დათვისსოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დათვისსოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  ბოლეტუსი
სახეობა:  დათვისსოკო
ლათინური სახელი
Boletus edulis Bull., 1782
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090234

დათვისსოკო, ასევე ცნობილია როგორც ძირბუკა (ლათ. Boletus edulis) — ბოლეტუსის გვარის სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.[1]

დათვისსოკო კარგ და ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ასევე, გამშრალი, დამუჟუჟებული და დამწნილებული.

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველა კონტინენტზე, გარდა ავსტრალიისა. სოკოს ფესვი წარმოიქმნება სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებზე, განსაკუთრებით ნაძვთან, მუხასთან, არყასთან და ფიჭვთან. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით.

იგი პირველად აღწერა ფრანგმა ბოტანიკოსმა პიერ ბიულიარმა 1782 წელს როგორც Boletus edulis.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Ceriomyces crassus Battarra (1775)
  • Boletus solidus Sowerby (1809)
  • Leccinum edule (Bull.) Gray (1821)
  • Dictyopus edulis (Bull.) Forq. (1890)

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოკოს ქუდის დიამეტრი 7-30 სმ-მდე აღწევს, ზოგჯერ 50 სანტიმეტრამდეც. ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ბალიშისებრ ფორმას იღებს, გვხვდება ბრტყელი ფორმისაც. მშრალ ამინდში ზოგჯერ დახეთქილია, წვრილი ქეცისებრი ან ბოჭკოვან-ქერცლოვანი. ქუდის ფერი — მოთეთროდან მუქ მურამდე: ფიჭვნარებში მოზარდი სოკოს ქუდი მუქი ფერისაა, ფოთლოვან ტყეებში — ღია ფერის. ჰიმენოფორი დავდაპირველად თეთრია, შემდეგ ყვითელი და ბოლოს მოყვითალო-მომწვანო; მილები — წვრილი, მრავალფორებიანი.

ფეხის სიგრძე — 8-20 სმ-მდე (ხშირად 12 სმ-მდე) 3-6 სმ სისქის. თავიდან ძირში ბოლქვისებრია, შემდეგ კი წაგრძელებული ცილინდრული. ქუდთან შედარებით ყოველთვის ღია ფერისაა: მოყვითალო-მოთეთრო-მოყავისფრო, მოთეთრო, ზოგჯერ მურა შეფერილობის. ზედაპირი დაფარულია ბადისებრი ძარღვებით.

რბილობი მკვირვია, წვნიან-ხორციანი, ბებერ სოკოებს — ბოჭკოვანი, თეთრი, ასაკთან ერთად ყვითლდება. გაჭრისას ფერს არ იცვლის (იშვიათ შემთხვევაში შეიმჩნევა ფერის ოდნავი ცვლილება ვარდისფრად ან ლურჯად). მუქად შეფერილი კანის ქვეშ შეიძლება იყოს მურისფერი ან მოყავისფრო-წითელი ფერის ფენა. ახასიათებს სუსტად გამოხატული რბილი სუნი და გემო. მძაფრი სასიამოვნო სოკოს სუნი წარმოიქმნება ხარშვისას ან გახმობისას.

სპორების ფხვნილი მურა-ზეთისხილისფერია. სპორები თითსტარისებრი, საშუალო ზომა 15,5 × 5,5 მკმ, ზომები შეიძლება ვარირებდეს, ერთიდაიგივე ნიმუშზეც კი (11-17×4-5,5მკმ), ძალიან იშვიათად გვხდება ზედმეტად წაგრძელებული, 22 სმ-მდე, თუმცა მათი სიგანე არ აღემატება ჩვეულებრივს.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართოდაა გავრცელებული ყველა კონტინენტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, გარდა ავსტრალიისა. გავრცელების ბუნებრივი რაიონებია თითქმის მთელი ევროპა სკანდინავიიდან სამხრეთ იტალიამდე, ჩრდილოეთ ამერიკიდან მექსიკის სამხრეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან მაროკოს სამხრეთამდე. აზიაში გავრცელებულია თურქეთში, კავკასიაში, ჩრდილოეთ მონღოლეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ციმბირის ყველა რაიონში და შორეულ აღმოსავლეთში, იშვიათად — სირიაში და ლიბანში ძველი (ბებერი) მუხის კუნძებზე. სამხრეთ ამერიკაში (ურუგვაი და ბრაზილია), ახალ ზელანდიაში და სამხრეთ აფრიკაში შეტანილ იქნა ფესვწარმოქმნილი წიწვოვანი ხეების ნერგებით. აგრეთვე იზრდება ისლანდიაში და ბრიტანეთის კუნძულებზე.

სოკოს ფესვი წარმოიქმნება სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებზე, განსაკუთრებით ნაძვთან, მუხასთან, არყთან და ფიჭვთან.

ურჩევნია ხავსიანი და ლიქენებიანი საფარის ტყეები, 50 წელზე დიდი ხნის ხეები, თუმცა ფიჭვნარში დიდი მოსავალი დაფიქსირებულია 20-25 წლიან ტყეებში.

იზრდება (ნაყოფს ისხამს) ერთეულად ან ჯგუფურად (ხანდახან რგოლისებურად).

სეზონი: ჩრდილოეთის ზომიერ კლიმატში ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე, შედარებით მასიური მოსავალია აგვისტოს მეორე ნახევარში. ხშირად ხანმოკლედ ჩნდება მაისის ბოლოს, უფრო თბილ რეგიონებში ნაყოფს ისხამს ოქტომბერშიც.

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დათვისსოკოს ჯერ კიდევ ანტიკურ დროში, ძველი რომში გამოიყენებდნენ. იტალიაში დღემდე მეტად დაფასებულია, თუმცა ქვეყანაში ყველას არ აქვს სოკოებისა და კენკრის დაკრეფვის უფლება. (რუსეთისა და ფინეთისგან განსხვავებით) არსებობს შეზღუდვები სოკოს მოკრეფაზე, რასაც სპეციალური ტყის პოლიცია აკონტროლებს (იტალ. polizia forestale). იტალიელებისთვის ფინეთში ტარდება ტურები სოკოს დასაკრეფად.

ევროპაში დათვისსოკოს გაყიდვების შეფასება მეტად რთულია, ოფიციალურად 1987 წელს საფრანგეთში და გერმანიაში ათას ტონაზე მეტი გაიყიდა, იტალიაში 1988 წელს — 2300 ტონაზე მეტი.[3]

სოკოს, ხორცისგან განსხვავებით, მარხვის დროსაც მიირთმევენ. გამომდინარე აქედან, სოკოებს კათოლიკურ ქვეყნებში უფრო მეტს მიირთმევდნენ, ვიდრე პროტესტანტულში. მაგალითად, ფინეთში სოკოს მოხმარება კათოლიციზმის ეპოქაში გავრცელდა.

დათვისსოკო კარგ და ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ასევე, გამშრალი, დამუჟუჟებული და დამწნილებული.[4]

სამკურნალო თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასში აღმოჩენილია სიმსივნის საწინააღმდეგო მატონიზირებელი თვისებები.[5] წარსულში სოკოს ექსტრაქტით კურნავდნენ სხეულის მოყინულობას.[6]

კულტივირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სამრეწველო გაშენება არამომგებიანია, ამიტომაც მრავლდება მხოლოდ მოყვარული კულტივატორების მიერ.

სოკოს გამოყვანისთვის საჭიროა პირობების შექმნა სოკოს ფესვის ჩამოსაყალიბებლად, რისთვისაც იყენებენ საყოფაცხოვრებო ნაკვეთებს, რომლებზეც რგავენ ფოთლოვან და წიწვოვან ხეებს, სპეციფიკურს სოკოების გარემოსთვის ან გამოყოფენ ტყის ბუნებრივ მონაკვეთებს. ყველაზე კარგია ახალგაზრდა არყის, მუხის, ფიჭვის და ნაძვის ხეების (5-10 წლის ასაკის) კორომების და სარგავების გამოყენება.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნაღველა სოკო (ლათ. Tylopílus felleus) — საკვებად უვარგისია, რბილობი მწარე. გამოირჩევა ასაკთან ერთად მოვარდისფრო ფოროვანი ფენით, ფეხის ზედაპირი უხეში ბადითაა დაფარული. ბადის ფერი უფრო მუქია, ვიდრე ფეხის ძირითადი ფერი.

სხვა მსგავსი სახეობებია:

ადგილობრივი სახელწოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში დათვისსოკოს სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ:[7][8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 67, ISBN 99940-856-1-1.
  • Васильков Б. П. Белый гриб: Опыт монографии одного вида. — М.—Л.: „Наука“, 1966.
  • Грибы СССР. — М.: Мысль, 1980.
  • Дермек А. Грибы. — Братислава: Словарт, 1989.
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: «Астрель», „АСТ“, 2003. — 304 с. — ISBN 5-17-020333-0.
  • Семёнов А. И. О грибах и грибниках: Справочник по сбору грибов в Крыму. — Симферополь: Таврия, 1990. — С. 89—97. — ISBN 5-7780-0177-0.
  • Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დათვისსოკო. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2020.
  2. Bulliard JBF. (1782). Herbier de la France. Vol 2 (French). Paris, France: P.F. Didot, გვ. 49–96, plate 60. ციტირების თარიღი: 2009-11-24. 
  3. Hall, I. & al.: Ectomycorrhizal fungi with edible fruiting bodies 2. Boletus edulis. Economic Botany, 1998, 52. vsk, № 1.
  4. ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 67
  5. Шиврина А. Н., Низковская О. П. и др. Биосинтетическая деятельность высших грибов. Л., 1969.
  6. Васильков Б. П. Изучение шляпочных грибов в СССР. М.—Л., 1953.
  7. Boletus edulis. Fungi.Biodiversity-Georgia.net. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2020.
  8. Boletus edulis. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2020.