მიმინო (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიმინო.
მიმინო
რეჟისორი გიორგი დანელია
სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე
ვიქტორია ტოკარევა
როლებში ვახტანგ კიკაბიძე
ფრუნზიკ მკრტჩიანი
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ოპერატორი ანატოლი პეტრიცკი
კინოსტუდია მოსფილმი
გამოსვლის თარიღი 1977
ხანგრძლივობა 92 წთ
ქვეყანა სსრკ
IMDb პროფილი

მიმინო — რეჟისორ გიორგი დანელიას მიერ კინოსტუდიაში "მოსფილმი" 1977 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი. მთავარ როლებში: ვახტანგ კიკაბიძე და ფრუნზიკ მკრტჩიანი. საბჭოთა პერიოდის ამ კომედიამ 1977 წელს ოქროს პრემია მიიღო მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მას ასევე მაღალი რეიტინგი აქვს ინტერნეტის კინობაზაში, სადაც 357 ხმის 94% 2006 წლის ივლისისთვის ამ ფილმს 8-ზე მეტ ქულას ანიჭებს 10 ბალიან სისტემაში.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ვალიკო ’მიმინო’ მიზანდარი ვერტმფრენის (რომელსაც ’პეპელას’ უწოდებს) 34 წლის პილოტია. იგი მუშაობს ქართულ ავიახაზებზე და ქვეყნის ფარგლებში დაფრინავს. ერთხელ აეროპორტში მას ხვდება ყოფილი თანაკურსელი, რომელსაც თან ახლავს თანამშრომელი, ლარისა ივანოვნა. ვალიკოზე იგი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. პილოტი გადაწყვიტავს, დიდ ავიაციაში გადავიდეს. ამ მიზნით იგი ტოვებს მშობლიურ სოფელს (სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი ქალი მასზე შეყვარებულია) და მოსკოვში მიემგზავრება.

იქ ვალიკო მოხვდება სასტუმროს ნომერში, სადაც უკვე ცხოვრობს რუბენ ხაჩიკიანი (სომხეთიდან). ვალიკო ამაოდ ცდილობს ლარისა ივანოვნასთან დაკავშირებას. ამასობაში მას ეხარჯება მთელი ფული. ასევე აღმოჩნდება, რომ ისინი სასტუმროს ამ ნომერში შეცდომით მოხვდნენ.

რუბენი ცდილობს, დაეხმაროს ვალიკოს. ორივე შემთხვევით ხვდება ნუგზარს, რომელთანაც ვალიკოს დას რამდენიმე წლის წინ შვილი გაუჩნდა (ნუგზარმა ორივე მიატოვა). შურისძიების სურვილით, ვალიკო მის ბინაში შერბის, მაგრამ ფიზიკურად ნუგზარს არ ეხება, თუმცა აურზაურს აწყობს. სასამართლო პროცესის მსვლელობისას რუბენი ცდილობს მის სასარგებლოდ ჩვენებების მიცემას. ახალგაზრდა ადვოკატი გოგონა, რომლის კარიერაში ეს პირველი საქმეა, ამტკიცებს ვალიკოს უდანაშაულობას.

მიზანდარი ემშვიდობება რუბენს და ცდილობს შინ დაბრუნებას, თუმცა ფულის უქონლობა აწუხებს. აეროპორტში იგი შემთხვევით გაიცნობს ომის ვეტერან ვოლოხოვს, რომელიც მას თავისი მეგობრების დახმარებით ავიარეისზე მოაწყობს.

მიმინო ხდება დიდი საერთაშორისო ავიაციის თანამშრომელი. მაგრამ ამ დროს იგი უკვე ხშირად ფიქრობს შინ დაბრუნებაზე. ერთხელ უცხოური აეროპორტიდან იგი ცდილობს თელავში ახლობლებთან დაკავშირებას, მაგრამ მას შეაერთებენ თელ-ავივთან, სადაც მისთვის უცნობ ქართველ ემიგრანტს ესაუბრება. ნოსტალგიის გამო იგი საბოლოოდ გადაწყვიტავს, დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]