კამბოჯის სახელმწიფო გადატრიალება (1970)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კამბოჯის სახელმწიფო გადატრიალებასახელმწიფო გადატრიალება კამბოჯაში, რომელიც მოხდა 1970 წლის 18 მარტს. გადატრიალების შედეგად ეროვნული ასამბლეის საგანგებო სხდომაზე დაამხეს სახელმწიფოს მეთაურის ნოროდომ სიანუკის ხელისუფლება. ფაქტობრივად, ხელისუფლება გადავიდა პრემიერ-მინისტრ, გენერალ ლონ ნოლის ხელში, ფორმალურად კი სახელმწიფოს მეთაური გახდა პარლამენტის თავმჯდომარე ჩენგ ჰენგი. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მონარქია გაუქმდა, ერთი წლის შემდეგ კი ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა[1].

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წელს, საფრანგეთისაგან კამბოჯის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ ქვეყნის მეთაური გახდა პრინცი ნოროდომ სიანუკი. მისი პოლიტიკური პარტია სანგკუმი 1955 წლის არჩევნების შემდეგ გახდა ქვეყნის მმართველი პარტია. 1963 წელს ნოროდომ სიანუკმა აიძულა ეროვნული კრება შეეტენა ცვლილებები კონსტიტუციაში. პოლიტიკური ინტრიგების, კონკურენტების დაშინებისა და მემარცხენეობასა და მემარჯვენეობას შორის ლავირების წყალობით სიანუკმა მრავალი წლის განმავლობაში შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი ხელისუფლება კამბოჯაში.

ინდოჩინეთის მეორე ომის დასაწყისისათვის ბალანსირება მემარჯვენე და მემარცხენე ძალებს შორის შედარებით რთული გახდა. სასაზღვრო რაიონებში ბრინჯის კონტრაბანდამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. ამ პერიოდში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა სიანუკის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი გენერალი ლონ ნოლი, მემარჯვენე პოლიტიკოსი, ნაციონალისტი და ანტიკომუნისტი. თუმცა დამოკიდებულება პრემიერსა და სახელმწიფოს მეთაურს შორის აშკარად იცვლებოდა. მემარჯვენეებში უკმაყოფილება იზრდებოდა მეფის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის გამო. ძირითადად ლონ ნოლისა და მისი მომხრეების უკმაყოფილება გამოიწვია ნოროდომ სიანუკის მიერ ქვეყნის სასაზღვრო რაიონებში ვიეტ კონგის პარტიზანებისადმი სოლიდარობამ. გარდა ამისა სიანუკმა 1963-1969 წლებში ჰანოისთან დადო ხელშეკრულება ბრინჯის ექსპორტის შესახებ გაბერილი ფასებით, სამაგიეროდ გახსნა სიანუკვილის პორტი ვიეტ კონგის მეომრებისათვის იარაღის მისაწოდებლად.

საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ 1970 წლამდე აშშ-ის პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს იმედი ჰქონდა, რომ მოილაპარაკებდა სიანუკთან.

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წლის მარტში ნოროდომ სიანუკი გაემგზავრა ევროპის ქვეყნებში და ასევე სსრკ-სა და ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით. ამ პერიოდში პნომპენში დაიწყო ანტივიეტნამური არეულობები. არეულობის მონაწილეებმა გაანადგურეს ჩრდილოეთ ვიეტნამის საელჩო და ვიეტ კონგის ადგილობრივი მთავრობის შტაბ-ბინა. თავდაპირველად სიანუკი მხარს უჭერდა პროტეტანტებს, რადგან იმედოვნებდა რომ სსრკ და ჩინეთი მოახერხებდნენ და შეასუსტებდნენ კამბოჯაში ვიეტნამელთა ყოფნას. ზოგიერთი ადამიანი თვლიდა, რომ ლონ ნოლის მხარდაჭერით არეულობები ორგანიზებული იყო თავად სიანუკის მიერ ჰანოიზე ზეწოლის მიზნით [2].

სიტუაცია ხელისუფლების კონტროლს გასცდა, ცხადი გახდა, რომ ამ ყველაფრის უკან იდგნენ ლონ ნოლი და სისოვატ სირიკ მატაკი. არეულობების შედეგად ჩრდილოეთ ვიეტნამის საელჩო დაიხურა. ერთ-ერთი შენბის გაჩხრეკის დროს კი ხელჩი ჩაიგდეს კომუნისტების „საიდუმლო გეგმა“, რომელიც ითვალისწინებდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას კამბოჯაში. 12 მარტს სირიკ მატაკმა ჰანოისთან გააუქმა სავაჭრო ხელშეკრულება. ლონ ნოლმა თავის მხრივ დახურა სიანკუვილის ნავსადგური ჩრდილოეთ ვიეტნამის გეებისათვის. ვიეტ კონგის პარტიზანებს წაუყენეს ულტიმატუმი, რომლის თანახმადაც 72 საათში უნდა დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია[3]. 16 მარტის დილას უკვე ცხადი გახდა, რომ ამ პირობებს არავინ არ შეასრულებდა და იმავე დღეს ეროვნული კრების შენობის წინ გაიმართა მიტინგი ქვეყანაში ვიეტნამის ჯარის ყოფნის წინააღმდეგ. მიტინგზე 30 ათასი ადამიანი მივიდა, უმეტესობა ახალგაზრდები.

შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა: ამავე დღეს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი და სიანუკის სიძე გენერალი ოუმ მანორინე დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე კორუფციაში ბრალდების საფუძველზე. გენერალიც და სიანუკის სხვა მომხრეებიც დააკავეს. სიანუკის თხოვნით დედამისმა სისოვატ კოსავაკმა მიიწვია ლონ ნოლი და სირიკ მატაკი სმეფო სასახლეში და მოუწოდა შეეწყვიტათ არეულობა ქვეყანაში, თუმცა უშედეგოდ. უფრო მეტიც სირიკ მატაკმა და კამბოჯის არმიის სამმა ოფიცერმა იარაღის მუქარით აიძულა პრემიერ-მინისტრი ხელი მოეწერა მათთვის სასარგებლო დოკუმენტებზე. პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნოროდომ სიანუკი სიკვდილით დასჯას დაპირდა ყველა დამნაშავეს თუკი იგი მოახერხებდა ქვეყანაში დაბრუნებას[4]. 18 მარტს ოპოზიციამ დაიკავა პოზიციები დედაქალაქის გარშემო, ხოლო ეროვნულმა ასამბლეამ ინ ტამის ინიციატივით დაიწყო ნოროდომ სიანუკის გადადგომის საკითხის განხილვა. მიუხედავა იმისა, რომ დეპუტატთა გარკვეული რაოდენობა წავიდა სიანუკის გადადგომის წინააღმდეგ, პარლამენტმა ნოროდომ სიანუკი გადაყენებულად გამოაცხადა. ქვეყნის სათავეში ფაქტობრივად ლონ ნოლი მოექცა, სანგკუმს სათავეში ჩაუდგა ინ ტამი, ხოლო სახელმწიფოს მეთაური ფორმალურად გახდა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩენგ ჰენგი.

საპროტესტო აქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთში მყოფმა ნოროდომ სიანუკმა 1970 წლის 23 მარტს გაავრცელა რადიომიმართვა. კამბოჯის მოსახლეობას მოუწოდა დაეწყოთ აჯანყებები ახალი რეჟიმის წინააღმდეგ. ნოროდომ სიანუკის დაბრუნების მოთხოვნით გაიმართა საპროტესტო დემონსტრაციები კამპონგტუამის, ტაკეოსა და კამპოტის პროვინციებში. განსაკუთრებით მძიმე იყო დემონსტრაციები კამპონგტუამის პროვინციაში, სადაც მოკლეს ეროვნული ასამბლეის ორი დეპუტატი, რომლებიც მათთან მოსალაპარაკებლად მივიდნენ. დემონსტარციების დროს მოკლეს ლონ ნილი - ლონ ნოლის ძმა. ანტისამთავრობო გამოსვლები სასტიკად ჩაახვშეს, უიარაღო დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს მძიმე ტექნიკა. შედეგად, რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა და ათასობით დააკავეს.

გადატრიალების შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ჩრდილოეთ ვიეტნამის არმია შეიჭრა კამბოჯაში. ეს იყო სამოქალაქო ომის ახალი რაუნდი — ამჟამად უკვე ვიეტ კონგის პარტიზანებმა წითელ ქმერებთან ერთად დაიწყეს ბრძოლა ლონ ნოლის რეჟიმის წინააღმდეგ. ლონ ნოლის რეჟიმი სრული კრახისაგან გადაარჩინა ამერიკის საჰაერო ძალების მხარდაჭერამ. ლონ ნოლი პნომპენის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გაიქცა ქვეყნიდან. წითელმა ქმერებმა მიაღწიეს წარმატებას. ქვეყანა თავის უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენების ზღვარზე იდგა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Soizick Crochet, Le Cambodge, Karthala, Paris 1997
  2. Shawcross, William. Sideshow: Kissinger, Nixon, and the Destruction of Cambodia. — New York: Washington Square Books, 1979
  3. Sutsakhan, Lt. Gen. S. The Khmer Republic at War and the Final Collapse დაარქივებული 2019-04-12 საიტზე Wayback Machine. Washington DC: United States Army Center of Military History, 1987, Part 1, p. 42. See also Part 1 დაარქივებული 2019-04-12 საიტზე Wayback Machine. Part 2 დაარქივებული 2007-02-21 საიტზე Wayback Machine. Part 3 დაარქივებული 2007-02-21 საიტზე Wayback Machine.
  4. Marlay, R. and Neher, C. Patriots and tyrants, Rowman & Littlefield, 1999, p. 165