ღამურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღამურა
Abendsegler-drawing.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ხელფრთიანები
ქვერიგი: მწერიჭამია ხელფრთიანები
ოჯახი: ღამურასებრნი
გვარი: ღამურა
ლათინური სახელი
Vespertilio
სახეობები

გვარში გაერთიანებულია 116 სახეობა

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

NCBI 9397

ღამურა (ლათ. Vespertilio) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი ღამურასებრთა ოჯახისა, მწერიჭამია ხელფრთიანების ქვე რიგიდან. მათი სხეულის სიგრძე 35-103 მეტრს აღწევს. აქვთ კარგად განვითარებული ყურსარქველი, შედარებით ფართო ფრთები. კუდი თითქმის ჩამჯდარია საფრენ აპკში ან გარეთ რჩება ბოლო ორი მალა. ზურგი ფერად ღია მურა-შავია, მუცელი — ღია მურა-თეთრი. ღამურას გავრცელება თითქმის სრულიად ემთხვევა ღამურასებრთა არეალს. ბინადრობს როგორც ტყეში, ისე გაშლილ ადგილებში. დღისით თავს აფარებს მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, ხის ფუღუროებს, შენობებსა და სხვ. სანადიროდ გამოდის შებინდებამდე. იკვებება მწერებით. შობს 1-2, ზოგრჯერ 3 ნაშიერს. გვარში გაერთიანებულია 116 სახეობა, რომელთგანაც საქართველოში გვხვდება შვიდი.

ღამურა ხელფრთიანების რიგის ერთადერთი ცხოველია, რომელსაც სრულყოფილი ფრენა შეუძლია. იგი მსოფლიოს ყველა რეგიონში გვხვდება პოლარული და მაღალმთიანი რეგიონების გარდა. ცნობილია, რომ ღამურები დედამიწაზე უკვე 50 მილიონი წელია არსებობენ — იკარონიქტერის სახელით ცნობილი ნამარხი ღამურას თითქმის სრულყოფილი ჩონჩხი ეოცენის პერიოდით თარიღდება. თავითა და სხეულის 8 სმ-იანი სიგრძით ეს ცხოველი იმდენად ემსგავსება თანამედროვე ღამურებს, რომ მეცნიერებს ძალიან ცოტა რამეს თუ ეუბნება ღამურების წარმოშობის ან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინეს ფრენის უნარი. მათი ვარაუდით, ღამურების წინაპარი ხეზე მცოცავი რომელიღაც მწერიჭამია იყო.

ეტიმოლოგია

სახელი ღამურა მომდინარეობს სიტყვა ღამე-დან, რაც ღამურას ცხოვრების ნირიდან გამომდინარე შეერქვა — ის ღამის ცხოველია და დღის განმავლობაში ისვენებს. ღამურას, გარეგნულად თაგვთან მსგავსების გამო ბევრ ენაზე „მფრინავ თაგვსაც“ ეძახიან, მაგალითად რუს. Летучая мышь, თუმცა უმეტეს ევროპულ ენაზე მას „მცირე ხელფრთიანს“ (Microchiroptera) უწოდებენ.

კლასიფიკაცია

ღამურები მიეკუთვნებიან რიგს ხელფრთიანები (Chiroptera), რომელიც შედგება ორი ქვერიგის, 19 ოჯახის, 187 გვარისა და 951 სახეობისაგან.

ანატომია

ღამურები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სიდიდითა და გარეგნობით. მათი სხეული ბეწვითაა დაფარული, რომელიც კიდურებზე ღია ფერისაა. ღამურას ფრთების შლილი 15 სმ-იდან თითქმის 2 მ-მდე მერყეობს, ხოლო ფორმით შეიძლება იყოს როგორც გრძელი და ვიწრო, ასევე მოკლე და ფართო, თუმცა ყველა სახეობაში მეორდება ძირითადი აგებულების სქემა.

წინა კიდურები კარგადაა განვითარებული და შედგება მოკლე და ძლიერი მხრისა და გრძელი, ერთძვლიანი (იდაყვის ძვალი) წინა მხრისაგან. ცერი მოკლეა, ჩვეულებრივ, მოკაუჭებული ბრჭყალით ბოლოვდება, დანარჩენი თითები დაგრძელებულია და საფრენი აპკის საყრდენს წარმოადგენს. საფრენი აპკი, ასევე მიმაგრებულია სხეულის გვერდებთან, ძვლებთან და კუდთან, რომლის სიგრძე სახეობის მიხედვით განსხვავებულია.

საფრენი აპკი, ჩვეულებრივ, კანის ორმაგ ნაოჭს წარმოადგენს და ღამურას საშუალებას აძლევს იფრინოს ცურვისმაგვარი მოძრაობით, რომელშიც თანაბრადაა ჩართული წინა და უკანა კიდურები. ფრთებში არსებული კუნთოვანი ბოჭკოების და ელასტიური ჭიმების გამო, ღამურას შეუძლია ფრენის დასრულებისას დაკეცილი ფრთები სხეულზე მიიკრას.

ცხოვრების ნირი

მიუხედავად სახეობრივი და საცხოვრებელი გარემოს მრავალფეროვნებისა, მრავალი ღამურა ცხოვრების ნირით საკმაოდ ემსგავსება ერთმანეთს. თითქმის ყველა ღამის ცხოველია და მთელ დღეს დასვენებულ მდგომარეობაში, სპეციალურ თავშესაფარში (ჩვეულებრივ ბუდეს არ იკეთებს), თავდაყირა დაკიდული ატარებს.

ღამურების უმეტესობა მაღალსოციალური ცხოველებია, წლის უმეტეს ნაწილს ჯგუფებად ცხოვრობენ, თუმცა რამდენიმე სახეობა ეულ ცხოვრებას ეწევა.

ღამურები ზოგჯერ თავშესაფარს მოთხოვნილებების ცვლილების მიხედვით იცვლიან. მათ აქვთ ზამთრის თავშესაფარი, სადაც ზამთრის ძილს ეძლევიან და რამდენიმე ადგილი, სადაც დღის განმავლობაში დასასვენებლად აფარებენ თავს წლის სხვა პერიოდებშიც. შეწყვილებისა და ნაშიერის გამოსაზრდელად მათ სპეციალური ადგილები აქვთ მოწყობილი.

ღამურა თავშესაფარს გამოქვაბულებში, მიტოვებულ მაღაროებში, კლდის ნაპრალებსა და ხის ფუღუროებში პოულობს. მისთვის შესაფერისი ადგილებით მდიდარია ძველი შენობები - ნაპრალები კედლებში, სხვენი, სარდაფები, ძველი კარადები... მაგალითად, დიდი ხილიჭამია ღამურები გარეთ იბუდებენ ხის ტოტზე ჩამოკიდებულები.

ღამურებს აქვთ მონიშნული ტერიტორიები, სადაც ისინი მუდმივად ნადირობენ და ხშირად გადაადგილდებიან ფიქსირებულ საფრენ ტრაექტორიებზე. იმ დროის დიდ ნაწილს როდესაც არ ნადირობენ, ღამურები ”მოწესრიგებას” უთმობენ - ილოკავენ საფრენ აპკს, გულმკერდს და მუცელს, ივარცხნიან ბეწვს უკანა კიდურებით და ისუფთავებენ ბრჭყალებს.

ღამურების არაფრენითი მოძრაობა სხვადასხვა სახეობაში განსხვავებულია. ზოგიერთი მათგანი სრულიად უმწეოა ხმელეთზე და მეტად მოუხერხებლად გადაადგილდება; სხვებს შეუძლიათ დაკეცონ ფრთები და სიარულით ან სირბილით გადაადგილდნენ; ზოგი სახეობა ხის ტოტებს შორისაც ადვილად დახოხავს ან, კლანჭებით საიმედოდ მოჭიდებული, ტოტზე ქანაობს.

ზამთრის ძილი

ღამურას ერთ-ერთი ჯიში

ზომიერ სარტყელში ზამთრობით ღამურების საკვები მცირდება. რამდენიმე სახეობა ამ სირთულეს მიგრაციის გზით უმკლავდება, თუმცა ღამურების მეტი წილი სპეციალურ თავშესაფრებს არჩევს, რომ იქ ზამთრის ძილს მიეცეს.

ზამთრის თავშესაფარი, ჩვეულებრივ, შედარებით მყუდრო და ქარისგან დაცული ადგილია, უსწორმასწორო კედლებითა და ჭერით, რომელსაც ღამურები ადვილად მოეჭიდებიან, ან ნაპრალებითა და სიღრმეებით, რომელშიც დაიმალებიან. იდეალურ შემთხვევაში ტემპერატურა 0 °C-ზე მაღალი და საკმარისად ტენიან უნდა იყოს, რომ აორთქლების გამო არ მოხდეს სითხის ჭარბად დაკარგვა.

შემოდგომაზე ღამურები განსაკუთრებით ხარბად უნდა გამოიკვებონ საზამთროდ ცხიმის მარაგის დასაგროვებლად. ტემპერატურის, საკვებისა და სახეობების მიხედვით, ოქტომბრიდან ნოემბრამდე ღამურები თანდათან გამოსაზამთრებელ ადგილებში (ჰიბერნაკულუმებში) იკრიბებიან. ჩვეულებრივ, ის სახეობები, რომლებიც, ჭერზე ან კედლებზე თავდაყირა დაკიდულები იზამთრებენ, დიდ ჯგუფებად იკრიბებიან და სხეულზე ფრთებშემოხვეულები იძინებენ.

კვება

მიუხედავად იმისა, რომ ღამურების უმეტესობა მწერებით იკვებება, სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა საკვებს ამჯობინებს, მათ შორისაა ყველა სახის მფრინავი მწერი - ჩრჩილები, პეპლები, ხოჭოები, ქინქლები, კოღოები, ბუზები, კალიები, ჭრიჭინები ისევე, როგორც ობობები, ტკიპები და სხვა ფეხსახსრიანები.

ნადირობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მწერების ჰაერში დაჭერა. ფრენისას მწერები ან პირდაპირ ხვდებიან მტაცებლის პირში, ან საფრენია აპკი ასრულებს ხაფანგის როლს. ზოგი ღამურა ისე მოხერხებულად იპრეხს კუდის აპკს, რომ მას მწერების დასაჭერ და მოსაგროვებელ „ჩანთად“ იყენებს. ღამურა მსხვერპლს, ძირითადად, დაჭერისთანავე მიირთმევს, თუმცა ზოგი ნელა მფრინავი სახეობა მხოლოდ შესაფერის ადგილზე მისვლის შემდეგ იწყებს ჭამას.

ტროპიკებში

ტროპიკებში ბინადრობენ ხილიჭამია ღამურები, რადგან ეს ერთადერთი კლემატური ზონაა, სადაც ხილი მუდმივად მწიფდება. ეს სახეობები ზოგიერთ მწვანე მცენარეულობასაც მიირთმევენ და გარკვეული რაოდენობით მწერებსაც, რომელიც ხილში ხშირად ხვდებათ. „ძველ სამყაროში“ ხილიჭამია ღამურებიდან აღსანიშნავია მფრინავი მელა, ხოლო „ახალ სამყაროში“ მის ადგილს ფოთოლცხვირა ღამურები იკავებენ. ორივე ოჯახის სახეობა, ასევე, იკვებება ნექტარითა და ყვავილების მტვერით. მათი მეშვეობით, ხდება დამტვერვა. ტროპიკებში ფართოდაა გავრცელებული ყვავილისმჭამელი ღამურებიც. ისინი გამოირჩევიან წაგრძელებული, წვეტიანი თავის ფორმითა და გრძელი ენით, რომელსაც ადვილად აწვდენენ ყვავილის სიღრმეში.

მტაცებელი ღამურები

ვამპირი ღამურა (Desmodontidae)

ღამურებს შორის სულ რამდენიმე მტაცებელია და ისინი ძირითადად ნადირობენ სხვა წვრილ ძუძუმწოვრებზე, მაგალითად, თაგვებზე, ფრინველებზე, ბაყაყებსა და ქვეწარმავლებზე. მათ აქვთ კარგად განვითარებული საჭრელი კბილები, რომლითაც შეუძლიათ უკბინონ მსხვერპლს და მოკლან იგი.

არსებობს ღამურას ორი სახეობა, რომლებიც თევზებით იკვებებიან. მათი უზარმაზარი, ძლიერი ფეხები აღჭურვილია ბასრი კლანჭებით, რომლითაც წყალსატევებისა და ნელი მდინარეების ზედაპირს კვეთენ და იჭერენ თევზს, აგრეთვე, შეუძლიათ კლანჭებზე წამოიცვან 8 სმ-მდე სიგრძის თევზები, რომელთაც დაჭერისთანავე მიირთმევენ.

ასევე არსებობს სამი სახეობის ვამპირი ღამურა, რომელიც გავრცელებულია მექსიკის სამხრეთიდან ჩრდილოეთ არგენტინამდე. ისინი სპეციალური მჭრელებით აკეთებენ ჭრილობას და ხარბად წოვენ სისხლს. მათ ნერწყვში ანტიკოაგულანტი აფერხებს შედედებას და უზრუნველყოფს სისხლის უწყვეტ ნაკადს. ჩვეულებრივ, სისხლის დანაკარგი მაინც არაა სახიფათო მსხვერპლისთვის, თუმცა არსებობს ჭრილობაში ინფექციის შეჭრის საშიშროება, რადგან ღამურები ცოფის ვირუსის გადამტანები არიან.

ექოლოკაცია

სიბნელესთან ერთგვარად ადაპტრებული თვალები, მხოლოდ მფრინავ მელას გააჩნია, მიუხედავად ამისა, ღამურების უმეტესობა ღამით ნადირობს. საკვებისა და მსხვერპლის ადგილის ლოკალიზებაში დიდ როლს თამაშობს კარგად განვითარებული ყნოსვა და სმენა.

თუმცა, ღამურების ყველაზე დახვეწილი და გასაოცარი გრძნიბა, რომელიც, ძირითადად, მსხვერპლის ლოკალიზებისათვის გამოიყენება, ექოლოკაციის უნარია. ღამურების ექოლოკაციის პრინციპი რადარის მოქმედების მსგავსია. ღამურა პირის ან ცხვირის ღრუდან გამოსცემს ულტრაბგერების ნაკადს, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს.

უძრავ ან მოძრავ (მფრინავ) ობიექტზე დაცემული ბგერები აირეკლება და ღამურას ბგერითი ტალღის, ექოს სახით უბრუნდება. ამ ბგერების გაანალიზების შედეგად ღამურას შეუძლია ააგოს გარემოს სურათი, განსაზღვროს საგნების ზომა, ლოკალიზაცია და სიმკვრივე.

გარემოს ასეთი ინტერპრეტაცია იმდენად დახვეწილია, რომ ზოგიერთ ღამურას 1 მმ-ზე მცირე დიამეტრის მავთულის დაფიქსირებაც კი შეუძლია. ფიქრობენ, რომ თევზისმჭამელი ღამურები მსხვერპლს ამჩნევენ ბგერითი ტალღებით, რომელიც უბრუნდებათ თევზის წყლის ზედაპირზე ამოსვლისას წარმოქმნილი ნაკადებიდან არეკლის შედეგად.

გამრავლება

Myotis myotis, nursery roost.jpg

როგორც ჩანს, ღამურების უმეტესობა წელიწადში ერთხელ მრავლდება და მხოლოდ ერთ ნაშიერს შობს. რამდენიმე სახეობას ახასიათებს ტყუპები, ხოლო კანადის სამხრეთსა და ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრებ წითელ ღამურას ერთ თაობაში სამი ან ოთხი ნაშიერი ჰყავს. ეს ერთადერთი სახეობაა ღამურებს შორის, რომელსაც ოთხი მოქმედი ძუძუ აქვს.

ტროპიკებში გამრავლება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ზომიერ სარტყელში კი შეწყვილება შემოდგომასა და ზამთარში ხდება, ხოლო შობადობა გაზაფხულზე იწყება, როდესაც ირგვლივ საკმარისადაა საკვები.

ზომიერი სარტყლის ღამურები სტაბილურ წყვილებს არ ქმნიან, როგორც მდედრები, ასევე, მამრები სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტნიორს ეჯვარებიან. შეჯვარება ხშირად ჰიბერნაკულუმებში ხდება. მამრი მოუსვენრად დახოხავს და აღვიძებს მდედრს, რომ შეეჯვაროს.

ხელსაყრელი პირობები

ამერიკული ფოთოლცხვირა (Phyllostomatidae)

მამრებში სპერმა ზაფხულში ყალიბდება, როგორც მათ, ასევე, მდედრებს (შეჯვარების შემთხვევაში) სიცოცხლისუნარიანი სპერმის შენახვა 7 თვის განმავლობაში შეუძლიათ. ძუძუმწოვრების ეს უნიკალური თვისება უზრუნველყოფს კვერცხუჯრედის განაყოფიერებას, მხოლოდ ნაყოფისთვის ხელსაყრელ პირობებში.

ზოგიერთ სახეობაში კვერცხუჯრედი შეჯვარებისთანავე ნაყოფიერდება, თუმცა საშვილოსნოს კედელში ჩანერგვა ყოვნდება, რაც ზემოთაღწერილის მსგავს შედეგს იძლევა. მუცლად ყოფნა (პერიოდი, რომელსაც ჩანასახი ატარებს საშვილოსნოში ჩასახვიდან დაბადებამდე) შეიძლება გაგრძელდეს 45 დღიდან 100 დღემდე, რაც დამოკიდებულია წელიწადის იმ დროზე, როდესაც შეწყვილება ხდება. ჩვეულებრივ, ზამთრის ძილიდან გამოფხიზლებული მამრები მალევე პოულობენ მდედრს შესაწყვილებლად. შეწყვილების შემდეგ მდედრები მალევე იწყებენ შეგროვებას სპეციალურ ”საბავშვო თავშესაფრებში”, სადაც ახალშობილებზე ზრუნვა ერთობლივად ხდება.

დღისით დაბადება

ამერიკული ფოთოლცხვირა (Phyllostomatidae)

ახალშობილები, ძირითადად, დღისით იბადებიან. ზოგიერთ სახეობაში ეს მაშინ ხდება, როდესაც დედა თავდაყირა არის ჩამოკიდებული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი ამ დროს მჭიდროდაა მიკრული კედელზე ან ჭერზე. როდესაც პატარა დაიბადება, დედა იჭერს მას და ათავსებს კუდის მემბრანით შექმნილ „ჩანთაში“. პატარები, ძირითადად, დაბადებისას ფეხებით გამოდიან, რაც საკმაოდ იშვიათია, თუ არა უნიკალური, ძუძუმწოვრებში.

მდედრი ლოკავს ბრმა, მეჩხერად შებუსვილ ნაშიერს, რომელიც დაბადებისთანავე გამოსცემს წრიპინის მსგავს მაღალ ბგერებს. ეს, სავარაუდოდ, ეხმარება დედას იცნოს შვილი. ღამურას ნაშიერი უმწეოა, მაგრამ იგი დაბადებისას დედის წონის ნახევარს იწონის.

ახალშობილი თითქმის მაშინვე იწყებს ძუძუს წოვას და განაგრძობს მანამ, სანამ დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს. ამ პერიოდის ხანგრძლივობა სახეობებს შორის განსხვავდება. ყველაზე დიდხანს ეს დრო ვამპირებში გრძელდება, ისინი ძუძუს 9 თვე აწოვებენ.

ნაშიერის დატოვება

ბულდოგისებრი ღამურა (Mollosidae )

მწერიჭამია ღამურები სანადიროდ გამოსვლისას ნაშიერებს თავშესაფარში ტოვებენ. ამით ისინი მაქსიმალურად ინარჩუნებენ მანევრულობას.

მიუხედავად იმისა, რომ პატარებს ერთმანეთთან მჭიდროდ შეჯგუფებულებს ტოვებენ, როგორც ჩანს, დედებს არ უჭირთ საკუთარი შვილის პოვნა დაბრუნებისას.

თუ თავშესაფარს საფრთხე ემუქრება, მდედრს თან მიჰყავს შვილი, რომელიც მიკრულია მუცელზე. პატარები დედას სარძევე კბილით ეჭიდებიან არაფუნქციურ ძუძუზე და მჭიდროდ არიან ჩაფრენილი ბეწვზე კარგად განვითარებული უკანა კიდურებითა და ცერებით.

ახალშობილები საკმაოდ სწრაფად ვითარდებიან. მათ თვალები 3-დან 10 დღემდე ეხილებათ და პირველივე კვირაში ეზრდებათ ბეწვიც. ისინი მალევე იწყებენ ჯერ სიარულს და ხოხვას, შემდეგ კი ფრენასაც - პატარა ღამურებში 3-დან 5 კვირამდე, სახეობის მიხედვით. რაც შეეხება მაგალითად, უფრო დიდ მფრინავ მელათა სახეობებს, ისინი 3 თვემდე ვერ სწავლობენ ფრენას.

პატარებს ფრენას და ნადირობას დედა ასწავლის. ისინი 4 თვეში უკვე სრულად ჩამოყალიბებულნი არიან, თუმცა ბოლომდე განვითარებული არ აქვთ ბეწვის საფარი. თუ ისინი 2 წლისანი არიან, მაშინ სრულყოფილ ზრდასრულ ინდივიდებად მიიჩნევიან.

ღამურები ჩვეულებრივ 5-დან 10 წლამდე ცოცხლობენ, მათთვის მაქსიმალურია 20 წელი. ისინი ხშირად მოგზაურიბენ შორ მანძილებზე და დღეში, საშუალოდ, 50 კმ-ს ფარავენ.

ღამურა ჰერალდიკაში

ვალენსიის საქალაქო გერბი.
ფრაგას საქალაქო გერბი.
ვალენსიის სამეფო იახტკლუბის სამკუთხა დროშა.

ღამურა ასევე ცნობილია როგორც ჰერალდიკური სიმბოლო. აღმოსავლეთ ესპანეთის რამდენიმე ქალაქის გერბზე გვხვდება ღამურის გამოსახულება გვირგვინის თავზე: ვალენსია, პალმა და ფრაგა. ბარსელონის ადრინდელ გერბზეც იყო გამოსახული ღამურა, თუმცა დღევანდელ ვერსიაში ის ამოღებულია.

ღამურის ჰერალდიკური გამოყენება, ძირითადად სახასიათოა ყოფილი არაგონის გვირგვინის ტერიტორიებისათვის, სხვაგან პრაქტიკულად არ გვხვდება. თუმცა კი, ის გამოსახულია ალბასეტეს გერბზე, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ასევე საფრანგეთის პატარა ქალაქ მონშოვეს გერბზე.

ვალენსიაში, კატალონიასა და ბალეარის კუნძულუბზე ღამურის ჰერალდიკაში გამოყენების ტრადიცია, გავრცელებული ვერსიით უკავშირდება არაგონის მეფე ხაიმე I-ის ჩაფხუტზე გამოსახულ ფრთაგაშლილ გველეშაპს, როგორც სამეფო ქიმერას. არსებობს ლეგენდა, რომელიც მადლიერებით იხსენიებს ღამურების შემოსევას, რისი დახმარებითაც მეფე ხაიმე I-მა შეძლო გადამწყვეტი ბრძოლის მოგება სარაცინებთან და შედეგად ვალენსია სამეფოს შუერთა.

საინტერესო ცნობები

ვიდეო მასალა

ფოტო გალერეა

ლიტერატურა

  • სამეცნიერო-შემეცნებითი კოლექცია „შემეცნების სამყარო“ №25, გვ. 312.
  • რ. ავალიანი, ქსე, ტ. 10, გვ. 583, სტ. ღამურა - თბ., 1986

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: