ბაზიდიუმიანი სოკოები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაზიდიუმიანი სოკოები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: ბაზიდიუმიანი სოკოები
ლათინური სახელი
Basídiomycetes

ბაზიდიუმიანი სოკოები, ბაზიდიომიცეტები (Basídiomycetes) (ბერძნ. basidion „ფუძე, ძირი“ და mykēs „სოკო“) — უმაღლესი სოკოების კლასი, რომელთა გამრავლების ორგანოა ბაზიდიუმი. ტიპობრივ მომწიფებულ ბაზიდიუმს 4 ერთუჯრედიანი სპორა (ბაზიდიოსპორა) აქვს, რომლებიც განსაკუთრებულ გამონაზარდებზე — სტერიგმებზე სხედან. გაღივების დროს თითოეული ბაზიდიოსპორა იძლევა პირველად ჰაპლოიდურ მიცელიუმს, რომელიც ჩვეულებრივ მალე იცვლება დიპლოიდურით, რასაც ბაზიდიუმიანი სოკოების უმრავლესობაში წინ უძღვის ერთი და იმავე ან სხვადასხვა (ჰეტეროთალიზმი) მიცელიუმის უჯრედების შერწყმა. მიცელიუმზე ვითარდება ნაყოფსხეულები. შემდეგ მიმდინარეობს მეიოზი, რაც უმეტესად 4 ბირთვის წარმოქმნით მთავრდება. თითოეული ბირთვი ამ დროისათვის უკვე ჩამოყალიბებულ ბაზიდიოსპორებში გადადის.

ბაზიდიუმიანი სოკოების კლასი 15 ათასზე მეტ სახეობას შეიცავს. მრავალი მათგანი იჭმება (ბებერასოკო, დათვისსოკო, არყასოკო და სხვები), ზოგი შხამიანია (შხამასოკო, თეთრი შხამასოკო და სხვა); ზოგიერთი იწვევს მერქნის ლპობას, ზოგიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ნაყოფსხეულებისა და სასპორე სხეულების მიხედვით ბაზიდიუმიანი სოკოები ორ ქვეკლასად იყოფა: ჰოლობაზიდიომიცეტებად (Holobasidiomycetes) და ფრაგმობაზიდიომიცეტებად (Phragmobasidiomvcetes).

ლიტერატურა[რედაქტირება]