ჯუნგარის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუნგარის ვაკე (წარწ. Dzungaria)

ჯუნგარის ვაკე, ჯუნღარის ღრმული, ჯუნგარი (მონ Зүүнгар — „მარცხენა ხელი“; ყალმ. Зүн Һар; ყაზ. Жоңғария; ყირგ. Жуңгарстан; ჩინ. 準噶爾; უიღ. Җуңғар ойманлиғи/جۇڭغار ئويمانلىغى) — ვაკე ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ფართობი დაახლოებით 777 ათ კმ², საშუალო სიმაღლე 600-800 მ; ჩრდილოეთით ესაზღვრება მონღოლეთის ალთაი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტიან-შანის მთები. ჯუნგარის ვაკე წარმოქმნილია ახალგაზრდა ტექტონების დაძირვისა და ნალექების აკუმულაციის შედეგად. აგებულია ძველი და ახალგაზრდა ფხვიერი ნალექებით. მდიდარია ნავთობით. ჯუნგარის ვაკის ზედაპირი გართულებულია დაბალი ჭიუხებითა და გორაკ-ბორცვებით.

მთებთან ახლოს მდებარე ტერიტორიები ქვიანია და მცენარეულობა არ ხარობს. გვხვდება ოაზისები. ცენტრალური ნაწილი უდაბნოებს უკავია, რომლებზეც ბარხანებისა და ქვიშის სერების მასივებია. ჰავა ზომიერი, კონტინენტურია, იანვრის საშუალო ტემპერატურა —20-25 °C, ივლისის 20-25 °C. დამახასიათებელია ტემპერატურის მკვეთრი დღეღამური რყევა. იცის ძლიერი ქარები. ნალექები 150-დან 800 მმ-მდეა წელიწადში. მდინარეები მთებიდან გამოსვლის შემდეგ ქვიშებში იკარგება. დიდი მდინარეებია მანასი, ურუნგუ; ჩრდილოეთ ნაწილში — მდინარე ირტიშის ზემოთი. დასავლეთ ნაწილიში რამდენიმე დიდი ტბაა: ები-ნური, მანასი, ულიუნგური. ჯუნგარის ვაკის მცენარეულობა უდაბნოს ტიპისაა. დასავლეთ ნაწილში მშრალი სტეპი და ნახევარუდაბნოებია. მისდევენ საძოვრულ მეცხოველეობას, ოაზისებში — სარწყავ მიწათმოქმედებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]