გიორგი ჟურული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟურული.

გიორგი ბაგრატის ძე ჟურული (დ. 22 ოქტომბერი, 1899, ბათუმი — გ. 28 მარტი, 1964, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათუმში დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვს გაემგზავრა, სადაც ჩაირიცხა ვ. მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1925 წელს იგი უკვე ვ. მეიერჰოლდის ექსპერიმენტულ თეატრ-სახელოსნოშია. 1933 წლამდე მოღვაწეობს მოსკოვის სხვადასხვა თეატრებში, შემდეგ ინიშნება ფოთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ რეჟისორად. ერთი წლის შემდეგ გადმოდის თბილისში და მუშაობს ჯერ კ. მარჯანიშვილის, შემდეგ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მოგვიანებით მოზარდ მაყურებელთა თეატრშია, რომლის მთავრი რეჟისორი იყო 1949-1954 წლებში.

საყოველთაო მოწონებით სარგებლობდა რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლები: „ვერაგობა და სიყვარული“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ნაპერწკლიდან“, „კრეჩინსკის ქორწინება“, „წიწამური“, „ტრავიატა“, „ჯავშოსანი პოტიომკინი“, „წყნარი დონი“, „კაკო ყაჩაღი“ და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 262.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 306, თბ., 1994