კათი, საჭმელი კათი (ლათ.Catha edulis) — მცენარე ჭანჭყატისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ბუჩქი ან მცირე ზომის (6 მეტრამდე სიმაღლის) ხეა. მისი სამშობლო, სავარაუდოდ, ეთიოპიის მთიანეთია. ფოთლები მოპირდაპირედაა განლაგებული, იშვიათად მორიგეობით, წაგრძელებულ-ოვალური ფორმის, დაკბილული. ყვავილები პატარაა, თეთრი, 5-ნაკვთიანი, შეკრებილია იღლიურ მტევნისებრ ან ფარისებრ ყვავილედებში. ნაყოფი სამწახნაგიანი წაგრძელებული კოლოფია 1–3 თესლით შიგნით. ძველი დროიდანაა კულტივირებული, ძირითადად აღმოსავლეთ აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოჰყავთ ფოთლების გამო (შეიცავს ალკალოიდებს: ეფედრინი, კათინი და სხვ.), რომლებიც გამოირჩევიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტონუსის ასამაღლებელი მოქმედებით; ახალი, ყველაზე პატარა, ახალგაზრდა ფოთლები, რომლებიც ყლორტების კენწეროებშია შეკრებილი, გამოიყენება უშუალოდ (ღეჭავენ) და ტრადიციული ამგზნები სასმლის მისაღებად. ფოთლების მოხმარება იწვევს მიჩვევას. ზოგ ქვეყანაში ნარკოტიკულ მცენარედ ითვლება.[1]