არგვეთი (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არგვეთი.
არგვეთის საერისთავო XI საუკუნის ბოლოს

არგვეთი, მარგვეთი — ისტორიული პროვინცია დასავლეთ საქართველოში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე, ე. ი. ახლანდელი ხარაგაულის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ჭიათურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონტი მროველის ცნობით, არგვეთი ანუ მარგვეთი ლიხის მთიდან რიონამდე იყო გაშლილი, ე. ი. დაახლოებით დღევანდელი ზემო იმერეთის ტერიტორიას მოიცავდა. ამ სახელის მიხედვით ნაწარმოებია გვარები: მარგველი, მარგველაძე, მარგველაშვილი.

არგვეთი საერისთავო ქვეყანა იყო. ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ ჯერ კიდევ ქართლის მეფეს ფარნავაზს დაუსვამს ერისთავი, მასვე აუგია შორაპნისა და დიმის ციხეები. ვახტანგ გორგასალის დროს არგვეთი თაკვერსაც მოიცავდა. VIII საუკუნის 30-იან წლებში არგვეთის მთავრები იყვნენ დავითი და კონსტანტინე. IX საუკუნეში არგვეთის ერისთავად დადგენილი აფხაზთა უფლისწულის დემეტრეს რეზიდენცია ჩიხაში ყოფილა. XI საუკუნის I ნახევარში არგვეთის ერისთავებად იხსენიებიან ხურსი და გიორგი. არგვეთში იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი მძლავრი ფეოდალური გვარის, ბაღვაშების (ბაღუაშების) მამული. უკანასკნელი ბაღვაშის, რატის, სიკვდილის შემდეგ (1103) დავით აღმაშენებელმა მათი მამული გელათის მონასტერს შესწირა. XII-XIII საუკუნეებში არგვეთის ერისთავებად ამანელისძენი ჩანან. გვიანდელი ფეოდალურ ხანაში არგვეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სათავადოები: საწერეთლო, აბაშიძეთა სათავადო, საჩხეიძეო და სამხეიძეო.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგვეთში ძირითადად მევენახეობა და მესაქონლეობა იყო განვითარებული. მოიპოვებოდა და მუშავდებოდა სპილენძი, რკინა, ვერცხლი. არგვეთში უმნიშვნელოვანესი ციხეები იყო: შორაპანი, აკანდა, სვერი, ჩიხა, მუხურა და სხვა. საეკლესიო ნაგებობათაგან აღსანიშნავია უბისისა და ჯრუჭის მონასტრები (ეს უკანასკნელი ხურსი ერისთავმა საგვარეულო სამარხად ააგო X-XI საუკუნეების მიჯნაზე), ტაბაკინი და კაცხის ტაძარი, აგებული 1010-1014 ბაღვაშების საგვარეულო სამარხად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., „საქართველოს ისტორიის საკითხები“, წგნ. 1, თბ., 1964;
  • ჯავახიშვილი ივ., „ქართველი ერის ისტორია“, წგნ. 2, თბ., 1983;
  • ჯანაშია ს., შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
  • ვახუშტი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;