მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელი
Condesa de Barcelona 1953.jpg
დაბ. თარიღი 23 დეკემბერი, 1910
მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი 2 იანვარი, 2000, (89 წლის)
კანარის კუნძულები, ესპანეთი
ეროვნება იტალიელები
წოდება ბარსელონას გრაფინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ხუანი, ბარსელონას გრაფი
(ქ. 1935 - გარდ. 1993)
შვილ(ებ)ი პილარი, ბადახოსის ჰერცოგინია
ხუან კარლოს I, ესპანეთის მეფე
მარგარიტა, სორიას ჰერცოგინია
ალფონსო
მშობლები მამა: კარლო დე ბურბონ-სიცილიელი
დედა: ლუიზ ორლეანელი

მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელი (ესპ. María de las Mercedes de Borbón-Dos Sicilias; დ. 23 დეკემბერი, 1910 — გ. 2 იანვარი, 2000) — ბურბონთა დინასტიის სიცილიური შტოს წარმომადგენელი. ბარსელონას გრაფინია როგორც ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის უმცროსი ვაჟის, ხუან ესპანელის მეუღლე. ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის დედა და ესპანეთის დღევანდელი მეფის, ფილიპე VI-ის ბებია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია დაიბადა 1910 წლის 23 დეკემბერს მადრიდში. იგი იყო ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ის შვილიშვილის, პრინცი კარლო დე ბურბონ-სიცილიელისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპე I-ის შვილიშვილ ლუიზ ორლეანელის ქალიშვილი. მიუხედავად ამისა, დაბადებისთანავე, იგი ესპანეთის ინფანტას რანკში აიყვანეს. ესპანეთის მეორე რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ, მისმა ოჯახმა დატოვა მადრიდში და სევილიაში გადასახლდა. საბოლოოდ ფრანსისკო ფრანკომ მათი ოჯახი ესპანეთიდან გააძევა, რის გამოც ისინი ჯერ კანში, შემდეგ კი პარიზში დასახლდნენ, სადაც მათ ლუვრის სასახლე დაუთმეს, სადაც მიიღო მარიამ განათლება.

1935 წლის 14 იანვარს მარია დე ლას მერსედესი რომში დაესწრო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის ასულ ბეატრის ესპანელის ქორწილს. აქ მარიამ გაიცნო ბეატრისის ძმა, ესპანეთის ინფანტი და საკუთარი მომავალი ქმარი ხუანი, მეფე ალფონსო XIII-ის მეოთხე ვაჟი. ხუანი და მარია სულ მალე, 1935 წლის 12 ოქტომბერს დაქორწინდნენ რომში. 1941 წლის 8 მარტს მისმა ქმარმა ბარსელონას გრაფის წოდება მიიღო, რის შემდეგაც მარია დე ლას მერსედესიც ბარსელონას გრაფინიად გვევლინება. ხუანსა და მარიას, მრავალწლიანი ქორწინებიდან სულ ოთხი შვილი შეეძინათ:

  1. პილარი (1936-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა ბადახოსის ჰერცოგ ლუის გომეს-ასებოს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
  2. ხუან კარლოს I (1938-ცოცხალია), ესპანეთის მეფე, ცოლად შეირთო სოფია ბერძენი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, მათ შორის ესპანეთის დღევანდელი მეფე ფილიპე VI;
  3. მარგარიტა (1939-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა სორიას ჰერცოგ კარლოს სურიტა ი დელგადოს, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  4. ალფონსო (1941-1956), ესპანეთის ინფანტი, გარდაიცვალა ახალგაზრდა და დასაოჯახებელი.

ხუანი და მარია ჯერ რომში, შემდეგ კი კანში ცხოვრობდნენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად, ისინი შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში დასახლდნენ ხუანის დედის, დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის რეზიდენციაში. ომის დასრულებასთან ერთად წყვილმა დატოვა შვეიცარია და პორტუგალიაში გადასახლდა.

1953 წელს ესპანეთის სამეფო ოჯახი და მათ შორის ბარსელონას გრაფინიაც დაესწრო ელისაბედ II-ის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლად კურთხევის ცერემონიალს.

1975 წელს ესპანეთში მონარქია აღსდგა და ტახტზე მარიას ვაჟი ხუან კარლოს I ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მარიას ქმარი ცოცხალი იყო, მან უარი თქვა ტახტზე თავისი ვაჟის სასარგებლოდ. მარია და ხუანი ესპანეთში მხოლოდ 1976 წელს დაბრუნდნენ.

1982 წელს სასახლეში დაცემის შედეგად მარიამ მენჯის ძვალი, ხოლო 1985 წელს ბარძაყის ძვალი მოიტეხა, რის გამოც იგი იძულებული გახდა ინვალიდის ეტლით გადაადგილებულიყო. 1993 წელს მარია დე ლას მერსედესი დაქვრივდა.

1995 წელს მისი ორგანიზებით შედგა მისი შვილიშვილის, ინფანტა ელენას ქორწინება, ქალაქ სევილიაში. ამ ქალაქში ქორწილი მარიას მკაცრი მოთხოვნის გამო შედგა, რადგანაც სევილია მას თავისი ახალგაზრდობის ბედნიერ წლებს ახსენებდა.

მარია დე ლას მერსედესი გარდაიცვალა 2000 წლის 2 იანვარს, 89 წლის ასაკში, გულის შეტევით, საკუთარ რეზიდენციაში კანარის კუნძულებზე. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ქალაქ მადრიდის ესკორიალის სამეფო აკლდამაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Marlene A. Eilers: Queen Victoria's Descendants. Genealogical Publishing Co., Baltimore MD 1987, ISBN 0-8063-1202-5.
  • Jiří Louda, Michael MacLagan: Lines of Succession. Heraldry of the Royal Families of Europe. Little, Brown and Company, London 1999, ISBN 0-316-84820-4.
  • Arnold McNaughton: The Book of Kings. A Royal Genealogy. 3 Bände. Garnstone Press, London 1973, ISBN 0-900391-19-7.
  • José M. Zavala: Dos infantes y un destino. Plaza & Janés, Barcelona 1998, ISBN 84-01-55006-8.