აზერბაიჯანული მუსიკალური ინსტრუმენტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანული საზი

აზერბაიჯანული ტრადიციული მუსიკალური საკრავები წარმოაჩენს აზერბაიჯანის ტრადიციული მუსიკის ემოციურ ფერს, რიტმს, ტემპსა და სხვა მახასიათებლებს. აზერბაიჯანული მუსიკალური საკრავების განვითარების ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის. ზოგიერთი სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყმელი საკრავი ჩვენს წელთაღრიცხვამდე შეიქმნა და საუკუნეთა განმავლობაში განვითარდა და აზერბაიჯანის ტრადიციული მუსიკის საგანძურისსაფუძველს წარმოადგენს.[1]

აზერბაიჯანული მუსიკალური საკრავების ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქამანჩა

ტრადიციულ აზერბაიჯანულ მუსიკაში გამოიყენება სიმებიანი საკრავები: თარი, ქამანჩა, უდი, საზი; ჩასაბერი საკრავებიდან — ბალაბანი, ხოლო დასარტყმელი საკრავებიდან — დაირა, დოლი და ნაღარა. სხვა საკრავებიდან აღსანიშნავია გარმონი (პატარა აკორდეონი), თუთეკი და დაფი.

ოსმალეთის იმპერიის კულტურის გზაჯვარედინზე მდებარეობის გამო, თუთეკმა დიდი გავლენა მოახდინა ავკასიის რეგიონზე, მაგ: დუდუკზე. სასოფლო სივრცეებში პოპულარულია ზურნა და ნაღარა, რომლებზეც ქორწილებსა და სხვა ადგილობრივ დღესასწაულებზე უკრავენ.[2] აზერბაიჯანულ ტრადიციულ მუსიკალურ საკრავებზე დაკვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, იმპროვიზირებული მანერით, ისე ჯგუფურად, ტრადიციული ცერემონიებისა და სახალხო ცეკვების დროს.[3]

სიმებიანი საკრავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანული მუსიკის უმთავრესი სიმებიანი ინსტრუმენტებიათარი და ქამანჩა, რომლებსაც ეროვნული მუსიკის, მუღამის შესრულებისას იყენებენ. დაირასთან ერთად თარი და ქამანჩა მუღამის ტრიოს ქმნის. თარი გასაღების ფორმის, ხოლო ქამანჩა წრიული ფორმის საკრავია. მათი სიმები ცხენის ძუისგან ან აბრეშუმისგან მზადდება.[4][5] ჩვეულებრივ თარს აზერბაიჯანის მასშტაბით ამზადებენ და 2012 წელს თარის დამზადების ხელოვნება იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.[6] თარის დასამზადებლად კაკლისა და თუთის ხეები გამოიყენება. საკრავს გრძელი კისერი და სქელი ტანი აქვს. ჩვეულებრივ კისერი 27-28 დანაყოფისგან შედგება.[7]

თარი

1932 წელს უზეირ ჰაჯიბეკოვმა აზერბაიჯანული სახალხო საკრავების ორკესტრი შექმნა. თარისა და ქამანჩას კონცერტები სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჰაჯი ხანმამადოვმა შეასრულა. დღეისთვის ქამანჩას ყველაზე ცნობილი შემსრულებლები ფარხად ხუდაევი და იმამიარ ჰასანოვი არიან. 2013 წელს, ხამამადოვის სიმფონიური ორკესტრის 25 წლისთავთან დაკავშირებით ფარხად ხუდაევმა მონტერეის ახალგაზრდა მუსიკალურ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ქამანჩას კონცერტი გამართა.[8]

აზერბაიჯანული მუსიკალური საკრავია საზიც, რომელზეც ძირითადად აშუღები უკრავენ.[9] საზი ანტიკური მუსიკალური საკრავია, რომლის თანხლებითაც ეროვნულ პოემებს კითხულობდნენ.[10] 2009 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ აზერბაიჯანული აშუღური მუსიკა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[11]

დასარტყმელი ინსტრუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოთლუგ ნაღარა

აზერბაიჯანული მუსიკალური ინსტრუმენტია ნაღარა, ცილინდრული ფორმის საკრავი,რომელზეც ხელით ან ჯოხებით უკრავენ და ცხოველთა ტყავისგან მზადდება. ნაღარის ძირითადი ნაწილი ხისგან მზადდება. საკრავის დასამზადებლად კაკალი და თუთა გამოიყენება. ნაღარას რამდენიმე ტიპი არსებობს. აზერბაიჯანულ მუსიკაში ხშირად გამოიყენება გოშა ნაღარა, რომელიც ორი ერთმანეთთან შეერთებული ერთნაირი სიმაღლის, თუმცა განსხვავებული ზომის ნაღარაა.[8] მუღამში გამოიყენება დაფი. დაფი წრიული ფორმის დასარტყამი ინსტრუმენტია, რომლის ჩარჩოს შიგნით ლითონის რგოლებია მოთავსებული.[12]

ჩასაბერი ინსტრუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაი

აზერბაიჯანული ჩასაბერი საკრავია ბალაბანი (რომელსაც ზოგჯერ ბალამანს უწოდებენ) და ფართოდ გამოიყენება ცერემონიების დროს. ინსტრუმენტის სახელწოდება წარმოდგება სიტყვებიდან „ბალა“ - პატარა და „ბან“ - მამლის ხმა. ბალაბანს ამზადებენ კაკლის, თუთის, გარგარისა ან მსხლის ხეებისგან. ინსტრუმენტის სიგრძე 30 სმ-მდეა.[13] საკრავს 8 ხვრელი, ხოლო ქვედა ნაწილში ღრუ აქვს. მუსიკოსები ღრუში ჩაბერვითა და ხვრელებზე თითების მოძრაობით უკრავენ. ბგერების ეფექტები ხვრელებიდან ჰაერის მასების გამოსვლის შედეგად წარმოიქმნება.[12][14]

ანტიკური მუსიკალური ინსტრუმენტია ნაი, რომელიც ლერწმისგან მზადდება. ნაი 55-60 სმ-ის სიგრძისაა და ტანის ერთ მხარეს 5, ხოლო მეორე მხარეს 1 ხვრელი აქვს.[15]

აზერბაიჯანში ცნობილია თუთაკის ორი სახეობა: პატარა და დიდი თუთაკი. თუთაკს წინა მხარეს შვიდი, ხოლო უკანა მხარეს ექვსი ხვრელი აქვს. ინსტრუმენტი კაკლის, თუთის, გარგარის ხისგან ან ლერწმისგან მზადდება. მისი სიგრძე 28-30 სმ, ხოლო დიამეტრი 20 მმ-ია. თუთაკსა და სხვა აზერბაიჯანულ ჩასაბერ ინსტრუმენტებს შორის მთავარი განმასხვავებელი თუთაკის რბილი ხმაა.[16]

აზერბაიჯანში ფართოდაა გავრცელებული ზურნა. ისტრუმენტის სახელწოდება შედგება ორი ნაწილისგან: „ზურ“ (დიდი ნაწილი) და ნაი (ლერწამი). ინსტრუმენტის სიგრძე 302-317 მმ-ია და კაკლის, გარგარისა და თუთის ხისგან მზადდება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Atlas of traditional music of Azerbaijan. ციტირების თარიღი: 2017-05-23
  2. Archived copy Russian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-26. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  3. http://azerbaijaniartifacts.com/music
  4. (September 2010) Music and Conflict. University of Illinois Press. ISBN 9780252035456. 
  5. (March 2006) Azerbaijan (Cultures of the World). Benchmark Books. ISBN 9780761420118. 
  6. Craftsmanship and performance art of the Tar, a long-necked string musical instrument - intangible heritage - Culture Sector - UNESCO en. ციტირების თარიღი: 2018-06-24
  7. National Commission of the Republic of Azerbaijan for UNESCO. ციტირების თარიღი: 2018-06-24
  8. 8.0 8.1 Huseynova, Aida (March 2016). Music of Azerbaijan: From Mugham to Opera (Ethnomusicology Multimedia). Indiana University Press. ISBN 9780253019455. 
  9. Rustamkhanli, Sabir (April 2013). My Road of Life. AuthorHouseUK. ISBN 9781481791823. 
  10. Art of Azerbaijani Ashiq - intangible heritage - Culture Sector - UNESCO en. ციტირების თარიღი: 2018-06-24
  11. Art of Azerbaijani Ashiq - intangible heritage - Culture Sector - UNESCO en. ციტირების თარიღი: 2018-06-24
  12. 12.0 12.1 (December 2016) The Music of Central Asia. Indiana University Press. ISBN 9780253017512. 
  13. „Balaban“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-06-24.
  14. Azerbaijan :: Balaban az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-24. ციტირების თარიღი: 2018-06-24
  15. Azerbaijan :: Ney az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-24. ციტირების თარიღი: 2018-06-24
  16. Azerbaijan :: Pipe –tutak az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-24. ციტირების თარიღი: 2018-06-24