ხუან ესპანელი
ხუან ესპანელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 ივნისი, 1913 სეგოვია, ესპანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
1 აპრილი, 1993, (79 წლის) პამპლონა, ესპანეთი |
ეროვნება | ესპანელები |
წოდება | ბარსელონას გრაფი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელი |
შვილ(ებ)ი |
პილარი, ბადახოსის ჰერცოგინია ხუან კარლოს I, ესპანეთის მეფე მარგარიტა, სორიას ჰერცოგინია ალფონსო |
მშობლები |
მამა: ალფონსო XIII, ესპანეთის მეფე დედა: ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი |
ხუან ესპანელი (ესპ. Juan de España; დ. 20 ივნისი, 1913 — გ. 1 აპრილი, 1993) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის უმცროსი ვაჟი. ბარსელონას გრაფი. ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის მამა და ესპანეთის ამჟამინდელი მეფის, ფილიპე VI-ის პაპა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხუანი დაიბადა 1913 წლის 20 ივნისს სეგოვიაში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის უმცროსი ვაჟი. 1931 წელს რევოლუციონერებმა დაამხეს მამამისის მმართველობა და ჩამოაყალიბეს ესპანეთის მეორე რესპუბლიკა, რომლის სათავეშიც ფრანსისკო ფრანკო მოვიდა, რომელმაც ქვეყნიდან გააძევა სამეფო ოჯახი. მას შემდეგ, რაც 1938 წელს მისი უფროსი ძმა ალფონსო ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ხოლო მეორე ძმამ, პრინცმა ხაიმემ საფრანგეთის ტახტის სანაცვლოდ უარი თქვა ესპანეთის ტახტზე, ხუანი ესპანეთის ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა. აქედან გამომდინარე, მან მიიღო ასტურიის პრინცის წოდება. იგი ასევე დიდად იყო დაინტერესებული ზღვაოსნობით. ცნობილია, რომ იგი ბრიტანეთის მხარეს იბრძოდა ბომბეიში.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი თავის მომავალ საცოლეს იტალიის მეფე ვიტორიო ამადეო III-ის სამეფო კარზე შეხვდა, თავისი უფროსი დის, ბეატრის ესპანელის დაბადების დღის წვეულებაზე. შეხვედრიდან მალევე, 1935 წლის 12 ოქტომბერს, რომში იგი დაქორწინდა სილამაზით სახელგანთქმულ მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელზე. იგი ხუანს შორეულ ბიძაშვილად ერგებოდა.
ბედნიერ წყვილს, მრავალწლიანი ქორწინებიდან სულ ოთხი შვილი შეეძინათ, აქედან ორი გოგონა და ორი ვაჟი. ცნობილია, რომ როდესაც მათი პირველი ვაჟი, ხუან კარლოსი იბადებოდა, ხუანი ამ დროს სანადიროდ იყო, რადგანაც მან იცოდა, რომ კიდევ რამდენიმე კვირა მშობიარობა მოსალოდნელი არ იყო.
თავდაპირველად ხუანი და მარია დე ლას მერსედესი ჯერ კანში, შემდეგ კი რომში დასახლდნენ, 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად კი ისინი შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში გადასახლდნენ, ომის დასრულების შემდეგ კი ისინი პორტუგალიაში დაბინავდნენ.
ბრძოლა ტახტისათვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვინაიდან მისი ერთი უფროსი ძმა უშვილოდ მოკვდა, მეორემ კი უარი თქვა ტახტზე, მამის გარდაცვალების შემდეგ ესპანეთის ტახტის პირველი მემკვიდრე ხუანი გახდა, რომელმაც თავისი უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო და დასაწყისისათვის ბარსელონას გრაფობაც მიიღო.
თავიდან, ჯერ კიდევ 1939 წელს იგი მამასთან ერთად შევიდა ესპანეთში და ხალხი ააჯანყა, თუმცა საფრანგეთის საზღვართან, გენერალმა მოლამ ისინი დააკავა და ქვეყნიდან კიდევ ერთხელ გააძევა.
1947 წელს ფრანსისკო ფრანკომ გამოაცხადა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ესპანეთი კვლავ მონარქია გახდებოდა, რაც ცხადია სამომავლოდ ხუანის გამეფებას ნიშნავდა. მაგრამ, ფრანკო შიშობდა, რომ ხუანი თავისი ლიბერალური შეხედულებების გამო ესპანეთს უკან დააბრუნებდა, ამრიგად, 1969 წელს ფრანკომ განაცხადა, რომ ესპანეთში მეფობა მხოლოდ ხუანის ვაჟის, ხუან კარლოსის გვირგვინ ქვეშ აღსდგებოდა. ამრიგად, თავად ხუანმა უარი თქვა მეფობაზე თავისი ვაჟის სასარგებლოდ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამის შემდეგ ფრანკომ ისინი ესპანეთში დააბრუნა და მასა და ხუანს კარგი ურთიერთობაც კი ჩამოუყალიბდათ. მათი ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა, როდესაც ხუანმა ფრანკოს საჯაროდ უწოდა "არალეგიტიმური ჩინოვნიკი".
1975 წელს ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ, ესპანეთის მეფე ხუანის ვაჟი ხუან კარლოს I ხდება, თავად ხუანი კი გარდაცვალებამდე ბარსელონას გრაფად დარჩა. იგი გარდაიცვალა 1993 წლის 1 აპრილს, დაკრძალეს მადრიდში, ესკორიალის სამეფო აკლდამაში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პილარი (1936-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა ბადახოსის ჰერცოგ ლუის გომეს-ასებოს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
- ხუან კარლოს I (1938-ცოცხალია), ესპანეთის მეფე, ცოლად შეირთო სოფია ბერძენი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, მათ შორის ესპანეთის დღევანდელი მეფე ფილიპე VI;
- მარგარიტა (1939-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა სორიას ჰერცოგ კარლოს სურიტა ი დელგადოს, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
- ალფონსო (1941-1956), ესპანეთის ინფანტი, გარდაიცვალა ახალგაზრდა და დასაოჯახებელი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- García-Mechano y Osset, Eduardo (2010). Introducción a la heráldica y manual de heráldica militar española. Madrid: Ministerio de Defensa. ISBN 978-84-9781-559-8. PP.105-107
- "Coat of arms of Juan de Bourbon after his renounce at the emblem of the Frigate "Juan de Borbón"". Navy official coats of arms. Spanish Navy.