არჩილ კიკნაძე (ფეხბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არჩილ კიკნაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
არჩილ სამუელის ძე კიკნაძე [1][2][3][4]
დაბადების
თარიღი
16 მარტი, 1915
დაბადების
ადგილი
ჩხერი,
შორაპნის მაზრა,
ქუთაისის გუბერნია,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
27 ივნისი, 1967 (52 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1934–1936 ზიი თბილისი [5]
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1937–1949 დინამო თბ. 151 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1952 დინამო თბილისი (თ.)
1956 საქართველოს სსრ
1956–1957 დინამო თბილისი (თ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

არჩილ კიკნაძე (დ. 16 მარტი, 1915, ჩხერი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 27 ივნისი, 1967, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის და მცველის პოზიციაზე. 1937–1949 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1940) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1946, 1947), საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალისტი (1946). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1948).[1][2][3][6][7]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩილ კიკნაძე 1915 წლის 16 მარტს, მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის და ამჟამინდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხერში დაიბადა. სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, შემდეგ ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. ფეხბურთის თამაში 14 წლის ასაკიდან დაიწყო.[8]

1937 წელს ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდიდან (ზიი) თბილისის „დინამოში“ გადაიყვანეს, სადაც მცირე დროის შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.[8]

მაღალი საფეხბურთო მონაცემებისა და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე მალევე მოიპოვა როგორც თანაგუნდელთა, ასევე მაყურებელთა სიყვარული და პატივისცემა. 1940 წელს წარმატებით დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.[8]

სპეციალისტების შეფასებით, იყო ტექნიკურად და ტაქტიკურად მაღალ დონეზე მომზადებული, გამოირჩეოდა სამაგალითო დისციპლინითა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. ითვლებოდა იმ პერიოდის საბჭოური ფეხბურთის ერთ-ერთ უძლიერეს მცველად. ცამეტწლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არასდროს მიუღია გაფრთხილება.[8]

თავისი თავდადებული თამაშით დიდი წვლილი შეჰქონდა დინამოელთა წარმატებებში და ამით ხელს უწყობდა გუნდის სპორტული პრესტიჟის ზრდას, როგორც სსრ კავშირის პირველობასა და ქვეყნის თასის გათამაშებებში, ასევე საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის დამსახურებას გუნდის წინაშე მისი ბოლო საფეხბურთო სეზონის (1949) განმავლობაში, როდესაც იგი არჩეულ იქნა გუნდის კაპიტნად.[8]

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ (1952, 1956–1957), 35-ე საფეხბურთო სკოლის მთავარ მწვრთნელად (1950–1953, 1958–1960, 1964–1966).[8]

1961–1963 წლებში წვრთნიდა თბილისის „სინათლეს“. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ფეხბურთელებმა 1950 და 1951 წლების სსრ კავშირის პირველობაზე გაიმარჯვეს, ხოლო თბილისის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის გუნდმა 1954 წლის საკავშირო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ამონარიდი[9] სტატიიდან:

ვიკიციტატა
„...ფეხბურთის ძველ გულშემატკივრებს დღესაც კარგად ახსოვთ ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდი. იგი ომისწინა წლებში თბილისში ერთ-ერთი უძლიერესთაგანი იყო. სწორედ ამ კოლექტივში თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიც არიან ბ. პაიჭაძე და გ. გაგუა, ვ. ჯორბენაძე და გ. ჭუმბურიძე, ი. კასრაძე და ვ. რამიშვილი, ნ. ბოლოტინი და ს. სიხარულიძე, ვ. კოძისი, გ. კირილოვი და გუნდის კაპიტანი ა. ყალიჩავა. სწორედ ამ აღიარებულ ოსტატთა გუნდში 1934 წელს მოვიდა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის 19 წლის სტუდენტი არჩილ კიკნაძე. 1937 წელს ეს ტექნიკური ფეხბურთელი უკვე თბილისის „დინამოში“ ჩარიცხეს მარცხენა მცველად. რესპუბლიკის მთავარ გუნდში არჩილ კიკნაძე 1950 წლამდე თამაშობდა. იგი საკავშირო ჩემპიონატების, თასის გათამაშებების თუ საერთაშორისო მატჩების (მათ შორის ბასკ ფეხბურთელებთან დინამოელთა პირველი შეხვედრის) თითქმის უცვლელი მონაწილე იყო. საკმარისია ითქვას, რომ მარტო პირველობაზე მან 150-მდე მატჩი ჩაატარა. არჩილ კიკნაძე მწვანე მოედანზე შესაშური უდრეკელობით, იშვიათი სიდინჯით, ადგილის კარგი შერჩევითა და ბურთის მოხერხებული ართმევით გამოირჩეოდა. იგი კორექტული მოთამაშე, ტყავის ბურთის ნამდვილი რაინდი იყო. 1950 წელს არჩილ კიკნაძე სათავეში ჩაუდგა თბილისის სპეციალიზებულ საფეხბურთო 35-ე სკოლის მწვრთნელთა საბჭოს. მისი გულმოდგინეობით აქ მთელი რიგი საუკეთესო ოსტატი აღიზარდა.“

არჩილ კიკნაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის მიხეილ მესხის, შოთა იამანიძის, ალექსანდრე და სერგო კოტრიკაძეების, თენგიზ მელაშვილის, დოდიკ ხუნდაძისა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების აღზრდასა და დაოსტატებაში. 1962 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება.[10][11][12][13][14]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1940
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1946, 1947
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1946 [15]

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1956

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და 1956 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის არჩილ სამუელის ძე კიკნაძე დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[4][16]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მამულაშვილი, ვ., 1957, გვ. 269
  2. 2.0 2.1 Винокуров В. И., 1972, გვ. 310
  3. 3.0 3.1 Соскин А. М., 1972, გვ. 310
  4. 4.0 4.1 ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სპორტსმენების საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დაჯილდოების შესახებ // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
  5. ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის საფეხბურთო გუნდი („ЗИИ“) — დგანან (მარცხნიდან მარჯვნივ): ნ. ლარიონოვი (არბიტრი), მიხეილ მინაევი, აკაკი ყალიჩავა, გიორგი ჭუმბურიძე, იური კასრაძე, ვალენტინ (ვალია) კოძისი, გერმან კირილოვი, ბორის პაიჭაძე, ვახტანგ რამიშვილი, სერგო სიხარულიძე, მიხეილ ბოლოტინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, არჩილ კიკნაძე, ვ. არსენიშვილი, ა. ქოიავა. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. dspace.nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.
  6. Кикнадзе Арчил Самуилович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-27. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2021
  7. Кикнадзе Арчил Самуилович. football99.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-31. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2021
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 ფეხბურთელთა მომავალი თაობის აღმზრდელი. „ლელო“. — 10 თებერვალი, 1950. — № 6 (394). — გვ. 3. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. ციტატა: „თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის კაპიტანი სპორტის დამსახურებული ოსტატი არჩილ კიკნაძე ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებით სამუშაოდ გადაყვანილია თბილისის ვაჟთა 35-ე საშუალო სკოლაში, სადაც იგი ხელმძღვანელობას გაუწევს საქართველოს ახალგაზრდა ფეხბურთელთა კადრების მომზადებას.“ ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2020
  9. ქართული ფეხბურთის დიდოსტატები — არჩილ კიკნაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-13. ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2020
  10. და დარჩა ლეგენდად... 45 წელი შესრულდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის — არჩილ კიკნაძის გარდაცვალებიდან. იგი 1915 წელს ხარაგაულში, სოფელ ჩხერში დაიბადა. სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში,შემდეგ ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. სწორედ ამ უმაღლესი სასწავლებლის ფეხბურთელთა გუნდიდან („ЗИИ“) ჩაირიცხა თბილისის „დინამოში“, სადაც თამაშობდა 1937–1949 წლებში. საკავშირო ჩემპიონატებში დინამოელთა რიგებში ჩაატარა 151 მატჩი, 1941 წლის დაუსრულებელ ჩემპიონატში — 9 მატჩი. ითვლებოდა იმ პერიოდის საბჭოური ფეხბურთის უძლიერეს მცველად. დროგამოშვებით გახლდათ „დინამოს“ კაპიტანი. იუზა კაციტაძე (30 ივნისი, 2012). წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.
  11. 35-ე საფეხბურთო სკოლა (2018). ქ. თბილისის ვაჟთა 35-ე სკოლის მოკლე ისტორია. სკოლის დაარსების დღიდან სხვადასხვა დროს სკოლის მთავარ მწვრთნელებად მუშაობდნენ: ა.ი. გალპერინი, დ.პ. ცომაია, ნ.ი. ჩხარტიშვილი, გ.ი. ჯეჯელავა, ა.ს. კიკნაძე, მ.პ. მინაევი; ამათგან ყველაზე ხანგრძლივად მუშაობდნენ გაიოზ ჯეჯელავა და არჩილ კიკნაძე. fc35.ge წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2019.
  12. Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. - М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 310. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.
  13. არჩილ კიკნაძე არჩილ კიკნაძე იყო საკავშირო ჩემპიონატების მე-2 პრიზიორი (1939–1940), მე-3 პრიზიორი (1946–1947), თასის ფინალისტი (1946). მიღწეული წარმატებებისათვის 1948 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, იყო თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი (1952, 1956–1957), 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი (1950–1953, 1958–1960, 1964–1966), თბილისის „სინათლეს“ უფროსი მწვრთნელი (1961–1963). მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 1950 და 1951 წლებში საბჭოთა კავშირის პირველობა მოიგო, 1954 წელს საკავშირო პირველობაზე გაიმარჯვა თბილისის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის გუნდმა. 1962 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. ხარაგაული და ხარაგაულელები. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.
  14. Школа с «футбольным уклоном». football99.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-14. ციტატა: „35-я тбилисская Уже много лет она известна не только в Грузии, но и за пределами республики, как школа с «футбольным уклоном», из которой вышли многие прославленные мастера кожаного мяча. Их хорошо знают на наших стадионах. Это нападающие тбилисского «Динамо» А. Чкуасели, Ш. Яманидзе, М. Месхи, полузащитники М. Дазарашвили, А. Котрикадзе, А. Киладзе. Это нападающий московского «Локомотива» 3. Калоев, целая плеяда игроков тбилисского Окружного спортивного клуба, кутаисского «Локомотива», способные футболисты, играющие во многих других клубных и заводских командах.“ ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2021
  15. «Спартак» Москва 3–2 «Динамо» Тбилиси · Кубок СССР 1946 · Финал · 20.10.1946 · Москва, Центральный стадион «Динамо» · Зрителей: 70 000. FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 13 იანვარი, 2019.
  16. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.