ახალი ზელანდიის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალი ზელანდიის ოლქი, ხმელეთის ერთ-ერთი ზოოგეოგრაფიული ოლქი. ზოგჯერ მას ავსტრალიის ოლქში აერთიანებენ. უკავია ახალი ზელანდიის ორივე კუნძული, აგრეთვე კუნძულები ჩატემი, ნორფოლკი, მაკუორი, ოკლენდი, კერმადეკი და სხვა. ოლქის ფაუნა ღარიბია, კუნძულებრივი ტიპისაა. ძუძუმწოვრებიდან აქ მხოლოდ ენდემური მაორიული ვირთაგვა (Mus maorim) და ორი სახეობის ღამურა გვხვდება. ფრინველებს შორის ენდემურია კივისნაირნი, რომლებიც რამდენიმე სახეობათაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია აგრეთვე გუია, პოე, იისფერი პორფირიონი, თუთიყუშები კაკაპო, რომელსაც ფრენის უნარი თითქმის დაკარგული აქვს, და ნესტორი. XIX საუკუნის დასაწყისამდე ახალი ზელანდიის ოლქში ბინადრობდა მეტად საინტერესო ფრინველი მოა. ქვეწარმავლებიდან გვხვდება ჰატერია, რომელიც გარეგნულად მოზრდილ ხვლიკს ჰგავს. ამფიბიებიდან ენდემურია ლიოპელმა (უკუდო ამფიბიებს შორის განვითარების ყველაზე დაბალ საფეხურზე დგას), მტკნარი წყლის თევზებიდან აღსანიშნავია გალაქსიები. დიდი რაოდენობითაა ნაირგვარი მწერები. აკლიმატიზებულია ცხოველთა მრავალი სახეობა (ირემი, მელა, ბოცვერი, შოშია, ბეღურა, კალმახი და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 2, გვ. 89, თბ., 1977