ახალდაბის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალდაბის ციხეარქეოლოგიური ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში. იგი მდებარეობს მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირას, მაღალი მთის წვერზე. ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ჩამოუდის ნეძვურას წყალი. ახალდაბის ციხეს VIII-IX; IX-X და X-XI საუკუნეებით ათარიღებენ.

ადგილობრივი მოსახლეობა მას "თამარის ციხეს" უწოდებს. თუმცა სერგი მაკალათია მას "ციხის გვერდი"-ს სახელით მოიხსენიებს. ახალდაბის ციხემდე, ქვემოთ მტკვარზე, X საუკუნის ხიდის ბურჯებია შემორჩენილი. ხიდის დასაცავად, მარჯვენა ნაპირზე XVIII საუკუნის შუა წლებში ცილინდრული კოშკი აუგიათ, რომელსაც "ხიდის კოშკს" ეძახიან. კოშკისაგან მხოლოდ 4 სართულია შემორჩენილი. ყველა სართულზე სათოფურები და თითო ბუხარია.

ქართულ ნარატიულ წყაროებში ახალდაბის ციხე პირველად ჟამთააღმწერელთან იხსენიება. როგორც ცნობილია, 1260 წელს საქართველოს მეფე დავით VII ულუ (1247-1270 წწ.) მონღოლებს აუჯანყდა, თავის მხრივ მონღოლებმა მის წინააღმდეგ სარდალ არღუნის მეთაურობით დამსჯელი ლაშქარი გაგზავნეს. არღუნი სურამთან დადგა, ამის პარალელურად მეფის ერთგული მხედრობა სამცხის მთავარ სარგისის მხედარმთავრობით "წარემართნეს და განვლეს ჴიდი ახალდაბისა." ამის შემდეგ მეფის ერთგულმა ჯარმა გაიარა ვიწრო ხეობა და ტაშისკართან მონღოლები სასტიკად დაამარცხა, თუმცა მონღოლებმა შეძლეს ქართველი დიდებულების დახმარებით აჯანყებულთა წინააღმდეგობის გატეხვა და გადამწყვეტი ბრძოლა მათი გამარჯვებით დამთავრდა. გამარჯვებულმა მონღოლებმა ქართველთა ლაშქარს "სდევნეს ახალდაბის ხიდამდე გინა უმეტესცა."

1526 წელს ახალდაბას ალთან და სურამთან ერთადსამფლობელოდ იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565 წწ.) იღებს. 1609 წელს გამართულ ტაშისკარის ცნობილ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ითამაშა ახალდაბის სტრატეგიულმა მდებარეობამ. ქართველთა ჯარის სარდალმა გიორგი სააკაძემ ახალადაბაში დაბანაკებით თურქებს მტკვრის ხეობით გასაქცევი გზა მოუჭრა და მტერს სასტიკი დამარცხება აგემა.

XVIII საუკუნის სახელოვანი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი შემდეგი სახით აღწერს ახალდაბის ციხეს:

ვიკიციტატა
„ახალდაბის სამხრით არს ციხე მაღალსა კლდესა ზედა, დიდნაშენი და მაგარი.“

1744 წელს გივი ამილახვარი ირანელების წინააღმდეგ აჯანყდა. განდგომილი ფეოდალის წინააღმდეგ ბრძოლა სპარსეთის მმართველმა ნადირ-შაჰმა (1736-1747 წწ.) ქართლის მეფე თეიმურაზ II-ს (1744-1762 წწ.) დაავალა. ამის საპასუხოდ ამილახვარმა დახმარებისათვის ოსმალებს მიმართა. ქართლის მეფემ სამცხის თავადებს სთხოვა დახმარება და პატიების პირობა აღუთქვა. ამის გარდა, ქართლელი ფეოდალი — ყაფლან ორბელიანი მიაგზავნა შერიგების მიზნით აჯანყებულ ამილახვრის შვილ დიმიტრისთან,

ვიკიციტატა
„რომელი იყო ახალდაბის ციხეში გამაგრებული, ვითაც ყაფლანის და ედგა დიმიტრის და სიძე იყო მისი. სიტყვას ისმენდა, დაიბარა ბატონმა თავისთან, სთხოვა ციხე და დაპირდა წყალობასა ფრიადსა. ვითაც ორბელიანთ წესი არის ბატონის ერთგულობა და სამსახურის ბეჯითობა, ყაფლან ორბელიანი ეგრე გულსმოდგინებით გაისარჯა. დართო ნება დიმიტრიმ, მოვიდა ბატონთან, მოართვა ციხე ახალდაბისა.“

1743 წლის გივი ამილახვრის გაგზავნილი წერილიდან ბარძიმ და ლუარსაბ ამილახვრიშვილებისადმი ვიგებთ, რომ მას სურამისა და ახალდაბის ციხეები შეუკეთებია. 1747 წელს მეფე თეიმურაზმა ახალდაბის ციხე ქაიხოსრო ორბელიანს გადასცა, რომელმაც ციხეში თავის მხრივ თავისი ცოლ-შვილი გაამაგრა ნადირ-შაჰის ლაშქრობის მოლოდინში.

1772 წელს გერმანელი მოგზაურის იოჰან გიულდენშტედტის ნაშრომში "მოგზაურობა საქართველოში" ახალდაბის ციხე დაცარიელებული და გაუკაცრიელებული ჩანს. ციხე საგრძნობლად დააზიანა 1920 წელს მომხდარმა მიწისძვრამ.

ახალდაბის ციხე სტრატეგიულად ძალზედ ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს. ციხე ძნელად მისადგომია, ერთადერთი გზა მიდის ჩრდილოეთის მხრიდან. დღესდღეობით ახალდაბის ციხე დანგრეულია, ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მისმა ჩრდილო-აღმოსავლეთმა მხარემ. გადარჩენილი ციხის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს. ციხეს ქვემო გალავანიც ჰქონია, რომელიც მას იცავდა სამხრეთ დასავლეთის მხრიდან. გალავნის ნაწილი დაშლილია, რომელიც ნაგებია ლოდებითა და დუღაბით. გალავანი მთის რელიეფს მიუყვება და უსწორმასწორო ფორმისაა. გალავნის შიგნით, მცირე ფართობზე ციტადელია. მის კედლებში რამდენიმე სართულიანი კოშკებია ჩართული. ციხის ქვედა ნაწილში საცხოვრებელი სახლები და წყალსაცავია. ციხეში კარგად ჩანს ჩაქცეული სათავსოების საძირკველი. დასავლეთ კუთხეში შეინიშნება ქვითკირით ამოშენებული ნახევრად დაშლილი დიდი ხარო. ციხეს ეტყობა რესტავრაციის კვალი.

ახალდაბის ციხე იცავდა ნეძვისა და მტკვრის ხეობას, რომელიც მას უვლის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ახალდაბის ციხე კეტავდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს - მტკვრის ხეობაში შემოსასვლელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 280.
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი) თბ., 2014 გვ. 9-11.
  • ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
  • გელაშვილი ბ., თორის ხეობის თავდაცვითი ნაგებობები ისტორიისათვის, ახალაციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გულანი, # 10, ახალციხე 2011 წელი
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
  • გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ., გელაშვილმა, ტ. I, თბ., 1962
  • კვეზერელი-კოპაძე ნ., საქართველოს ძველი ხიდები, თბ., 1972
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957
  • ორბელიანი პაპუნა, "ამბავნი ქართლისანი", ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა, თბ., 1981
  • ქართლის ცხოვრება, ტექსტები გამოსაც. მოამზადეს: მიხეილ ქავთარია და სხვ.; თბ., 2008
  • ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964