შინაარსზე გადასვლა

წყლის კაკალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყლის კაკალი
Trapa bicornis
წყლის კაკლის მოხარშული ნაყოფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  მაგნოლიასებრნი
რიგი:  მირტისნაირნი
ოჯახი:  წყლისკაკლისებრნი
გვარი:  წყლის კაკალი
ლათინური სახელი
Trapa
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 164153

წყლის კაკალი (ლათ. Trapa) — მცენარეთა გვარი წყლისკაკალისებრთა ოჯახისა. წყალში მზარდი ერთწლოვანი ბალახებია. მათი შოლტივით მოქნილი ღერო ფსკერზე მიმაგრებულია ღუზისებრი ნაყოფითა და წვრილი ფესვებით. მოიცავს 30-მდე სახეობას, გავრცელებულია აფრიკის ზომიერი და ტროპიკული ზონების დამდგარსა და მდორე მტკნარ წყლებში. საქართველოში იზრდება ორი სახეობა მხოლოდ კოლხეთის დაბლობზე. ნაყოფი იჭმება ნედლიც და მოხარშულიც. გემოთი მოხარშულ წაბლს ჰგავს. გამომშრალი ნაყოფის გულისგან შეიძლება დამზადდეს ბურღული, მისი ფქვილისა და ხორბლის ფქვილის ნარევით საკმაოდ კარგი პური ცხვება.

ბიოლოგიური თვისებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყლის კაკლის წყალში ჩაძირული ღერო აღწევს 3,6-დან 4,5 მეტრამდე სიგრძეს. იგი შლამზე, როგორც ღუზით, ისეა დამაგრებული ძალიან წვრილი ფესვებით. გააჩნია ორი ტიპის ფოთლები, კარგად დანაკვთული ბუმბულისმაგვარი წყალში ჩაძირული ფოთლები, რომლებიც ღეროს მთელ სიგრძეზე გამოდის და წყლის ზედაპირზე მოტივტივე როზეტად შეკრული დაუნაკვთავი ფოთლები. მოტივტივე ფოთლებს გააჩნიათ ხერხივით დაკბილული კიდეები და ფორმით ოვოიდური ან სამკუთხაა, 2-3 სმ სიგრძისა, ზის 5-9 სმ სიგრძის გაბერილ საფოთლე ყუნწებზე, რომლებიც ტივტივას როლს ასრულებს მათთვის. ოთხი გვირგვინის ფურცლის მქონე თეთრი ყვავილები ადრე ზაფხულში გამოდის და მწერებით იმტვერება. ნაყოფი კაკალია, ოთხი ერთსანტიმეტრიანი წვეტით. ჩანასახს შეუძლია 12 წლამდე დროის განმავლობაში შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა, თუმცა კაკლების უმეტესობისგან მცენარე პირველი ორი წლის განმავლობაში ვითარდება.

მცენარე მრავლდება ღეროდან გამოყოფილი როზეტებით (ვეგეტაციურად) და კაკლებით (სქესობრივად), რომლებსაც წყლის ნაკადები გადაიტანს, ანდა მოძრავ საგნებზე ან ცხოველებზე მიმაგრებული კაკლების საშუალებით.

T. bicornis შეიცავს ბიკორნინს, რომელიც მიეკუთვნება ელაგიტანინების ჯგუფს.

ქართულ ენაზე მცენარის სახელწოდება "წყლის კაკალი" თავისთავად ცხადია. გვარის ლათინური სახელი "Trapa" ნიშნავს "ნარს" (ნაყოფი მართლაც ეკლიანი ან წვეტებიანია). საინტერესოა იაპონური სახელწოდება "ჰიში", რაც ნიშნავს აგრეთვე ალმასს. ამავე ძირიდან მოდის ფირმის სახელწოდება "მიცუბიში", რაც ნიშნავს "სამ ალმასს". მართლაც, ფირმის ემბლემაზე გამოსახულია სამი წითელი ალმასი.

გვარის ნამარხი ფორმები მრავლადაა ნაპოვნი. აბსოლუტურად ეჭვმიუტანელი ნამარხი წყლის კაკლის ნაყოფები ნანახია მთელს ევროპაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, კაინოზოურ ფენებში, დაწყებული ეოცენიდან. ყველაზე ძველი ნამარხი ნაშთები მიეკუთვნება ალასკის ცარცის პერიოდს, ეს არის ფოთლები, რომლებიც ეკუთვნის სახეობას T. borealis.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]