დავით აღმაშენებლის სამხედრო რეფორმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამხედრო რეფორმებიXII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოში დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ლაშქრის გაწვრთნა-ორგანიზებას და საომარ მოქმედებათა ტაქტიკისა და სტრატეგიის გარდაქმნა-გაუმჯობესებას. დავით აღმაშენებელმა მკაცრი სამხედრო დისციპლინა შემოიღო ჯარში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ლაშქრის კარგად გაწვრთნას, ამ მიზნით მან არსებულ წესებში საგრძნობი ცვლილებები შემოიტანა. მოქმედების სისწრაფისათვის ქვეითი ჯარი შეიცვალა ცხენოსანი რაზმებით. ფართოდ იქნა გამოყენებული მტრის შემოტყუებისა და მასზე მოულოდნელად თავდასხმის ხერხი. შეიქმნა მზვერავების (მსტოვრები) ფართო ქსელი. საქართველოს ლაშქრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება იყო სწრაფი მანევრირების უნარი, რასაც ხელი შეუწყო დავითის მიერ აგებულმა ხიდებმა და მოწესრიგებულმა გზებმა. დიდი ყურადღება მიექცა წინამბრძოლებს, რომელთა მოვალეობა იყო პირველნი შებრძოდნენ მტერს. თვით დავით აღმაშენებელი „უმსგავსო სპასპეტი და წინამბრძოლი“ ყოფილა. საქართველოში მუდმივი ლაშქრის შექმნისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ყივჩაყთა ჩამოსახლებას საქართველოში 1118—1120 წლებში. დავით აღმაშენებელმა „წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი“ ყივჩაყი უზრუნველყო საჭურვლითა და ცხენებით და კარგად გაწვრთნა. ყივჩაყთა ვალდებულება საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს მიმართ მხოლოდ სამხედრო სამსახური იყო, ამდენად ისინი მუდმივ ლაშქარს წარმოადგენენ. საჭიროების შემთხვევაში მეფეს შეეძლო შეეყარა „თვისისა სამეფოსა სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენ-კეთილნი და პირშეუქცეველნი“, რომლებსაც, როგორც ჩანს, გადამწყვეტ მომენტებში იყენებდა მეფე.

მაგ., დიდგორის ბრძოლაში საქართველოს ლაშქარი ასე გამოიყურებოდა:

  • ქართველთა ლაშქარი — ქართველი მოსახლეობისაგან შედგენილი, ომის წინ საგანგებოდ შეკრებილი ლაშქარი;
  • „მონა-სპა“ — მეფის თანმხლები 5 ათასი მხედრისაგან შემდგარი ლაშქარი;
  • ყივჩაყთა ლაშქარი — მუდმივი ლაშქარი;
  • „როქის სპა“ — დაქირავებული ლაშქარი.

ეროვნების მიხედვით: 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ალანი და 100 ევროპელი რაინდი.

საქართველოს სამეფო კარის მიერ გატარებულმა სამხედრო ღონისძიებებმა ქვეყანა გაამაგრა და გააძლიერა, შექმნა მტკიცე საფუძველი ფეოდალური საქართველოს ერთიანობის აღდგენისათვის.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მესხია შ., ძლევაჲ საკვირველი, თბ., 1972;
  • მეტრეველი რ., დიდნი საქმენი (XI საუკუნის მეორე ნახევრისა და XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი), თბ., 1978;