შინაარსზე გადასვლა

ლევან ზურაბიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან ზურაბიშვილი

ზეინაბ კედია და ლევან ზურაბიშვილი ქორწინების დღეს პარიზში, 1950 წლის 15 აპრილი
დაბადების სახელი ლევან ივანეს ძე ზურაბიშვილი
დაბადების თარიღი 19 ივნისი, 1906
ქუთაისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 10 თებერვალი, 1975 (68 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ინჟინერი, პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე
მეუღლე(ები) ზეინაბ კედია
შვილ(ებ)ი სალომე ზურაბიშვილი
ოთარ ზურაბიშვილი
მშობლები მამა: ივანე ზურაბიშვილი

ლევან ზურაბიშვილი (დ. 19 ივნისი, 1906, ქუთაისი — გ. 10 თებერვალი, 1975, პარიზი) — ქართველი ემიგრანტი საფრანგეთში, ინჟინერი, ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე,[1] საქართველოს მე-5 პრეზიდენტისსალომე ზურაბიშვილის მამა.

დაიბადა 1906 წლის 19 ივნისს, ქუთაისში. იყო ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი. დედა, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი იყო. მამა — ივანე ზურაბიშვილი იურისტი, მსახურობდა ამიერკავკასიის სამმართველოს იურისკონსულტად. ამავე დროს, იყო მწერალი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე.

ლევანმა ლევანდოვსკის კერძო გიმნაზიაში დაიწყო სწავლა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა.

1921 წლის მარტიდან ზურაბიშვილების ოჯახი ემიგრაციაშია.[2] პირველ ხანებში სტამბოლში დასახლდნენ. აქ იგი აგრძელებს სწავლას წმიდა მიხეილის კოლეჯში და იღებს საშუალო სკოლის ატესტატს — ბაკალორეას. 1924 წლიდან ზურაბიშვილები პარიზში გადავიდნენ. ლევან ზურაბიშვილი სენტ–ბარბის მოსამზადებელ კოლეჯში შევიდა, 1928 წელს კი სამთამადნო–საინჟინრო ინსტიტუტში ჩაირიცხა.

1931 წელს, პარიზის უმაღლესი საინჟინრო სკოლის დამთავრების შემდეგ, საფრანგეთის რკინიგზის უფროსობა შესთავაზეს, თუმცა ამისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო, ლევანმა კატეგორიული უარი განაცხადა — მე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდებიო, სამსახური ფორდის საზოგადოების საფრანგეთის განყოფილება — „სიმკა–კრისლერში“ დაიწყო. ამ საზოგადოებაში 39 წელი დაჰყო, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

1928 წელს აირჩიეს საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარედ. 1928–1929 წლებში ილამაზ დადეშკელიანთან და იოსებ კემულარიასთან ერთად დააარსა წმიდა ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლო პარიზში.[3]მავე პერიოდში, ილამაზ დადეშკელიანთან, არჩილ ზურაბიშვილთან, პეტრე ჯაფარიძესა და გიორგი ჟურულთან ერთად აარსებს წმიდა ქეთევანის ქართულ ორთოდოქსალურ ძმობას, რომელიც დამტკიცებული იქნა მსოფლიო პატრიარქის მიერ. იყო ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის მდივანი (1930 წელი), „ქართველ ახალგაზრდათა წრის“ ხელმძღვანელი (1934 წელი). ელისე პატარიძესთან ერთად დააარსა „ქართული ეროვნული ცენტრი“. 1974 წლიდან ლევან ზურაბიშვილი „თავისუფალ ქართველთა კავშირის“ მუდმივი თავმჯდომარე იყო.[4]

ლევან ზურაბიშვილი იყო საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ჯერ 1949-1951 წლებში, შემდეგ 1961 წლიდან — სიკვდილამდე (ამ პოსტზე ელისე პატარიძე შეცვალა). 1949 წელს მან გამოაქვეყნა საქართველოს მოკლე ისტორია ფრანგულად. ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, თანამშრომლობდა ქართულ და უცხოურ ჟურნალ–გაზეთებში. იყო "თავისუფლების ტრიბუნის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. მან ძმასთან, არჩილ ზურაბიშვილთან, ერთად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა 1973 წელს პარიზის წმიდა ნინოს ახალი ეკლესიის შეძენაში.

ლევან ზურაბიშვილის მეუღლე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების რაზმის უფროსის მექი კედიას ასული — ზეინაბ კედია.[5] შეეძინათ ქალ–ვაჟი — ოთარი და სალომე.

ლევან ზურაბიშვილი გარდაიცვალა 1975 წლის 10 თებერვალს, პარიზში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია ლევილში.[6]

2017 წლის 19 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ლევან ზურაბიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა და პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია. ლევან ზურაბიშვილის წიგნები, 2017 წლის 20 თებერვალს, სალომე და ოთარ ზურაბიშვილების გადაწყვეტილებით ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.[7] საკოლექციო არქივი ასობით გამოცემას,ძველნაბეჭდ წიგნებს და სხვადასხვა უნიკალურ გამოცემებს მოიცავს.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ლევან ზურაბიშვილის ნოკლე ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-19. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  2. ლევან ზურაბიშვილი — ბარათები უცხოეთიდან. „კვირის პალიტრა“ (18 ოქტომბერი, 2010). ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  3. ქართველი ინჟინერი ლევილიდან - ლევან ზურაბიშვილია. pressa.ge (13 იანვარიმ 2012). ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  4. ზურაბიშვილი ლევან ივანეს ძე. diaspora.gov.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  5. პირველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, ზეინაბ კედია გარდაიცვალა. imedi.fm (20 თებერვალი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-14. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  6. ლევან ზურაბიშვილი. ქართველები უცხოეთში. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  7. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის, ლევან ზურაბიშვილის პირადი ბიბლიოთეკა გადასცა. Parliament.ge (19 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  8. სალომე ზურაბიშვილის მამის პირადი არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. „იმედნიუსი“ (19 ივნისი 2017). ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.[მკვდარი ბმული]