ალტუფიევო (მამული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალტუფიევო
რუს. Алтуфьево

ხედი ტბორიდან
კოორდინატები 55°54′28″N 37°35′09″E / 55.907778° ჩ. გ. 37.585833° ა. გ. / 55.907778; 37.585833
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
სტილი კლასიციზმი, ბაროკო
თარიღდება 1585
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710003000

ალტუფიევო (რუს. Алтуфьево) — XVIII-XIX საუკუნეების საკარმიდამო არქიტექტურის ძეგლების კომპლექსი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლიანოზოვის რაიონში[1][2].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალტუფიევოს მამული მდებარეობს მოსკოვის ლიანოზოვოს რაიონში. პარკის ფართობია 10,3 ჰა. მდებარეობს ალტუფიევოს ტბორის ნაპირზე, მისამართზე ალტუფიევოს გზატკეცილი 147-149[1].

ალტუფიევოს რელიეფი დიდწილად დამოკიდებულია სმოლენსკ-მოსკოვის მაღლობზე, სადაც ბორცვების მაქსიმალური სიმაღლეა 170-180 მეტრი. თავად ალტუფიევოს მამულის მდაბარეობა ზღვის დონიდან არის 160 მეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ადგილს სადაც ახლა მდებარეობს პარკი, ეწოდებოდა ოლტუფიევო. სავარაუდოდ მისი ეს სახელწოდება მომდინარეობს მამულის პირველი მფლობელების, თავადთა გვარის ოლტუფიევებისაგან, მხოლოდ XIX საუკუნეში შეიცვალა სახელი და ეწოდა ალტუფიევო. მამული პირველად დოკუმენტალურად დადასტურებულია 1585 წლის ჩანაწერთა წიგნში, როდესაც მისი მეპატრონე იყო პურის სასახლის მეკუჭნავე ნ. მიაკიშევი. ცნობილია, რომ მას ჰქონდა ხის სასახლე, სადაც ცხოვრობდა თავის მეუღლესთან ერთად[3].

არეულობის ხანის შემდეგ ალტუფიევო გაუდაბურდა, რომელიც 1623 წელს გადავიდა სამხედრო მოსამსახურეების, ძმები არხიპ და ივანე აკინფოვების მფლობელობაში. არხიპს არ ჰყავდა შვილები და 1670-იან წლებში ძმების გარდაცვალების შემდეგ მამული მემკვიდრეობთ ერგო ივანეს შვილს ნიკიტა აკინფოვს. მის დროს გაუდაბურებული მამულის ტერიტორიაზე გაშენდა კეთილმოწყობილი მამული თავადების სახლით. 1687 წელს მან ააშენა ჯვართამაღლების ტაძარი. ამის შემდეგ ალტუფიევომ მიიღო კიდევ ორი სახელწოდება - კრესტნოე და ვოზდვიჟენსკოე[2][4].

ნიკიტა აკინფოვი დაქორწინდა აქსინიე ლოპუხინაზე, რომელიც იყო დედოფალ ევდოკია ლოპუხინას, პეტრე I დიდის პირველი ცოლის, ბიძაშვილი. 1699 წელს დედოფალი ძალით აღკვეცეს მონაზვნად, მასთან ერთად დაეცა მისი საგვარეულოს გავლენაც. ნიკიტა აკინფოვი თავდაპირველად გააგზავნეს ციხეში, მოგვიანებით კი ბერად აღკვეცეს და გაუშვეს კირილო-ბელოზერსკის მონასტერში, სადაც მიიღო სახელი იონიკე. მთელი მისი სამფლობელო კი გადაეცა მეფეს.

პეტრე I დიდის თანხმობთ აკინფოვს შეეძლო მემკვიდრე დაესახალებინა. ბერმა იონიკემ მემკვიდრედ დაასახელა შვილიშვილი ნიკოლოზ პეტრეს ძე, რის წინააღმდეგაც გამოვიდნენ იონიკეს ქალიშვილი ანა და მისი ქმარი გრიგორ იუსუპოვი. ამან გამოიწვია ნათესავებს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება[1].

ნიკოლოზის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე გახდა მისი შვილი იური აკინფოვი, რომელმაც მამული გაყიდა 1759 წელს. იგი იყიდა პორუჩიკმა ივანე ივანეს ძე ველიამინოვმა.

ველიამინოვის მფლობელობის პერიოდში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა პრაქტიკულად განადგურებულ პარკს. 1763 წელს ხელახლა ააშენეს ჯვართამაღლების ტაძარი გვიანი ბაროკოს სტილში, რომელიც სრულდება სამრეკლოთი, ნაცვლად ჩვეულებრივი გუმბათისა. 1767 წელს ასევე ბაროკოს სტილში ააგეს თავადის სასახლე.

1766 წელს ალტუფიევოს მამული შეიძინა გრაფმა მატვეი აპრაქსინმა, ორი წლის შემდეგ მამული იყიდა მედიცინის დოქტორმა ანდრეი რინდერმა, რომელიც აქ ცხოვრობდა რამდენიმე წელი და გარდაიცვალა ჭირისაგან.

1786 წელს მამული იყიდა თავადმა და გენერალმა სტეფანე კურაკინმა. სამი წლის განმავლობაში იგი ალტუფიევის კეთილმოწყობით იყო დაკავებული. მის დროს მამულს დაემატა ახალი ქვისა და ხის მოსამსახურეები ნაგებობები, დააშენეს მეორე ხის სართული, ხოლო მდინარე სამოტიშკეზე ააშენეს წისქვილი. ტბორებში მოაშენეს თევზი. კურაკინის პერიოდში მამულს სტუმრობდა პოეტი-სენტიმენტალისტი ივან დმიტრიევი, დრამატურგი დენის ფონვიზინი და იგავ-არაკების დიდოსტატი ივანე კრილოვი.

1805 წელს ალტუფიევო გადავიდა სტეფანე კურაკინის მეორე ცოლის ეკატერინეს მფლობელობაში. ეკატერინეს პერიოდში 1812 წელს სამამულო ომის დროს მამული გაძარცვეს[3][5][4][2].

1842 წელს ალტუფიევოს ახალი მმართველი გახდა დიმიტრი პრიკლონსკი, მაგრამ 1849 წელს იგი მიჰყიდა ნიკოლაი ჟერებცოვს[2].

საგლეხო რეფორმის გატარების შემდეგ ალტუფიევო შევიდა მოსკოვის მაზრის ტრიიცკის სამრევლოში და გაიყო ორ ნაწილად. ნიკოლაი ჟერებცოვს დარჩა მამულის სამხრეთი ნაწილი, მათ შორის დღესაც არსებული ალტუფიევის ჭაობი.

ჟერებცოვის გარდაცვალების შემდეგ მამული გადავიდა მისი ცოლის, ხოლო შემდეგ სხვადასხვა მფლობელის ხელში, მათ შორის აღსანიშნავია შტაბს-კაპიტანის ყოფილი ცოლი მ. ლაჩინოვა და ბარონი ნ. კორფი.

1888 წელს ალტუფიევო იყიდა მოსკოველმა კომერსანტმა და ნავთობის მრეწველმა გიორგი ლიანოზოვმა, რომელმაც უკვე ხუთი წლის მერე გაყიდა მამული სააგარაკო დასახლების ასაშენებლად, რომელმაც მიიღო სახელწოდება ლიანოზოვო. მოეწყო საზოგადოებრივი პარკი[3]. ლიანოზოვის პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა მიმდებარე რაიონსაც[1][2].

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მასში განათავსეს საავადმყოფო. ეკლესია გარკვეული პერიოდი დაკეტეს. მსახურება ორჯერ შეწყდა რევოლუციის შემდეგ და დიდი სამამულო ომის პერიოდში. საბჭოთა პერიოდში ალტუფიევოს მამულში განთავსებული იყო გულაგის ქვედანაყოფი, ხოლო მიწები ეკუთვნოდა კოლმეურნეობა „წითელ ნივას“[5]. 1960 წელს კი ალტუფიევო შევიდა მოსკოვის შემადგენლობაში. აქედან ათი წლის შემდეგ დაიწყო მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა. აგრაკები დაანგრიეს, მის ადგილზე გააშენეს ლიანოზოვის ტყე-პარკი[5].

1989 წელს ეკლესიასთან ააშენეს ბაბტისტერიუმი (სანათლავი)[6]. 1993-1995 წლებში ეკლესიას მიაშენეს სამრეკლო და სატრაპეზო. ამ ფორმით ეკლესია გამოსახულია ლიანოზოვოს რაიონის გერბზე.

შენობები და ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლისათვის მამულში წარმოდგენილია ბატონის სახლი, რომელსაც შემონახული აქვს 1851 წლის გაფორმება. ჯვართამაღლების გარემონტებული ტაძარი, აგებული 1763 წელს; საჯინიბო და პარკი ტბორებით. ამ მომენტებისათვის მამულის ყველა შენობას ფლობს ეკლესია.

ბატონის სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატონის სახლი შემონახულია 1851 წლის გაფორმებით, როდესაც ალტუფიევოს მართავდა ნიკოლაი ჟერებცოვი. ფასადები გაფორმებულია ელემენტებით, რომელიც დამახასიათებელია შუა საუკუნეების რუსული ხუროთმოძღვრებისათვის. სახლის ფრონტონზე გამოსახულია ჟერებცოვების გერბი. ბატონის სახლი სამამულე არქიტექტურის ერთადერთი ნიმუშია, რომელიც აგებულია რუსულ სტილში.

ჯვართამაღლების ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯვართამაღლების ეკლესია.

ეკლესია აგებულია 1763 წელს, თუმცა შემონახულია მნიშვნელოვანი ცვლილებებით. 1989 წელს ააშენეს ორსართულიანი საეკლესიო მსახურთა სახლი სანათლავი სახლით, რომელიც აკურთხეს წმიდა მოწამენის: პისტის, ელპიდისა და აღაპის და მათი დედის სოფიოს სახელზე. 1992 წელს ეკლესიას დააშენეს სამრეკლო.

ლუდსახარში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა მცირე ზომებისაა, აგებულია XVIII საუკუნეში კლასიციზმის სტილში. XX საუკუნის დასაწყისში ლუდსახარში გადააკეთეს საცხოვრებლად. 2016 წლისათვის შენობა ელოდებოდა რეკონსტრუქციას.

საჯინიბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგებობა ეკუთვნის XIX საუკუნის შუა წლებს. ამჟამად ეს შენობა არის თანამედროვე ერთსართულიანი სამურნეო შენობის ნაწილი. 1993-1995 წლებში მასზე დააშენეს სამრეკლო და მიაშენეს სატრაპეზო. სწორედ ამ ფორმით ეკლესია გამოსახეს ლიანოზოვოს რაიონის გერბზე.

პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემორჩენილი პარკის ნაწილი გაფორმებულია ორი პერპენდიკულარული ცაცხვის ხეივნით. პარკში ასევე გვხვდება კანადური ვერხვი, ამერიკული ნეკერჩხალი და პენსილვანიური იფანი. პარკის ჩრდილოეთ ნაწილში შემონახულია გიგანტური ნეკერჩხალი. ტბორის ნაპირზე კი გვხვდება ტირიფი და არყის ხე.

ახალი პარკის დაგეგმარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის პროექტის მიხედვით იგეგმება მდინარე ჩერმიანკის ხეობის, ალტუფიევოს მამულისა და პარკის გაერთიანება, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება ახალი პარკი. ახალი პარკის საერთო ფართობი იქნება 2,56 ჰა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вострышев М. И. Москвоведение от А до Я: всё о московских улицах и переулках, домах и памятниках, о том, что мы любим в нашем городе. — М., Харьков: Эксмо, Алгоритм, 2006. — 734 с. — ISBN 5-699-18029-5.
  • Коробко М.Ю., Насимович Ю.А., Рысин Л.П. Алтуфьево. — М.: Издательство института иностранных языков, 2000. — 28 с. — ISBN 5-88966-014-4.
  • Коробко М. Ю. Москва усадебная: Алтуфьево, Виноградово, Воронцово, Знаменское-Садки, Кузьминки, Люблино, Михалково, Узкое, Черемушки, Ясенево. Путеводитель. — М.: Москвоведение: Московские учебники, 2005. — 335 с. — ISBN 5-7853-0484-8.
  • Муравьева Т. В. Венок московских усадеб. — М.: Вече, 2016. — 333 с. — ISBN 978-5-4444-4985-1.
  • Туризм и экскурсии вокруг Москвы : Экскурсии / Сост.: Банин Д.М. [и др.]; Под науч. ред. Н.А. Геинике. — М.: Работник просвещения, 1930. — Т. Вып. 1. — 278 с.
  • Щукина Е. П. Подмосковные усадебные сады и парки конца XVIII века. — М.: Институт наследия, 2007. — 383 с. — ISBN 978-5-86443-135-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Усадьба Алтуфьево. Городской информационный портал для родителей «Ezhikezhik.ru» (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-13. ციტირების თარიღი: 2017-04-10.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Волошина Евгения. (2017) Алтуфьево. Сайт «Хранитель истории». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-13. ციტირების თარიღი: 2017-04-11.
  3. 3.0 3.1 3.2 Одолламская Зинаида. (2017) Усадьба Алтуфьево. Сайт «Узнай Москву». ციტირების თარიღი: 2017-04-11.
  4. 4.0 4.1 Усадьба Алтуфьево. Сайт «Лианозовский парк» (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-03. ციტირების თარიღი: 2017-04-11.
  5. 5.0 5.1 5.2 Усадьба Алтуфьево. Сайт «MosGid.ru» (2012-05-20). ციტირების თარიღი: 2017-04-11.
  6. История храма Воздвижения Креста Господня. Сайт «Приход храма Воздвижения Креста Господня в Алтуфьеве» (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-13. ციტირების თარიღი: 2017-04-11.