ელიზაბეტ კიუბლერ-როსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეტ კიუბლერ-როსი
Elisabeth Kübler-Ross
დაბ. თარიღი 8 ივლისი, 1926
დაბ. ადგილი ციურიხი, შვეიცარია
გარდ. თარიღი 24 აგვისტო, 2004
გარდ. ადგილი სკოტსდეილი, არიზონა, აშშ
დასაფლავებულია Paradise Memorial Gardens[1]
მოქალაქეობა  აშშ
 შვეიცარია
საქმიანობა ფსიქიატრი, ესეისტი და მწერალი[2]
მუშაობის ადგილი ჩიკაგოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ციურიხის უნივერსიტეტი და University of Colorado Boulder
შვილ(ებ)ი კენ როსი
ჯილდოები ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[3] , honorary doctor of the University of Miami[4] და Ladies' Home Journal Women of the Year[5]

ელიზაბეტ კიუბლერ-როსი (გერმ. Elisabeth Kübler-Ross; დ. 8 ივლისი, 1926, ციურიხი, შვეიცარია, — გ. 24 აგვისტო, 2004, სკოტსდეილი, არიზონა, ამერიკის შეერთებული შტატები) — შვეიცარიული წარმოშობის ამერიკელი ფსიქიატრი, ადამიანის სიკვდილისა და კვდომის პროცესის პიონერი მკვლევარი. მისმა კვლევებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მართვის პრინციპებზე, ასევე შეცვალა მიდგომა ტკივილის კონტროლის და ზოგადად სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების მიმართ. ცნობილია სიკვდილზე ადამიანის ფსიქოლოგიური რეაგირების კიუბლერ-როსის მიერ შემუშავებული მოდელი.[6]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტ კიუბლერი 1926 წელს დაიბადა ციურიხში. ის სამი იდენტური ტყუპიდან ერთ-ერთი იყო და მის გადარჩენას სათუოდაც კი თვლიდნენ. მამას ქალიშვილის საკუთარი ბიზნესის მართვაში ჩართვა სურდა, მაგრამ ელიზაბეტს ექიმობა ჰქონდა გადაწყვეტილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხალისედ მუშაობდა პოლონეთში, სადაც ომისგან დაზარალებულებს ეხმარებოდა. 1957 წელს დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი. მომდევნო წელს ცოლად გაჰყვა ამერიკელ მედიკოს სტუდენტ ემანუელ როსს და მასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. 1963 წელს დაასრულა კოლორადოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის რეზიდენტურის პროგრამა ფსიქიატრიაში, 1965 წელს კი სამუშაოდ ჩიკაგოში გადავიდა. კიუბლერ-როსი თვლიდა, რომ იმდროინდელი სამედიცინო საზოგადოება ვერ უზრუნველყოფდა იმ დახმარებას, რაც ტერმინალურად დაავადებულ პაციენტებს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მიეღოთ მოახლოებული სიკვდილის რეალობა და გამკლავებოდნენ მასთან დაკავშირებულ განცდებს. კოლორადოს უნივერსიტეტში მუშაობის დროს პირველი ნაბიჯები გადადგა ამ საკითხებზე მუშაობის მხრივ თავის სტუდენტებთან, ჩიკაგოში კი რეგულარულად აწყობდა სემინარებს, სადაც ესაუბრებოდნენ სასიკვდილოდ დაავადებულ პაციენტებს და აძლევდნენ მათ საკუთარი ემოციების გამოხატვის საშუალებას. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით კიუბლერ-როსმა ჩამოაყალიბა სიკვდილზე ფსიქოლოგიური რეაგირების მოდელი, რომელიც ეტაპობრივად ცვალებადი 5 სტადიისგან შედგება: უარყოფა, ბრაზი, შევაჭრება, დეპრესია და მიღება (შეგუება). ეს მოდელი მან აღწერა წიგნში „სიკვდილისა და კვდომის შესახებ“ (ინგლ. On Death and Dying, 1969), რომელიც საერთაშორისო ბესტსელერი გახდა.[6]

კიუბლერ-როსის ამ და სხვა შრომებმა მნიშვნელოვნად გაზარდა სასიკვდილოდ დაავადებული პაციენტების პრობლემების ცნობადობა, როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო საზოგადოებაში. მან საფუძველი დაუდო პალიატიური და ჰოსპისური მართვის ბევრ პრინციპს, რომელიც თანდათან დაინერგა სამედიცინო პრაქტიკაში. 1970-იან წლებში კიუბლერ-როსმა დაიწყო ე.წ. სიკვდილისახლო განცდების (ინგლ. near-death experiences) ფენომენის კვლევა. ის მალევე გაიტაცა სპირიტუალიზმა, „სხეულის გარეთ განცდების“ (ინგლ. out-of-body experience) და სიკვდილის შემდეგ ცხოვრების საკითხებმა, რამაც მის სამეცნიერო რეპუტაციას ჩრდილი მიაყენა.[6] 1980-იან წლებში ცდილობდა შიდსით დაავადებულთათვის საგანგებოდ გამოყოფილი საცხოვრებლის შექმნას, სადაც პაციენტები სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრებდნენ ღირსეულ პირობებში.

1995 წელს გადატანილი რამდენიმე ინსულტის შემდეგ ელიზაბეტ კიუბლერ-როსმა ცხოვრების დარჩენილი წლები ინვალიდის სავარძელში გაატარა, თუმცა ბოლომდე ინარჩუნებდა ცნობიერებას და განაგრძობდა წერას. მის მიერ დაწერილ 20-ზე მეტ წიგნს შორის არის ავტობიოგრაფია „სიცოცხლის ბორბალი: მოგონება სიცოცხლესა და სიკვდილზე“ (The Wheel of Life: A Memoir of Living and Dying, 1997) და „მწუხარებისა და წუხილის შესახებ“ (On Grief and Grieving; თანაავტორი: დევიდ კესლერი, 2005).[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]