ქვემო ხოდაშნის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვემო ხოდაშენი. ღვთისმშობლის ეკლესია

ქვემო ხოდაშენის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა სოფელ ზემო ხოდაშნის ზემოთა ნაწილში. თარიღდება XVIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (12,8 მ X 6,98 მ), რომელსაც დასავლეთიდან მოგვიანებით აგებული (როგორც ჩანს XIX საუკუნეში), სამსართულიანი სამრეკლო ეკვრის. სამრეკლოს მშენებლობის დროს, ეკლესია შეუკეთებიათ: მთელ სიგრძეზე აღუდგენიათ გრძივი კედლების ზემოთა ნაწილები, გაუფართოებიათ ამ კედლებში არსებული სარკმლების გარე ღიობები, რომლებშიც ხის, შემინული ალათები ჩაუსვამთ. გადაუკეთებიათ დასავლეთით მდებარე სარკმელიც და მასში სამრეკლოს მეორე სართულზე ასასვლელი კიბე მოუწყვიათ. როგორც ჩანს, ამავე დროსაა ამოშენებული ეკლესიის ჩრდილოეთით არსებული შესასვლელი.

ეკლესია ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები. კონსტრუქციის ნაწილები და კარ-სარკმლების ღიობები გამოყვანილია კვადრატული აგურით.

შენობას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. შესასვლელი შიგნიდან და გარედან ხის ძელებით თარაზულადაა გადახურული. ჩრდილოეთ შესასვლელიც გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი შეისრული თაღითაა გადახურული. მისი არე კარის გადამხურავი ძელებითაა განცალკევებული.

აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში მაღალი, შეისრულთაღიანი სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სამ-სამი სარკმელი გრძივ კედლებშიცაა (ჩრდილოეთით მდებარე სარკმლებიდან შუა, მოგვიანებით ამოუშენებიათ. იგი მხოლოდ გარედან მოჩანს), ერთიც — დასავლეთით, აფსიდის გვერდებში, სიმეტრიულად, გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღიანი, თითო ნიშაა მოწყობილი. საკურთხევლის ბაქანი, რომელიც აფსიდის მხრების ხაზიდან დაახლოებით ერთი მეტრით წინ არის წამოწეული, დარბაზის იატაკის მიმართ, საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხეველი გადახურულია შეისრულთაღიანი, წესიერი ფორმის კონქით.

დარბაზის გრძივ კედლებზე გამოყოფილია ორი, წყვილი პილასტრი, რომლებიც შესაბამის კედლებს კედლებს სამ-სამ, თანაბარ ნაწილად ჰყოფს. პილასტრები დასრულებულია მთლიანი ქვის თაროსებრი კაპიტელებით, რომლებზეც შეისრული კამარის შეისრულივე საბჯენი დაღებია დაყრდნობილი. თითო პილასტრი დასავლეთ კუთხეებშიცაა. მათზე გადაყვანილი თაღი კედელთანაა შერწყმული. სამრეკლოს მშენებლობის დროს, დარბაზის დასავლეთ ნაწილში, ხის პატრონიკი აუგიათ. ამჟამად იგი დაშლილია და მისგან მხოლოდ ორი, საყრდენი ძელია შემორჩენილი. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. კედლების ქვემოთა ნაწილს ლურჯი სარებავის პანელი გასდევს.

ეკლესიის ფასადები დასრულებული ყოფილა ლეკალური აგურით ნაწყობი, მაღალი ლავგარდნით (სიმაღლე 40-42 სანტიმეტრი), რომლის პროფილს თარო, წრეთარგი და ლილვი შეადგენს. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებზე, აგურის წყობის შეღმავებით, თითო, მაღალი, წითლად შეღებილი ჯვარია გამოსახული.

სამრეკლო მთლიანად აგურისაა. მისი პირველი სართული გეგმით კვადრატულია (4,5მ X 4,5მ), ოთხივე მხარეს ფართო თაღებით გახსნილი, თაღები კუთხეებში არსებულ სწორკუთხა ბურჯებს ეყრდნობა, რომლებსაც აგურის, ორსაფეხურიანი იმპოსტები ასრულებს. სართული გადახულურია გაბრტყელებული ფორმის კამარით, რომელის საფუძველი კუთხეებში გამოყვანილი, ოთხი, აფრისებრი კონსტრუქციით იქმნება. მეორესართული პირველის მსგავსია, ოღონდ იგი ოდნავ ვიწრო და შემაღლებულია. სართული გადახურულია ჯვაროვანი კამარით, რომლის წვეროში, მესამე სართულზე ასასვლელად, კვადრატული ხვრელია მოწყობილი. მესამე სართული ცილინდრულია, გახსნილია ცხრა ფართო, თაღოვანი ღიობით. ღიობები გარედან მოჩარჩოებულია ლეკალური აგურით ნაწყობი, თითო ლილვით, რომლების სართულის წრიული საფუძვლის დამასრულებელ, ლილვისებრ საბრტყელზე დგას. თაღებს ზემოთ, კედელს, გეომეტრიული ფიგურებისაგან (აგურის შეღრმავებული წყობით გამოყვანილი რომბებისა და მოგრძო, სწორკუთხედების მონაცვლეობა) შედგენილი ზოლი გასდევს. ეკლესია აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების ფრონტონებზე გამოსახული ჯვრების მსგავსი ჯვრები სამრეკლოს ფასადებზეცაა გამოყვანილი. მათგან ორი — პირველი სართულის დასავლეთ კედელზეა, თაღის გვერდებზე. ორ-ორი — მეორე სართულის დასავლეთ და სამხრეთ ფასადებზე, ხოლო თითო-თითო — პირველი და მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელზე.

სამრეკლოს ფანჩატურის საფუძველი, ზოგიერთი ნაწილი და თაღბს ზემოთ მოქცეული დეკორატიული ფრიზის შემადგენელი ელემენტები ლურჯადაა შეფერილი. ფანჩატური დასრულებულია მარტივპროფილიანი ლავგარდნით. ეკლესია ღარისებრი კრამიტითაა გადახურული, ხოლო სამრეკლო — თუნუქის, კონუსისებრი სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]