დავით და კონსტანტინეს მარტვილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით და კონსტანტინეს მარტვილობა“ — ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ძეგლი, რომელშიც აღწერილია არგვეთის მთავრების გმირობა და ქრისტიანული სარწმუნოებისათვის მათი მოწამებრივი აღსასრული მურვან ყრუს შემოსევის დროს.

როგორც თავად თხზულებაში ჩანს, დავითისა და კონსტანტინეს ღვაწლი ადრევე აღუწერიათ („ვითარცა გვსწავიეს ესე ძუელთა უწყებათაგან, იყენეს წმიდანი ესე მოწამენი სანახებისაგან არგუეთისა“), მაგრამ მათი წამების თავდაპირველი ტექსტი დაკარგულია. ნაწარმოები მოღწეულია უცნობი ავტორის მიერ გადამეტაფრასებული რედაქციით, რომელიც XII საუკუნეზე ადრინდელი არ უნდა იყოს. ამაზე მიუთითებს თხზულებაში ჯუანშერის საისტორიო ნაშრომისა და არსენ იყალთოელის „დოგმატიკონში“ მოთავსებული ერთი ანტიმაჰმადიანურ-პოლემიკური თხზულების გამოყენება. ცნობილია ასევე მეტაფრასული ტექსტის ანტონ კათალიკოსისეული რედაქცია (1768-1769) და XIII-XVIII საუკუნეების 5 სხვადასხვა სვინაქსარული ვარიანტი.

თხზულება XVIII საუკუნის ხელნაწერის მიხედვით ტექსტი პირველად გამოსცა მიხეილ საბინინმა (კრებული „საქართველოს სამოთხე“, 1882); მეორედ — სოლომონ ყუბანეიშვილმა XIII საუკუნის ხელნაწერის მიხედვით (ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია; ტ. 1, თბ., 1946).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;