ანდრეი ტარკოვსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრეი ტარკოვსკი
Andrei Tarkovsky.jpg
დაბ. სახელი ანდრეი არსენიევიჩ ტარკოვსკი
დაბ. ადგილი ზავრაჟიე, რსფსრ
დაბ. თარიღი 4 აპრილი, 1932
გარდ. თარიღი 29 დეკემბერი, 1986
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი
წლები 1958-1986

ანდრეი არსენის ძე ტარკოვსკი (რუს. Андрей Арсеньевич Тарковский) (დ. 4 აპრილი, 1932 ― გ. 28 დეკემბერი, 1986) — საბჭოთა რუსი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მწერალი. რსფსრ-ის სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ცნობილი რუსი პოეტის არსენ ტარკოვსკისა და მარინა ვიშნიაკოვას ვაჟი სოფელ ზავრაჟიეში (იურევეცკის რაიონი) დაიბადა 1932 წლის 4 აპრილს. 1941 წელს არსენი ტარკოვსკი მოხალისედ წავიდა ომში, საიდანაც ინვალიდი დაბრუნდა (მას ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა). ანდრეი დედასთან ერთად ჯერ სოფელში ცხოვრობდა, 1943 წელს კი მოსკოვში გადავიდა. მოგვიანებით, ტარკოვსკი საკუთარ ფილმებში ხშირად დაუბრუნდება მშობლიურ სახლს, სოფელს, ომის პერიოდის გაჭირვებას, განსაკუთრებით ფილმში „სარკე“.

ანდრეი საშუალო სკოლის პარალელურად დადიოდა მუსიკაზე და ხელოვნების სკოლაში, სადაც ფერწერისა და გრაფიკის საფუძვლებს ეუფლებოდა. ზოგად საგანმანათლებლო სკოლის დასრულების შემდეგ, 1951 წელს, ანდრეიმ მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ჩააბარა, არაბულის განყოფილებაზე, თუმცა სწავლა მალე შეწყვიტა. მიზეზი ტვინის შერყევა გახდა, რომელმაც ის სასწავლო პროცესს დროებით ჩამოაშორა. გამოჯანმრთელების შემდეგ ანდრეიმ ინსტიტუტში დაბრუნებას, სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციაში წასვლა არჩია და 1953 წელს ტაიგაში გაემგზავრა, სადაც ერთი წელი დაჰყო მდინარე კურეიკაზე. 1954 წელს, დედაქალაქში დაბრუნებულმა ვგიკ-ის (კინემატოგრაფიის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტი) სარეჟისორო ფაკულტეტზე შეიტანა საბუთები და მიხეილ რომის სახელოსნოში ჩაირიცხა.

შემოქმედება[რედაქტირება]

ტარკოვსკიმ პირველი საკურსო ფილმი (1958) „მკვლელები“ ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობის მიხედვით გადაიღო, სადაც ეპიზოდურ როლს თავად ასრულებდა. ფილმი დღეს სრული სახით შემორჩენილი არ არის. სადიპლომო ნამუშევარი „სატკეპნი და ვიოლინო“ მოსფილმის ბაზაზე 1960 წელს შეიქმნა. სცენარის თანაავტორი ანდრეის კურსელი ანდრონ მიხალკოვ-კანჩალოვსკი იყო. 1961 წელს ფილმმა ნიუ-იორკის სუდენტურ ფესტივალზე გაიმარჯვა.

პირველი სრულმეტრაჟიანი სურათი „ივანეს ბავშვობა“ ვ. ბოგომოლოვის ნაწარმოების მიხედვით, ანდრეიმ 1962 წელს გადაიღო. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს ლომი მიიღო.

ვიკიციტატა
„აქ ყველაფერი ძალიან ღრმა, შემაძრწუნებელი და ნამდვილია, აქ არ აქვს ადგილი სათავგადასავლო რომანტიკას. ბიჭი ჯარის სიამაყე კი არა, უბედურებაა. ისინი იტანჯებიან, ყოველთვის, როცა ივანე “იქითა” ნაპირზე მიდის. ...მიყვარს ეს თემა. მეც მისი ასაკის ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო, და საერთოდ, ეს ჩემი თაობის ამბავია“
(ანდრეი ტარკოვსკი)

'[1]

მეორე ფილმი, ეპიკური, ისტორიულ-ბიოგრაფიული „ანდრია რუბლიოვი“ რეჟისორმა 1966 წელს დაასრულა, თუმცა კინოეკრანზე ის 1971 წელს გამოჩნდა. ფილმი 8 ნოველადაა დაყოფილი და მე-15 საუკუნის დიდი რუსი ფერმწერის ანდრია რუბლიოვის შესახებ მოგვითხრობს.

ვიკიციტატა
„ნაწარმოებმა შინაგად უნდა შეძრას მაყურებელი და გამოიწვიოს კათარზისი. ის უნდა ეხმაურებოდეს ადამიანის ყველაზე ცხოველ განცდებსა და ტკივილს. ხელოვნების მიზანი არაა ცხოვრების სწავლება (ნუთუ ლეონარდო გვასწავლის რამეს თავისი ტილოებით ან რუბლიოვი — „სამებით“?). არა, ხელოვნება არასოდეს ჭრის პრობლემას, ის უბრალოდ წამოჭრის მას. ხელოვნება აკეთილშობილებს ადამიანს და ამზადებს მას დიდი მადლის აღსაქმელად, მუხტავს სულიერი ენერგიით. აი ეს არის ხელოვნების მაღალი დანიშნულება“
(ანდრეი ტარკოვსკი)

[1]

„ანდრია რუბლიოვის“ შემდეგ ტარკოვსკიმ პოლონელი მწერლის სტანისლავ ლემის სამეცნიერო-ფანტასტიკური ნოველა „სოლარისი“ (1972) გადაიღო. ფილმს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი მისცეს. „სარკე“ (1974) ტარკოვსკის ყველაზე ავტობიოგრაფიული ნამუშევარია, მასში რეჟისორის დედა მონაწილეობს და საკუთარ ლექსებს არსენი ტარკოვსკი კითხულობს. ფილმის სავარაუდო სათაურებს შორის იყო ასევე: „აღსარება“ და ფრაზა ა. ტარკოვსკის ლექსიდან „თეთრი, თეთრი დღე“. „სტალკკერი“ (1979) ტარკოვსკის ბოლო ფილმია, რომელიც სამშობლოშია გადაღებული. სცენარი ბორის და არკადი სტუგაცკებმა საკუთარი მოთხრობის „პიკნიკი გზისპირას“ მიხედვით დაწერეს. გადაღებების შემდეგ გამჟღავნებული ფირი მთლიანად წუნი გამოგდგა და რამდენიმე საათიანი მასალა საერთოდ დაიკარგა. მძიმე დეპრესიის შემდეგ ანდრეიმ მოსფილმს მეორე სერიისათვის დაფინანსება გამოაყოფინა და ფილმი ხელმეორედ გადაიღო.

ემიგრაცია[რედაქტირება]

1982 წელს ტარკოვსკიმ საბჭოთა კავშირი სამუდამოდ დატოვა და იტალიაში გაემგზავრა, სადაც ტონინო გუერასთან ერთად დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა დროში“ გადაიღო. ერთი წლის შემდეგ კი დაასრულა სურათი „ნოსტალგია“ მსახიობ ოლეგ იანკოვსკის მონაწილეობით.

ვიკიციტატა
„მინდოდა გადამეღო ფილმი რუსულ ნოსტალგიაზე, სულის იმ განსაკუთრებულ მდგომარეობაზე, რომელიც ჩვენ სამშობლოსაგან შორს წასულებს გვეუფლება. დასავლეთში ხშირად ამბობენ, რომ რუსები ცუდი ემიგრანტები არიან. ...ამ ფილმზე მუშაობისას, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს დამთრგუნავი მიუსაფრობის შეგძნება ჩემი დარჩენილი ცხოვრების განგება გახდებოდა“
(ანდრეი ტარკოვსკი)

[1]

რეჟისორის ბოლო ნამუშევარი არის „მსხვერპლშეწირვა“ (1986). ფილმის მონტაჟის დროს ანდრეი უკვე მძიმედ იყო ავად, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით. ის ყველა საშუალებით ცდილობდა შვილის საზღვარგარეთ წაყვანას, თუმცა უშედეგოდ. ვაჟი მამასთან მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის პირადი წერილის შემდეგ გაუშვეს, მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

სპექტაკლები[რედაქტირება]

ტარკოვსკის აგრეთვე ეკუთვნის ორი თეატრალური დადგმა „ჰამლეტი“, უილიამ შექსპირის მიხედვით (1972) მოსკოვში და პუშკინის “ბორის გოდუნოვი” ლონდონში (1983).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მ. ტუროვსკაია „ანდრეი ტარკოვსკის შვიდნახევარი ფილმი“