მიხეილ კალატოზიშვილი
მიხეილ კონსტანტინეს ძე კალატოზიშვილი (დ. 15 დეკემბერი/28 დეკემბერი, 1903, თბილისი — 26 მარტი, 1973, მოსკოვი), ქართველი კინორეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1969).
ბიოგრაფია [რედაქტირება]
კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმი „მათი სამეფო“ (1928). შემდეგ გადაიღო ფილმი „ჯიმ შვანთე“ („მარილი სვანეთს“, 1930). ნოვატორული, პოეტური ნაწარმოები, რომელშიც დოკუმენტური და მხატვრული კინოს სანახაობითი პრინციპები ერთმანეთშია შერწყმული. 1933 წელს კალატოზიშვილი შევიდა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში. სარეჟისორო მოღვაწეობას დაუბრუნდა 1939 (ფილმი „მამაცობა“). 1941 წელს დადგა ფილმი „ვალერი ჩკალოვი“. ფილმი „განწირულთა შეთქმულება“ შექმნილია ნ. ვირტას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით (1950, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951). შემდეგი ეტაპი რეჟისორის შემოქმედებითს ბიოგრაფიაში იწყება კინოკომედია „ერთგული მეგობრებით“ (1954), რომელშიც ლირიკა და პოეტურობა ოსტატურადაა შერწყმული სატირასა და გროტესკთან. ფილმი „პირველი ეშელონი“ (1956) ეძღვნება საბჭოთა ახალგაზტდობის მამაცობასა და გმირობას. მსოფლიო აღიარება მოიპოვა კალატოზიშვილის ფილმმა „მიფრინავენ წეროები“ (1957, ოქროს პალმის შტო კანის XI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1958). ფილმში სრულყოფილად აისახა ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და მეგობრობის, ახალგაზრდობის თემა. ტაიგაში დაღუპული გეოლოგების ჯგუფის ტრაგიკულ ამბავს ეძღვნება ფილმი „გაუგზავნელი წერილი“ (1960, ვ. ოსიპოვის მოთხრობის მიხედვით). უ. ნობილეს ჩრდილოეთ პოლუსის ექსპედიციის საბუთები დაედო საფუძვლად იტალია-სსრკ-ის ერთობლივ ფილმს „წითელი კარავი“ (1970, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1971). კალატოზიშვილი დაჯილდოებულია 3 ოედენითა და მედლებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Кремлев Г., Михаил Калатозов, М., 1964;
- ქსე, ტ. 5, გვ. 328, თბ., 1980
სტატიის