ავქსენტი აბესაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავქსენტი ბესარიონის ძე აბესაძე (დ. 8 ივნისი, 1873, სოფ. მუხურა, შორაპნის მაზრა, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 1924) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პუბლიცისტი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1899 წელს. 1894 წლიდან მსახურობდა რუსეთის საიმპერატორო არმიაში. 1904 წელს ბათუმში მიტინგის დროს დახვრეტისგან დაიცვა მუშები, რის გამოც სასჯელის სახით მანჯურიაში გაამწესეს. 1905 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1901 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, 1911 წლიდან დაიწყო საქართველოს რუსეთთან შეერთების პერიოდის შესწავლა.

მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. კაპიტნის წოდებით მსახურობდა 204-ე ქვეითი არდაგან-მიხაილოვის პოლკში. თავი გამოიჩინა და მძიმედ დაიჭრა 1914 წლის დეკემბერში გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლებში ვენჟიკი-ანტოსინის რაიონში (პოლონეთი), რისთვის დაჯილდოვდა წმ. გიორგის იარაღით (ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“), შემდეგ წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით (1915).

1918 წლიდან აბესაძე პოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში. მეთაურობდა სანაპირო ჯარის ნაწილს, რომელიც დარიალის ხეობას და საქართველოს სამხედრო გზას იცავდა. 1918 წლის მაის-ივნისში დუშეთის მაზრაში ამბოხების დროს ბოლშევიკებთან საბრძოლველად ჩამოაყალიბა ადგილობრივ მოხევეთა მოხალისეთა რაზმი. მალე აბესაძის საეტაპო ბატალიონის ჯარისკაცები ბოლშევიკების მხარეს გადავიდნენ, რის გამოც უმოქმედობის ბრალდებით 1918 წლის ნოემბერში თანამდებობიდან გადააყენეს და გარკვეული ხნით შინაპატიმრობაში მოათავსეს. შემდეგ განაგრძო სამსახური საქართველოს სამხედრო სამინისტროში. იყო ომში დაჭრილ-დასახიჩრებულთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1918-1920 წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „სახალხო გაზეთი“, „საქართველო“, „ჯარისკაცი“, „ჯარი და ერი“, „რესპუბლიკის ჯარი“, სადაც ქართული ჯარის შექმნისა და ჯარისკაცის გაწვრთნა-სწავლების შესახებ სპეციალურ სამხედრო წერილებს ათავსებდა. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აჭარის მთავარი ახმედ-ფაშა ხიმშიაშვილი (ავტორი). - თბილისი, იასონ კერესელიძის გამოც., 1914.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.52.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]