გრაფის ჩანაქცევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრაფის ჩანაქცევი
კოორდინატები: 43°18′43″ ჩ. გ. 40°33′25″ ა. გ. / 43.312111° ჩ. გ. 40.557000° ა. გ. / 43.312111; 40.557000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 2200 მ
სიგრძე 1880 მ
სიღრმე 770 მ
აღმოჩენის წელი 1975
შესასვლელთა რაოდენობა 2
ამგებელი ქანები კირქვა
გრაფის ჩანაქცევი — საქართველო
გრაფის ჩანაქცევი
გრაფის ჩანაქცევი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გრაფის ჩანაქცევი

გრაფის ჩანაქცევი[1] — კარსტული შახტი (მღვიმე) საქართველოში, აფხაზეთის ა/რ-ში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის მასივზე, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაიურულ მასიურ კირქვებში. მღვიმე იწყება ვიწრო ნაპრალით, რომელიიც ებმის მოზრდილ დარბაზს; გასწვრივ ჭრილში მღვიმეს აქვს საფეხურისებრი პროფილი. სიგრძე 1880 მ, სიღრმე 770 მ, ფართობი 4400 კმ², მოცულობა 54800 მ³.[2] მღვიმეში არის შეუსწავლელი განშტოებები. შახტში სამი მოზრდილი ტბაა, გაედინება ნაკადული. ცალკეულ უბნებში ჭარბი ნგრევის მასალაა.[3]

გრაფის ჩანაქცევის შესასვლელი ზღვის დონიდან 2334 მ სიმაღლეზეა. აქვს ორი შესასვლელი, რომლებიც მთა ჭიფშირის სიახლოვესაა განლაგებული.[1] სხვაობა ზედა შესასვლელსა და ქვედა შესასვლელს შორის 20 მ-ია.[2]

ზედა შესასვლელი მდებარეობს დიდი კარის ფსკერზე, ქვედა წარმოადგენს თოვლნარიან და ტბიან გროტს. ზედა შესასვლელიდან გადის 20 მეტრი სიგრძის ყინულოვანი კოჭა, რომლის საშუალო ქანობია 20°. აქედან ვიწრო გასასვლელია და შემდეგ 6 მეტრიანი საფეხური, რომლიდანაც შესაძლებელია მეორე ყინულოვან კოჭაში (სიგრძე დაახლოებით 15 მ) მოხვედრა. შემდეგ, დაბალი გასასვლელით შესაძლებელია ნაზვავ გროტში მოხვედრა, რომლის შორეულ ნაწილში განლაგებულია ვერტიკალური კალიბრი, რომელიც 3 მეტრიანი საფეხურით იხსნება.[2]

საფეხურის ფსკერზე შვერილია, რომელიც 22 მ-იანი ჭის თავია. ჭიდან შესაძლებელია გროტში მოხვედრა, რომლის ქვედა ნაწილში არის გასასვლელი მღვიმის გვერდითა განშტოებაში. 12 მეტრიანი არხი ქვემოთკენ ვიწროვდება და გადადის მოკლე აღმავალ მეანდრში. 3 მეტრიანი საფეხურის ფსკერზე ბუდის ფორმის მცირე გროტია.[2]

გრაფის ჩანაქცევი აღმოაჩინა ტომსკის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ ვიქტორ ლერინმანის ხელმძღვანელობით 1975 წელს. 1982–85 წლებში მღვიმე გამოიკვლიეს ტომსკის სამედიცინო ინსტიტუტის სპელეოლოგებმა. 1986 წელს შეისწავლა ტომსკის სპელეოლოგთა ჯგუფმა. 1987 წელს ტომსკის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ მიაღწია მღვიმის 685 მ-იან ნიშნულს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კუკური წიქარიშვილი, ნანა ბოლაშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები. გვ. 38., თბ., 2013
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Графский провал | Краткое описание | Грузия, Абхазия, Гудаутский район
  3. ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009