ჩანს.

კამაროვანი სათავსის დასავლეთ კედლის უკან, კლდის სიღრმეში, სიცარიეალეა. ამ ადგილას მოხვედრა, სავარაუდოდ, კარიბჭის დასავლეთ კედლის სამხრეთ ბოლოში არსებული გასასვლელით ხდებოდა. ამჟამად ამ სივრცეში შესასვლელი თითქმის მთლიანად მიწითაა ამოვსებული. მასში მოხვედრა, გაწმენდის გარეშე, შეუძლებელია.

ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილადაა მიჩნეული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]