დიმიტრის გლინოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიმიტრიოს გლინოსი)
დიმიტრის გლინოსი
ბერძ. Δημήτρης Γληνός
დაბადების თარიღი 22 აგვისტო (3 სექტემბერი), 1882
დაბადების ადგილი იზმირი
გარდაცვალების თარიღი 26 დეკემბერი, 1943(1943-12-26)[1] (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი ათენი
მოქალაქეობა  საბერძნეთი
განათლება ათენის უნივერსიტეტი, იენის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი და Evangelical School of Smyrna

დიმიტრის გლინოსი (ბერძ. Δημήτρης Γληνός, დ. 22 აგვისტო, 1882, სმირნა — გ. 23 დეკემბერი, 1943, ათენი) — ბერძენი განმანათლებელი, მწერალი და პოლიტიკოსი.

დღევანდელი საბერძნეთის განათლების სისტემაში ენის რეფორმის ერთ-ერთი პიონერი. საბერძნეთის კომუნისტური პარტიისა და წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტი. შეყვანილია იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს მიერ 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ინტელექტუალის, პოლიტიკოსის, პუბლიცისტისა და ა.შ. სიაში, რომლებმაც თავიანთი ნაშრომებითა და საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს განათლების საქმეში კაცობრიობის ცივილიზაციის დაბადებიდან დღემდე.[2]

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრიოს გლინოსი დაიბადა ოსმალეთის სმირნაში. წარჩინებით დაამთავრა სმირნის ევანგელური სასწავლებელი. 1899 წელს გაემგზავრა საბერძნეთის სამეფოში და ჩაირიცხა ათენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ამ პერიოდში ის კვლავ „სუფთა ენის“ (კაფარევსა) მომხრე იყო.[3] 1904 წელს შეუერთდა თანამედროვე სალაპარაკო ენის (დიმოტიკა) მხარდამჭერთა მოძრაობას და გახდა ერისა და ენის საზოგადოების წევრი. 1905 წელს, წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხელმძღვანელობდა სმირნას „ანაქსაგორას სკოლის“ დირექტორატს, შემდეგ კი — სმირნას „ბერძნულ-გერმანულ ლიცეუმს“.[4] თუმცა, მისმა მრავალრიცხოვანმა საჯარო გამოსვლებმა და პუბლიკაციებმა dimotica-ს დასაცავად, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და იძულებული გახდა დაეტოვებინა სმირნა (1908).[5]

გერმანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრისმა სწავლა განაგრძო გერმანიაში იენასა და ლაიფციგში, ფილოსოფიის, პედაგოგიკის და ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის კურსებზე. პარალელურად, ამ პერიოდში გაიცნო გ. სკლიროსი და მისი მეშვეობით მოექცა სოციალისტური იდეოლოგიისა და მარქსიზმის გავლენის ქვეშ. იონ დრაგუმისთან და დიმოტიკის სხვა მომხრეებთან მიმოწერით, გლინოსმა მონაწილეობა მიიღო „საგანმანათლებლო საზოგადოების“ შექმნაში (1910 წ.). „საზოგადოების“ თავდაპირველი მიზანი იყო დემოტიკაში სახელმძღვანელოების და დაწყებითი სკოლის ექსპერიმენტული მოდელის შექმნა, რომელიც დაწყებით კლასებში დემოტიკის მომხრეთა პედაგოგიური იდეების განხორციელებას შეუწყობდა ხელს.[6]

საბერძნეთში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს გლინოსს აღარ ჰქონდა ცხოვრებისთვის საარსებო პირობები, მიატოვა სწავლა და დაბრუნდა საბერძნეთში. საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ იგი თავდაპირველად დაინიშნა ათენის პლაკას რაიონის გიმნაზიის მასწავლებლად, შემდეგ კი — ათენის „არსკაკისის ლიცეუმში“. პარალელურად ხელმძღვანელობდა საგანმანათლებლო საზოგადოების ბიულეტენის სარედაქციო კოლეგიას, რომელშიც ასევე აქვეყნებდა თავის სტატიებს განათლების საკითხებზე.

1912 წელს გლინოსი დაინიშნა „საშუალო განათლების სასწავლებლის“ დირექტორად. 1913 წელს განათლების მინისტრ ი.ცირიმოკოსთან (ელეფთერიოს ვენიზელოსის მთავრობა) თანამშრომლობით, დაინიშნა საგანმანათლებლო რეფორმის ე.წ. „ცირიმოკოსის კანონპროექტები“ მთავარ პასუხისმგებელ პირად. შემუშავებული კანონპროექტი, საგანმანათლებლო რეფორმის შესახებ, პარლამენტში კენჭისყრის შემდეგად არ იქნა მიღებული. 1914 წელს იგი იყო „საშუალო განათლების მუშაკთა საგანმანათლებლო ასოციაციის“ შექმნის ინიციატორი, ამავე დროს ეკავა ჟურნალ „აგოგის“ (განათლება, აღზრდა) დირექტორის თანამდებობა.[7] თანამშრომლობდა რა ლინგვისტებთან მ. ტრიანდაფილიდისთან და ალექსანდრე დელმუზოსთან, მან მონაწილეობა მიიღო საგანმანათლებლო კომიტეტში, რომელიც შეიქმნა ე. ვენიზელოსმა განათლების რეფორმის საკითხის განხილვისა და წინადადებების წარმოდგენის მიზნით. ვენიზელოსის გადადგომის შემდეგ გლინოსი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. 1916 წლის ნოემბრის მოვლენების დროს (იხ. ეროვნული სქიზმი) დააპატიმრეს მეფის შეურაცხყოფისთვის და ერთი თვით ციხეში ჩასვეს. 1917 წლის იანვარში, ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, გაემგზავრა სალონიკში, სადაც სალონიკის ეროვნული თავდაცვის დროებით მთავრობაში (1917) დაიკავა განათლების მინისტრის მრჩეველის თანამდებობა და ასევე ასრულებდა სამინისტროში გენერალური მდივანის მოვალეობას.[8] 1917 წელს დაიწყო საგანმანათლებლო რეფორმის განხორციელება, დიმოტიკის დაწყებით განათლებაში დანერგვის შესახებ, რითაც გახდა პიონერი ე.წ. „ენობრივი განათლების რეფორმის“ ფარგლებში. 1920 წლის ნოემბრის არჩევნებში ვენიზელოსი დამარცხდა, გლინოსმა თანამდებობა დატოვა და კვლავ აქტიურად დაიწყო მუშაობა „საგანმანათლებლო საზოგადოებაში“.

1922 წლის რევოლუციურმა მთავრობამ იგი სამინისტროში დააბრუნა, მაგრამ გენერალ ტ.პანგალოსის დიქტატორულმა რეჟიმმა იგი 1926 წლის იანვარში ისევ გაათავისუფლა. ამას შემდეგ გლინოსი საჯარო სამსახურში აღარ დაბრუნებულა. 1926 წლიდან გამოსცემდა ჟურნალს „ანაგენისი“ (აღორძინება).[9] 1928 წელს გლინოსი გაასამართლეს, რადგან პასუხისმგებელი იყო ინციდენტზე,რომელიც ცნობილი ბერძნულ-რუმინელი მწერლის პანაიტ ისტრატის ლექციის დროს მოხდა (გლინოსი იყო ლექციის ორგანიზატორი ნ. კაზანძაკისთან ერთად).

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლინოსი თანდათან დაუახლოვდა მემარცხენე ძალებს და საბერძნეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკურ ლიდერებს. 1927 წელს „საგანმანათლებლო საზოგადოების ადმინისტრაციული კომიტეტის დეკლარაციაში“ [10] გლინოსმა პედაგოგიური მოძრაობა სოციალისტურ იდეებს დაუკავშირა. 1930 წლიდან ის აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. 1934 წელს მეგობარ კოსტას ვარნალისთან ერთად გაემგზავრა საბჭოთა კავშირში. დაბრუნების შემდეგ მან გამოაქვეყნა თავისი შთაბეჭდილებები გაზეთ Neos Kosmos (ახალი სამყარო).[11] 1935 წელს, პოლიტიკური საქმიანობის გამო ორჯერ იქნა გადასახლებული. თავდაპირველად კუნძულ აგიოს ევსტრატიოსზე დიქტატორ გენერალ გეორგიოს კონდილისის მიერ, შემდეგ კი — კუნძულ სანტონირაზე — გენერალ იოანნის მეტაქსის მიერ. 1936 წელს აირჩიეს საბერძნეთის პარლამენტში, თანამშრომლობდა საბერძნეთის კომუნისტურ პარტიასთან.

წინააღმდეგობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის გერმანულ-იტალიურ-ბულგარული სამმაგი ოკუპაციის დაწყებისთანავე გლინოსი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მონაწილეობა მიიღო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის (EAF) შექმნის პროცესში და დაწერა მისი იდეოლოგიური პოლიტიკური მანიფესტი „რა არის EAM და რა გსურს?“, — რასაც დღეს უწოდებენ „განმათავისუფლებელი ბრძოლის სახარებას“.[12] პარალელურად შეუერთდა საბერძნეთის კომუნისტურ პარტიას და არჩეული იქნა პარტიის პოლიტბიუროს წევრად. გლინოსი გარდაიცვალა ოპერაციის შემდეგ, 1943 წლის შობის დღეს, თავისუფალ საბერძნეთში გამგზავრებამდე, სადაც უნდა ეხელმძღვანელა „მთების მთავრობისთვის“. დიმიტრისს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გადაწყვიტა წასვლამდე ოპერაციის გაკეთება.[13] 1943 წლის 30 დეკემბერს, ბერძენი კომუნისტების იატაკქვეშეთის გაზეთმა რიზოსპასტისმა პირველ გვერდზე შავ ჩარჩოში გამოაქვეყნა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს განცხადება ბერძენი ინტელიგენციის რჩეული წარმომადგენლის და პარტიის წევრის გარდაცვალების შესახებ.[14]

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წლიდან, როგორც „საგანმანათლებლო საზოგადოების“ წევრი რამდენიმე წლის განმავლობაში, გლინოსი, როგორც მისი ერთ-ერთი ლიდერი, აქვეყნებდა ფილოსოფიურ და პედაგოგიურ კვლევებს ჟურნალში „ანაგენისი“. მათ შორის იყო: „შემოქმედებითი ისტორიციზმი“ (1920), „ქალთა ჰუმანიზმი“ (1921), „ღორები ღრუტუნებენ“ (1921), „დაუმარხავი მკვდრები“ (1925) და სხვ. [15] გადასახლების წლებში მან დაწერა „ომის ტრილოგია“ [16] და „დიალექტიკური ფილოსოფიის დიაგრამა“(1936 წლის ოქტომბერი), როგორც „დიალექტიკური მატერიალიზმის“ ფართო კვლევის პროექტი.[17]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრის გლინოსის სახელს ატარებს: თენის უნივერსიტეტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა კავშირი,[18] ეგეოსის ზღვის უნივერსიტეტის მართვის ფაკულტეტის სტუდენტთა კავშირი, არისტოტელეს უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების სკოლა.[19] ასევე სალონიკში, დაწყებითი განათლების მასწავლებელთა საზოგადოება,[20] მე-2 წმინდა დიმიტრის გიმნაზია[21] და თებეს საღამოს გიმნაზია-ლიცეუმი.[22]

გლინოსის სახელი ეწოდა საბერძნეთის ქალაქებში ქუჩებს, მათ შორის მაკედონიის დედაქალაქის მრავალ მუნიციპალიტეტში, ქალაქ სალონიკში, ათენის გლიფადაში, ნეა იონიასა და ა.შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (συλλογικό), Δημήτρης Γληνός, ο πνευματικός ταγός. Πρακτικά του συμποσίου για τα πενήντα χρόνια από το θάνατό του: Αφιερώνεται στα 80χρονα του ΚΚΕ, έκδ. Σύγχρονη Εποχή, Αθήνα 1997.
  • Κασιούρας, Δημήτρης, «Σχετικά με τις φιλοσοφικές αντιλήψεις του Δ. Γληνού», περ. Διαβάζω, τεύχ. 61 (1983).
  • Φίλιππος Ηλιού, «Εισαγωγικό σημείωμα», στα Άπαντα Δημ. Γληνού, τόμ.Α΄, έκδ. Θεμέλιο, Αθήνα 1983, σ.ια-λη.
  • Γιώργος Δ. Μπουμπούς, «Γληνός, Δημήτρης», λήμμα στην Εγκυκλοπαίδεια του Ελληνικού Τύπου, 1784—1974, έκδ. Εθνικό Ίδρυμα Ερευνών, Αθήνα 2008.
  • (συλλογικό), Στη μνήμη Δημήτρη Α. Γληνού. Μελέτες για το έργο του και ανέκδοτα κείμενά του, έκδ. Τα Νέα Βιβλία, Αθήνα 1946. Επανέκδοση: Παπαζήσης, Αθήνα 2003, επιμ. Κωνσταντίνος Μαυρέας — Γιώργος Δ. Μπουμπούς.
  • Ελένη Ζούζουλα και Κώστας Θεριανός, «Δημήτρης Γληνός: ο αγωνιστής δάσκαλος, ο ριζοσπάστης παιδαγωγός», περ. Αντιτετράδια της Εκπαίδευσης, τεύχ. 68-69, Δεκ. 2003-Φλεβ. 2004.
  • Μαριάνθη Μπέλλα, «Η Ανωτέρα Γυναικεία Σχολή (1921—1923)», περ. Εκπαιδευτική Κοινότητα, τεύχ.99, Αύγ.-Οκτώβρ. 2011.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. [Γιώργος Δ. Μπουμπούς], «Δημήτρης Γληνός დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. », Ίδρυμα Γληνού (Αθήνα). Ανακτήθηκε στις 08.06.2015.
  3. Στη μνήμη Δημήτρη Α. Γληνού (βλ. Βιβλιογραφία), σ. 195.
  4. Στη μνήμη Δημήτρη Α. Γληνού, σ. 201.
  5. :BiblioNet : Γληνός, Δημήτρης. ციტირების თარიღი: 2015-08-25
  6. Δημήτρης Γληνός. Ο αγωνιστής δάσκαλος, ο ριζοσπάστης παιδαγωγός — ΑΝΤΙΤΕΤΡΑΔΙΑ της Εκπαίδευσης. ციტირების თარიღი: 2015-08-25
  7. Χάρης Αθανασιάδης, «Αγωγή», Εγκυκλοπαίδεια του Ελληνικού Τύπου, 1784—1974, τόμ. Α΄, έκδ. Εθνικό Ίδρυμα Ερευνών, Αθήνα 2008, σ.101-102.
  8. Φίλιππος Ηλιού, «Εισαγωγικό σημείωμα» (βλ. Βιβλιογραφία), σ.ις.
  9. Αγγ. Λούδη, «Αναγέννηση», Εγκυκλοπαίδεια του Ελληνικού Τύπου, τόμ. Α΄, σ.188-190.
  10. Δημ. Γληνού, Εκλεκτές σελίδες (βλ. Βιβλιογραφία), τόμ.Γ', σ.24-59.
  11. Στη μνήμη Δημήτρη Α. Γληνού., σ.204.
  12. Ριζοσπαστησ
  13. Γληνός Δημήτρης. ციტირების თარიღი: 2015-08-25
  14. Ο Δημήτρης Γληνός ως επιστήμονας και πολιτικός.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-08-25
  15. Γιώργος Δ. Μπουμπούς, «Στη ζωή της σιωπής και του στοχασμού: ο Δημ. Γληνός στη Σαντορίνη», στο Δ. Γληνού, Η Τριλογία του Πολέμου, επανέκδ. Παπαζήση (βλ. Βιβλιογραφία), σ.xiii-xviii.
  16. Γιώργος Δ. Μπουμπούς, «Στη ζωή της σιωπής και του στοχασμού: ο Δημ. Γληνός στη Σαντορίνη», στο Δ. Γληνού, Η Τριλογία του Πολέμου, επανέκδ. Παπαζήση (βλ. Βιβλιογραφία), σ.xiii-xviii.
  17. Στη μνήμη Δημήτρη Α. Γληνού, σ.153-156
  18. ΕΚΠΑ. Τμήμα Πολιτικής Επιστήμης και Δημόσιας Διοίκησης - Φοιτητικός Σύλλογος. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-08. ციტირების თარიღი: 2015-06-08.
  19. Διδασκαλείο Δημοτικής Εκπαίδευσης «Δημήτρης Γληνός». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-28. ციტირების თარიღი: 2015-06-08.
  20. Σύλλογος Εκπαιδευτικών Π.Ε. «Δημήτρης Γληνός». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-20. ციტირების თარიღი: 2015-06-08.
  21. 2ο Γυμνάσιο Αγίου Δημητρίου. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-08. ციტირების თარიღი: 2015-06-08.
  22. Εσπερινό Γυμνάσιο λ.τ. Θήβας «Δ. Γληνός» — Το Ιστολόγιο του Εσπερινού Γυμνασίου με Λυκειακές Τάξεις Θήβας. ციტირების თარიღი: 2015-08-25