ასურბანიფალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასურბანიფალი, ასურეთის მეფე ძვ. წ. 669 - დაახლოებით ძვ. წ. 633. თავისი მამისაგან, ასარხადონისაგან, მემკვიდრეობით მიიღო დიდი იმპერია, რომლის მთლიანობის შენარჩუნებისათვის თავგამოდებით იბრძოდა მთელი თავისი მეფობის მანძილზე. ერთხანს ხელმეორედ დაიმორჩილა გამდგარი ეგვიპტე, თუმცა ეს ქვეყანა ძვ. წ. 655 წელს საბოლოოდ ჩამოსცილდა ასურეთს. კვლავ დაიპყრო ქალაქები ტვიროსი (ფინიკიაში) და არვადი (სირიაში). ასურბანიფალი ებრძოდა სკვითებს, კიმერიელებს, სპარსელებსა და მიდიელებს. მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ურარტუსთან, რომელიც ასევე შევიწროვებული იყო გარეშე მტრებისგან. ასურბანიფალს დიდი ბრძოლა მოუხდა მის წინააღმდეგ შექმნილ კოალიციასთან, რომელშიც შედიოდნენ ბაბილონელები, ელამელები, არამეელები, ქალდეელები და სხვ. მათ სათავეში ედგა ასურბანიფალის ძმა, ბაბილონეთის მმართველი შამაშშუმუქინი. ასურბანიფალმა დაამარცხა ჯერ ბაბილონეთი (ძვ. წ. 648), შემდეგ ელამი (ძვ. წ. 639) და სხვა მისი მოკავშირეები. ასურბანიფალის შემდეგ ასურეთი დიდმა ანარქიამ მოიცვა და მალე სრულიად გაანადგურეს მეზობლებმა (ძვ. წ. 605).

საქვეყნოდ ცნობილია „ასურბანიფალის ბიბლიოთეკა“, რომელიც აღმოჩნდა ასურეთის ერთ-ერთი დედაქალაქის ნინევიის 1849 - 1854 გათხრების დროს (ახლანდელი კუიუნჯიკის გორაკზე). ეს იყო ლურსმულით ნაწერი ათეულათასობით თიხის ფირფიტისაგან შემდგარი არქივი, რომელიც შეიცავდა სხვადასხვა დროის აურულ და ბაბილონურ ისტორიას, რელიგიას, მაგიურ და სამეცნიერო ტექსტებს. კერძოდ, აქ იპოვეს პირველად გილგამეშის, ძველი ბაბილ. ეპოსის, ტექსტი და სხვა პირველხარისხოვანი ძეგლები, რომლებიც დედნებისა თუ ასლების სახით შეუკრებიათ ასურბანიფალის განკარგულებით; ასურბანიფალი თავდაპირველად ქურუმობისათვის ემზადებოდა და კარგად იცოდა ლურსმული დამწერლობა. მკვლევარნი, ჩვეულებრივ, ასურბანიფალის განსწავლულობასა და ინტერესს მიაწერენ ასეთი გრანდიოზული „ბიბლიოთეკის“ შექმნას.

ლიტერატურა[რედაქტირება]