ბესარიონ კვირკველია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბესარიონ კვირკველია
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 მარტი, 1921 – 25 თებერვალი, 1922
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეალექსი გეგეჭკორი

დაბადებულიიანვარი, 1885
დაბა ლანჩხუთი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი27 ივნისი, 1937 (52 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირი
ეროვნებაქართველი

ბესარიონ (ბესო) მელქისედეკის ძე კვირკველია (დ. იანვარი, 1885, დაბა ლანჩხუთი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 27 ივნისი, 1937, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბესარიონ კვირკველია დაიბადა 1885 წლის იანვარში, ოზურგეთის მაზრის დაბა ლანჩხუთში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა, შემდეგ კი სამრევლო სკოლაში მიაბარეს. სწავლა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში განაგრძო. ცოდნის მიღებაში მას დიდი დახმარება ბიძამ, ქუთაისში ნაფიცმა ვექილმა დავით კვირკველიამ და ბიცოლა ბაბალე ნაკაშიძემ აღმოუჩინეს. დავითის დედა და ბესოს ბებია ირინე ნოე ჟორდანიას მამიდა იყო, ხოლო ბაბალე აკაკი წერეთელს ენათესავებოდა. ბიძის განათლებულმა ოჯახმა და ქუთაისის რევოლუციურმა ახალგაზრდობამ ბესარიონ კვირკველიაზე დიდი გავლენა იქონია. მან 1904 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მოსწავლეთა მიერ ჩატარებულ ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში, რისთვისაც ის სასწავლებლიდან გარიცხეს, მაგრამ ბიძის შუამდგომლობით კვლავ აღადგინეს. 1904 წელს იგი ბოლშევიკური პარტიის წევრი გახდა. 1906 წელს ბესარიონ კვირკველიამ რეალური სასწავლებელი დაამთავრა, 1907 წელს პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, მაგრამ რევოლუციური საქმიანობის გამო, იქაურმა ადმინისტრაციამ აიძულა, ინსტიტუტი დაეტოვებინა. 1908 წელს ბ. კვირკველია პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა და პარალელურად არალეგალური პარტიული საქმიანობა გააგრძელა. რამდენიმე წლის შემდეგ მან წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი.

1915 წელს ბესარიონ კვირკველია ჯარში გაიწვიეს, სადაც საველე ჰოსპიტალში, სამეურნეო ნაწილის უფროსი გახლდათ, ამასთან, პარტიულ მუშაობასაც აგრძელებდა.

1917 წლის რევოლუციამ მას ტრაპიზონში მოუსწრო. იგი ბოლშევიკების ტრაპიზონის ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1918 წლის დამდეგს, საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთმა თავისი ჯარები ტრაპიზონიდან გაიწვია. ბესარიონ კვირკველია აქტიურად მონაწილეობდა ჯარების ევაკუაციაში. ამის შემდეგ ქუთაისში ჩავიდა, საიდანაც აფხაზეთში მიავლინეს. აქ იგი დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებულ გამოსვლებს მეთაურობდა, რასაც აქტიურად ეხმაურებოდა ვ. ი. ლენინი. ქართულმა მილიციამ და სახალხო გვარდიამ აფხაზეთში გამოსვლები ჩაახშო. მათი მეთაურები დააპატიმრეს და გადაასახლეს.

ბესარიონ კვირკველიამ მუშაობა მაიკოპში განაგრძო. მალე, დენიკინის შემოტევის გამო, წითელმა არმიამ მაიკოპი დატოვა. ქალაქის ევაკუაციას ბესო კვირკველია ხელმძღვანელობდა. 1918 წლის დეკემბერში, ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ კავკასიის თავდაცვის საბჭო შეიქმნა და ბესო კვირკველია მის წევრად და ჯარების მომარაგების უფროსად დაინიშნა. 1918-1920 წლებში ბესო კვირკველია რუსეთის სამოქალაქო ომში მონაწილეობდა, სადაც დაიჭრა და კონტუზია მიიღო. ამის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, ხოლო 1920 წლის მაისში, სამხედრო-რევოლუციური საბჭოს ბრძანებით, იგი ცნობილი მე-11 არმიის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი გახდა. 1921 წლის თებერვალში მე-11 არმიას სხვა ცნობილ რევოლუციონერებთან ერთად, ბესო კვირკველიაც მოუძღოდა. იგი იყო ე. წ. „შულავერის მთავრობისა“ და რევკომის წევრი. სწორედ რევკომის გადაწყვეტილებით დაინიშნა ბესო კვირკველია შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად. მან ამ თანამდებობაზე 1921 წლის 8 მარტიდან 1922 წლის 25 თებერვლამდე იმუშავა და საფუძველი ჩაუყარა ქართული საბჭოთა მილიციის ჩამოყალიბებას. 1922 წლის 11 აგვისტოდან საქართველოს სსრ სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრად მუშაობდა. 1922 წლის 26 თებერვალს ბესო კვირკველია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, სულ მალე კი მოსკოვში, სსრ კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატში, კოლეგიის წევრად გადაიყვანეს. 1932 წელს მას შორეული აღმოსავლეთის ოკრუგის ხელმძღვანელობაც შესთავაზეს, მაგრამ გადაღლილობის გამო უარი თქვა და საქართველოში დაბრუნდა. სხვადასხვა დროს იყო „საქართველოს ჩაის“ ტრესტის მმართველი, საბჭოთა მშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, დეკანი, ჟურნალ „საბჭოთა სამართლის“ რედკოლეგიის წევრი. 1933 წელს საგანგებო კომისიამ ბესო კვირკველიას საქმიანობა შეისწავლა და იგი დადებითად შეაფასა.

1935 წელს გამოქვეყნდა ლავრენტი ბერიას ნაშრომი „ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციის ისტორიის საკითხისათვის“, რომელშიც ავტორი ხოტბას ასხამდა იოსებ სტალინს. ბესო კვირკველიამ ლავრენტი ბერიას ნაშრომი მკაცრად გააკრიტიკა, რისთვისაც მას საპასუხისმგებლო პოსტი დაატოვებინეს და საქართველოს მონკავშირის გამგეობის თავმჯდომარედ გადაიყვანეს.

1936 წლის 20 ოქტომბერს ბესარიონ კვირკველია „ნაციონალ-უკლონიზმის“ ბრალდებით დააპატიმრეს. 1937 წელს ის გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-8 მუხლით და სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიესაჯა.

1956 წლის 23 მაისის სამხედრო კოლეგიის განჩინებით ბესარიონ კვირკველია რეაბილიტირებულია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]