კავკასიური სკოპოლია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კავკასიური სკოპოლია
Scopolia carniolica1.jpg
Scopolia carniolica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი
სახეობა: კავკასიური სკოპოლია
ლათინური სახელი
Scopolia caucasica

კავკასიური სკოპოლია, კარნიოლიის სკოპოლია (ლათ. Scopolia caucasica) — მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი 50-60 სმ სიმაღლის ბალახია, ღერო ერთი ან რამდენიმეა, სწორმდგომი, ცილინდრული, შიშველი ან გაბნეულია ბეწვებით მოფენილი. ზედა ფოთლები გრძელია, ფართო და წვერზე მომრგვალებული, მთელკიდიანი და შიშველი, ხოლო ქვედა ღეროსეული ფოთლები უფრო მოკლე, ვიწრო შუბისებრი, ბლაგწვერიანი. ყვავილები აქტინომორფულია, მარტოული, ზარისებრი ფორმისა და ფოთლების იღლიებში გრძელ ყუნწებზე დაკიდებულია; ჯამი სიფრიფანა, 5 ბლაგვი კბილით, ნაყოფიანობისას ის დიდდება და მჭიდროდ ეკვრის ნაყოფს, გვირგვინი გაფართოებულია, 5 მოკლე სამკუთხა, ბლაგვი ნაკვთით, გარედან სოსანას ფერი, შიგნიდან მოთეთრო, ძირში კი ღია მოყვითალო-მწვანე. ბუტკო ოდნავ აღემატება მტვრიანებს, დინგი სქელია, გაფართოებულია, ნასკვი ორუდიანია, მრგვალი თესლკვირტით. ნაყოფი კოლოფია, სფეროსებრი ან კვრეცხისებრ-წაგრძელებული, წვერში წამახვილებული, სიმწიფისას იხსნება ხუფით. თესლი მრავალია, 3 მმ სიგრძის, მოყვითალო-ყავისფერი. ფესურა მსხვილია, მხოხავი ჰორიზონტალური, 12 სმ სიგრძის და 5 სმ სიგანის.

იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში, ტენიან ფართოფოთლოვან, იშვიათად კი წიწვოვან ტყეებში, ზღვის დონიდან 1000-1200 მ სიმაღლეზე. უპირატესად შავი ზღვის სანაპირო ზოლში აფხაზეთში, აჭარაში, ასევე იმერეთში, მთიულეთში. საქართველოს გარეთ გავრცელებულია იმიერკავკასიაში. საერთო გავრცელება: სამხრეთი, აღმოსავლეთი და შუა ევროპა, მონღოლეთი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი. კავკასიური სკოპოლია ზოგჯერ გვხვდება შმაგასთან ერთად.

ფესურები აკოპოლამინისა და ჰიოსციამინის სამრეწველო წყაროა. ამზადებენ ამ ალკალოიდების მრავალრიცხოვან პრეპარატს, რომელთაც იყენებენ სპაზმოლიზურ და ქოლინოლიტურ საშუალებებად. სკოპოლამინის პრეპარატებს უპირატესად უნიშნავენ ნევროლოგიასა და ფსიქიატრიაში, მცენარეს ახასიათებს ანტიბაქტერიული აქტივობა, პოპულარულია ვეტერინარიასა და ხალხურ მედიცინაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005;
  • ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სტატია ჟურნალში „მცენარეთა მეცნიერებები“. 2009;
  • ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი, 1980;
  • შენგელია ნუგზარ და თანაავტორები. საქართველოს კაკლოვანი კულტურები. თბ., 2004;
  • შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983;
  • საქართველოს ფლორა. I-XI ტომი. თბილისი. 1971-1987 წწ.