საქართველოს სამხედრო გზა
საქართველოს სამხედრო გზა — ისტორიული სახელწოდება გზისა (პროექტის ავტორი სოლომონ გელაშვილი [საჭიროებს წყაროს მითითებას]), რომელიც კავკასიონის მთავარ ქედზე გადადის ჯვრის უღელტეხილით (2395 მ) და ქ. თბილისს (საქართველო) ქ. ვლადიკავკაზთან (ჩრდილოეთი ოსეთი) აკავშირებს. სიგრძე 206 კმ. თბილისიდან გზა მიყვება მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, სოფელ მუხათგვერდთან ხიდით მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს გადადის, სოფელ წიწამურის შემდეგ გრძელდება მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს — მუხრანის ვაკეზე და დაბა ჟინვალთან შედის მდინარე მთიულეთის არაგვის ვიწრო ხეობაში. გაივლის დაბა ფასანაურს. სოფელ ზემო მლეთიდან იწყება ზემო მლეთის აღმართი, რომელიც ჯვრის უღელტეხილით მთავრდება. უღელტეხილიდან გზა ეშვება მდინარე ბიდარის ვიწრო ხეობაში, გადის სოფელ ალმასიანთან, სადაც თავს იყრის ბიდარის, თრუსოსა და უხათის ხეობები, შემდეგ მიყვება მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, გაივლის სოფლებს — კობს, სიონს, გარბანს და დაბა სტეფანწმინდა. სტეფანწმინდიდან გზა ხიდით გადაინაცვლებს მდინარე თერგის მარცხენა მხარეს. მდინარე ჩხერის შესართავთან იწყება დარიალის ხეობა. აქედან გზა გველეთის ხიდით კვლავ მდინარე თერგის მარჯვენა მხარეზე გადადის, გაივლის სოფლებს ზემო ლარსა და ჩიმს, შედის შედარებით ფართო ბალთის ხეობაში, რომელიც კლდოვან ქედს კვეთს. აქედან გზა ჯერ საძოვრებიან, შემდეგ ტყიან ქედს კვეთს და მთავრდება ქ. ვლადიკავკაზთან.
საქართველოს სამხედრო გზის მიდამოებში მდინარე არაგვის ქვემოთი დაბალი და საშუალმთიანია. სოფელ ზემო მლეთიდან იწყება მარალმთიანი რელიეფი, რომელშიც გამოხატულია მთა-ტყის, სუბალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტური ზონები. სოფელ ზემო ლარსიდან ისევ საშუალმთიანი რელიეფია ფართოფოთლოვანი ტყითა და მდელოებით. მდინარე ბიდარის ხეობაში არის ნარზანის ცნობილი მინერალური წყაროები. მინერალური წყლებით მდიდარია ასევე თრუსოს, უხათისა და სხვა ხეობები.
საქართველოს სამხედრო გზა გადის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სადაც მდებარეობს საკონტროლო-გამშვები პუნქტები: ზემო ლარსი და ყაზბეგი.
საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად წარმოადგენს ევროპის ავტომაგისტრალი E117-ის ერთ-ერთ მონაკვეთს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორიული ცნობა
ძვ. წ. VI საუკუნეში დარიალისა და არაგვის ხეობებზე გავლით ხდებოდა სკვითური ტომების მიგრაცია ამიერკავკასიაში. სტრაბონის (ძვ. წ. I საუკუნე — ახ. წ. I საუკუნე) მიხედვით, აქ გადიოდა ძალზე ვიწრო და ძნელი გზა, რომელიც მიუდგომელი კედლით თავდებოდა. გზისა და დარიალის კარის კონტროლი ძველთაგანვე დაინტერესებულნი იყვნენ წინა აზიის დიდი სახელმწიფოები. XII საუკუნის I ნახევარში ამ გზით გადმოასახლა დავით IV აღმაშენებელმა ყივჩაყთა 45 ათასი ოჯახი საქართველოში.
თემურლენგის ლაშქრობების (XIV—XV საუკუნეების მიჯნა) შემდეგ გზის მნიშვნელობა დაეცა და იგი ნაგზაურად იქცა. შედარებითი აქტიური მიმოსვლა იწყება XVIII საუკუნის II ნახევრიდან. ამავე პერიოდიდან გზისადმი ინტერესს იჩენს რუსეთის იმპერიის სამხედრო უწყება. რუსეთსა და ამიერკავკასიას შორის ურთიერთობა ძირითადად ამ გზით ხორციელდებოდა. რეგულარული მიმოსვლა ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის 1799 წელს დაიწყო, ზამთრის თვეებში ხშირი ზვავები მნიშვნელოვნად აფერხებდა აქ მოძრაობას. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ გზამ უფრო მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მოიპოვა; ამავე პერიოდში მიიღო სახელწოდება „საქართველოს სამხედრო გზა“ 1803 წელს იწყება ახალი გაფართოებული გზის მშენებლობა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მთის მოსახლეობას. იგი მთიულეთის აჯანყების (1804) დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. სხვადასხვა დროს იცვლებოდა გზის მიმართულება. ბოლო პროექტით (ავტორი სტატკოვსკი) 1855 დაიწყო ზემო მლეთის აღმართის ტრასის მშენებლობა, რომელიც 1861 წელს დამთავრდა. 1863 წელს გზის მთელ სიგრძეზე დაიწყო მოძრაობა. 1909 წლიდან კი რეგულარული მიმოსვლა დამყარდა თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის.
ახლა საქართველოს სამხედრო გზა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგისტრალია. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ჩატარდა მისი რეკონსტრუქცია (აიგო რკინაბეტონის ხიდები და სხვა რთული ტექნიკური ნაგებობანი) ყოველწლიურად დიდი სახსრები იხარჯება გზის შეკეთებაზე. კასპიისპირა და შავიზღვისპირა სარკინიგზო მაგისტრალიების გაყვანის შემდეგ გზის მნიშვნელობა ერთგვარად შემცირდა, თუმცა დიდი იყო მისი სტრატეგიული მნიშვნელობა I მსოფლიო ომისა (1914—1918) და დიდი სამამულო ომის (1941—1945) წლებში. ზამთრის თვეებში უღელტეხილზე გზა უმეტესად ჩაკეტილია.
1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სამხედრო გზაზე აღიმართა რამდენიმე მემორიალური ნაგებობა და გამოჩენილ მოღვაწეთა ძეგლები: სკულპტურული კომპოზიცია „თერგდალეულნი“ (მოქანდაკეები კ. ტაბატაძე, ჯ. თუშურაშვილი, არქიტექტორები გ. აბულაძე, დ. ახვლედიანი); სულხან-საბა ორბელიანის მემორიალი (მოქანდაკეები გ. ზაქარაია, გ. ჟღენტი არქიტექტორები ჯ. ურუშაძე, თ. გაბუნია); მაქსიმ გორკის (მოქანდაკე ზ. კრაწაშვილი, არქიტექტორი მ. ზაალიშვილი); ი. ჭავჭავაძის (მოქანდაკე ლ. მხეიძე, არქიტექტორი თ. ბოჭორიშვილი) და სხვა.
გზის ბუნების სილამაზეს უმღერა მრავალმა ქართველმა და უცხოელმა პოეტმა და მწერალმა (ი. ჭავჭავაძე, ა. ყაზბეგი, ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ვ. მაიაკოვსკო და სხვები). განვითარებულია ტურიზმი.
[რედაქტირება] საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ და მახლობლად განლაგებული ქართული არქიტექტურის მრავალი ღირშესანიშნავი ძეგლი
- ჯვრის მონასტერი - VI-VII სს-ების ძეგლი;
- სვეტიცხოველი
- მცხეთა - საქართველოს ძველი დედაქალაქი;
- ანანური - გვიანფეოდალური ეპოქის ანსამბლი;
- ჯვრის უღელტეხილი - საქართველოს სამხედრო გზის უმაღლესი წერტილი;
- სიონის ტევრი - მწვანე ოაზისი კავკასიონის თოვლიან მთებს შორის;
- შუა საუკუნეების სადარაჯო კოშკები;
- თამარის კოშკი - ძველი კოშკის ნანგრევები თერგის მეორე ნაპირზე;
- დარიალის სიმაგრე - 1804 წელს აშენებული ნაგებობა ხეობის დასაცავად;
- მყინვარწვერი - კავკასიონის მთიანეთის ერთ-ერთი უდიდესი მწვერვალი;
- სამთავროს მონასტერი
- ბებრისციხე
- ჟინვალის ნაქალაქარი
- ლომისა
- ცეცხლის ჯვარი
- სიონი
- გარბანი
- გერგეტის სამება
- სიონის ციხე
- დარიალის ციხე
- ზემო ავჭალის ჰიდროელექტრისადგური (1927)
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გვასალია ქ., საქართველოს სამხედრო დზის ისტორიისათვის, «მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1972, № 2;
- კვეზერელი-კოპაძე ნ., საქართველოს საგზაო მშენებლობა, თბ., 1978;
- კვერენჩხილაძე რ., გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 184, თბ., 1985 წელი.