ები-ნური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ები-ნური
ები-ნურის სატელიტური ფოტოსურათი
ები-ნურის სატელიტური ფოტოსურათი
კოორდინატები: 44°53′ ჩ. გ. 83°00′ ა. გ. / 44.883° ჩ. გ. 83.000° ა. გ. / 44.883; 83.000
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული სინძიანი
სიმაღლე ზღვის დონიდან 189 
ფართობი 1070 კმ²
საშუალო სიღრმე 1,4 
მაქსიმალური სიღრმე 2,8 
აუზის ფართობი 50621 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ჯერგალანი
ძინხე
ბორო-ტალა
ყარასუ
ები-ნური — ჩინეთი
ები-ნური
Commons-logo.svg მედიაფაილები ვიკისაწყობში

ები-ნური (ჩინ. 艾比湖; მონღ. Ev nuur) — რიფტული, გაუდინარი მლაშე-მწარე ტბა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სინძიანში, ყაზახეთის საზღვრის სიახლოვეს. გაწოლილია ჯუნგარის ვაკის დასავლეთ ნაწილში, ჯუნგარის ჭიშკრის სამხრეთი შესასვლელის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 189 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 1070 კმ², საშუალო სიღრმე 1,4 მ, მაქსიმალური სიღრმე 2,8 მ. წყლის მოცულობა უტოლდება 760 მილიონ კუბურ მეტრს.

ები-ნური წარმოადგენს ჯუნგარის ვაკის უდიდეს ტბასა და მისი აუზის ცენტრს. სარკის ფართობი და წყლის დონე ძლიერ მერყეობს, რაც დამოკიდებულია ტბის მასაზრდოებელ მდინარეთა წყლიანობაზე. წყალმცირე წლებში 0,5 მ სიმაღლის ქვიშიანი ისარა ტბას ორ წყალსატევად ყოფს. ნაპირები უმეტესად დაბალია, გარშემორტყმულია მლაშობებითა და ქვიშებით.[2]

მდინარეებს ჯერგალანს, ძინხეს, ყარასუსა და ბორო-ტალას ტბაში წლიურად 1,7 კმ³-მდე წყალი შეაქვთ. ზამთარში იყინება, თუმცა ჯუნგარის ჭიშკრიდან წამოსული ძლიერი ქარების გამო ძგიფი არამდგრადია. სამხრეთ ნაპირებთან ჩამოყალიბებულია ქვიშის დიუნები. სანაპირო კლდოვან სერებზე 50 მ-მდე სიმაღლის ძველი ტერასებია.[2]

ამჟამად, რეგიონში ატმოსფერული ნალექების რაოდენობის მომატების გამო ები-ნური ზრდის სტადიაშია.[3] 2007 წლის აგვისტოში ტბის ჭარბტენიან ტერიტორიებს მიენიჭა ეროვნული ბუნებრივი რეზერვის სტატუსი.[4] მდინარეთა შესართავებში ხარობს ლელი. ვინაიდან ტბის წყალი მლაშე-მწარეა მასში თევზი არ ბინადრობს.[2]

ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ლანჯოუ-სინძიანის რკინიგზის სადგური — ალაშანკოუ. ტბის სამხრეთ კიდეზე გადის ავტოტრასა ხორგოსის სასაზღვრო საგუშაგოდან ურუმჩიმდე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]