აზერბაიჯანის მუსიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აზერბაიჯანის ხალხური ინსტრუმენტები, ქ.შეკი.

აზერბაიჯანის მუსიკის კულტურის შესახებ უძველეს ცნობებს გვაწვდის ძვ. წ. V-III ათასწლეული კლდეზე შესრულებული გამოსახულებები. გიბუსტანში შემორჩენილია ქვის ხანის დასარტყამი მუსიკალური საკრავი „გავალ-დაში“ („ქვა-დაფი“). არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მისუკალური საკრავები (მინგეჩაურის ტერიტორიაზე) და ხალხური თქმულებები ადასტურებს აზერბაიჯანის მუსიკალის კულტურის არსებობას შორეულ წარსულში. საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანული მუსიკა არსებობდა და ვითარდებოდა ხალხური ხელოვნების ფარგლებში და ქმნიდა მელოდიის კლასიკურ ნიმუშებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ფაქიზად დამუშავებული კილო-ინტონაციური წყობითა და რიტმიკით. ვოკალურ-ინსტრუმენტული ფორმები მრავალხმიანობის არსებით ელემენტს შეიცავს. განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებულია ეროვნული ცხოვრების სხვადასხვა მხარის მრავალმხრივად ამსახველი სასიმღერო ხელოვნება. აზერბაიჯანის მუსიკალურ ფოლკლორში ცალკე უნდა გამოიყოს საცეკვაო მუსიკა. აზერბაიჯანული მუსიკის საკრავებია: თარი, საზი, ჯანონი, უდი (სიმებიან-ჩამოსაკრავი ჯგუფი), ქამანჩა (სიმებიან-ხემიანი), თუთექი, ბალაბანი, ზურნა (სასულე), ნაღარა, გოშა-ნაღარა, დაფი (დასარტყამი) და სხვა.

აშუღთა ხელოვნება იმპროვიზაციული ხასიათისაა და ექვემდებარება გარკვეულ სტილისტურ ნიშნებს (მოკლე მისამღერის, ზოგჯერ ერთი ბგერის მრავალგზისი ზუსტი ან ვარიაციული განმეიორება, მელოდიის მცირე დიაპაზონი და სხვა). არსებობს მრავალი კლასიკური აშუღური მელოდია, რომელთაგან თითოეულს შეიძლება სხვადასხვა ტექსტი შეეწყოს. აშუღები საზზე ამღერებენ დასთანებს (გმირულს, ლირიკულს) და სიმღერა-დიალოგებს - დეიშმეს. წარსულის აშუღებიდან ცნობილი არიან ყურბანი, აბას თუფარგანლი, ალესქერი; თანამედროვეთაგან — ასად რზაევი, მირზა ბაირამოვი, შამშირ გოჯაევი, ისლამ იუსუფოვი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სტატია „აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ ქვეთავი XVI. მუსიკა, ქსე, ტ. 1, გვ. 200—201