ქაიხოსრო აბაშიძე (იმერეთი)
ქაიხოსრო ლევანის ძე აბაშიძე (გ. 1805) — სოლომონ I-ის ბიძა, ლევან აბაშიძის შვილი. იმერეთის სამეფოს გავლენიანი თავადი, სოომონ I-ის მოწინააღმდეგე ხრესილის ბრძოლაში. სოლომონ I-მა შეიწყნარა და ერთხანს იმერეთში ცხოვრობდა. 1768 წელს ოსმალეთში გაიქცა. 1784 წელს, როცა იმერეთში ტახტის პრეტენდეტთა შორის ბრძოლა ატყდა, თურქეთის მთავრობა შეეცადა იმერეთში ქაიხოსრო გაემეფებინა. ოქტომბერში ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარით იმერეთისაკენ დაიძრა. ამ დროს იმერეთის ტახტზე დავით II იჯდა.
1784 წლის 30 ოქტომბერს ქაიხოსრო აბაშიძე ოსმალეთის 6 000-იანი ჯარით გურიის სამთავროში შეიჭრა, დალაშქრა ოზურგეთი და გადაწვა 7 სოფელი, თუმცა მოსახლეობა გახიზნული დახვდა და ტყვეები ვერ ჩაიგდო ხელში. დავით II 4 000-იანი ჯარით სასწრაფო დაიძრა გურიელის დასახმარებლად და საჯავახოში დადგა, აქედან მან დახმარება სთხოვა კავკასიის ხაზის სარდალს პოტიომკინს, მაგრამ უარი მიიღო. მეფემ ყალბი ხმები გაავრცელა, რომ მის დასახმარებლად რუსეთის ჯარის ნაწილები მოდიოდა. ოსმალები დაფრთხნენ და მთელი საბრძოლო აღჭურვილობა გურიაში დატოვეს. ქაიხოსრო აბაშიძე სტამბოლში გაიქცა
ქაიხოსროს 1790 წელს კვლავ ახალციხეში ჩავიდა, იმერეთის ყოფილ მეფეს დავით II-ს დაუახლოვდა და ახლა უკვე მისი გამეფებისათვის იბრძოდა. XIX საუკუნის დამდეგს ქაიხოსრო ციციანოვის მხედრობაში ჩანს. დაიღუპა ერევანთან ბრძოლაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ო. სოსელია, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 25.
- შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784-1789 წწ., «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1960, ტ. 2;
- შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფოს საშინაო პოლიტიკა 1789-1802 წწ., «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1962, ტ. 4;
- ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. I, თბ., 1973